ბავშვებში კრუნჩხვა უხშირესად გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში, იხსნება თავისით , ყოველგვარი ჩარევის გარეშე და ძალზე იშვიათად არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს რისი გაკეთებაა საჭირო ამ დროს.
- პირველ რიგში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.
- სთხოვეთ ოჯახის სხვა წევრებს გამოიძახონ სასწრაფო დახმარება.
- მოათავსეთ ბავშვი ისე, რომ კრუნჩხვის დროს არ დაზიანდეს ახლომდებარე საგნებთან შეჯახებით.
- დაწვინეთ ბავშვი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ასეთ პოზიციაში მას არ გადასცდება ნერწყვი ან ნაღებინები მასები.
- გაათავისუფლეთ სხეული მოჭერილი ტანსაცმლისგან.
- ნუ შებოჭავთ ბავშვს კრუნჩხვის დროს, ამით კრუნჩხვას ვერ შეაჩერებთ და შეიძლება ხელი შეუწყოთ მეტი დაზიანების განვითარებას.
- ნუ ეცდებით გაუხსნათ პირი ძალის გამოყენებით, ან გამოუწიოთ ენა, ვინაიდან ის „არ იყლაპება“. ასეთი ქმედებით თქვენ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ ბავშვს.
- არ დაალევინოთ სითხე ან მედიკამენტი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ბავშვი ბოლომდე გამოფხიზლებულია.
- კრუნჩხვის დასრულების შემდეგ კუნთები დუნდება, ამიტომ მნიშვენელოვანია, რომ ბავშვი სრულ გამოფხიზლებამდე იწვეს გვერდზე. ასეთ პოზიციაში თავიდან იქნება აცილებული ნერწყვის ან ნაღებინები მასების გადაცდენა. გარდა ამისა სუნთქვა მაქსიმალურად გაადვილებულია.
- დარჩით ბავშვის გვერდით სრულ გამოფხიზლებამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
- ეცადეთ ჩაინიშნოთ კრუნჩხვის ხანგრძლივობა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ექიმისთვის.