მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 40.000-50.000 ადამიანი კვდება. გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა (84%) დაფიქსირებულია სოფლად. მსოფლიოში ცოფთან დაკავშირებულმა წლიურმა ხარჯმა შეადგინა 6 მილიარდი აშშ დოლარი, საიდანაც 2 მილიარდი აშშ დოლარი მოდის სიკვდილით გამოწვეულ ზარალზე, ხოლო 1,6 მილიარდი აშშ დოლარი - ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკურ ვაქცინაციაზე. ცოფი ყველაზე მეტად აზარალებს სოფლად მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს. საქართველოში ბოლო პერიოდში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შედეგად ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართავს 50.000-დან 52.000-მდე დაზარალებული. მათგან 97% იღებს ანტირაბიულ მომსახურებას, მათ შორის საშუალოდ 78%-ს ანტირაბიული ვაქცინაციის პირობითი კურსი (მოკლე კურსი) უტარდება, 22%-ს─ანტირაბიული ვაქცინაციის სრული კურსი; კომბინირებული ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდება სულ დაზარალებულთა 14%-ს. მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად ადამიანის ცოფით დაავადების ერთეული შემთხვევები მაინც ფიქსირდება-ყოველწლიურად 3-4 შემთხვევა. ცოფით დაავადება გვხვდება იმ პირებში, რომელთაც ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ანტირაბიული კაბინეტისთვის არ მიუმართავთ ან მიმართეს მოგვიანებით.
ცოფის ვირუსი ორგანიზმში აღწევს დაზიანებულ კანზე ან დაუზიანებელ ლორწოვანზე პირდაპირი კონტაქტით. ვირუსი ვერ აღწევს დაუზიანებელ კანში. ცხოველის მიერ კბენის შემდეგ ცოფის ვირუსის გამრავლება ხდება კუნთში, შემდეგ ვირუსი შეიჭრება პერიფერიული ნერვში, იქიდან კი აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ვირუსის შეჭრის ადგილიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მანძილის მიხედვით მერყეობს 5 დღიდან რამდენიმე წლამდე (ძირითადად 2–3 თვე, იშვიათად 1 წელზე მეტი). ადამიანებში ცოფით დაავადების პირველ სპეციფიურ კლინიკურ სიმპტომს წარმოადგენს ტკივილი ნაკბენის ადგილზე. ადამიანის ცოფს ახასიათებს აღგზნებითი ან პარეზული ფორმებით მიმდინარეობა. ცოფის კლინიკური სიმპტომების გამოვლენიდან სიკვდილი ვითარდება 2 კვირის განმავლობაში.
ცოფი მწვავე, ვირუსებით გამოწვეული პროგრესული ენცეფალომიელიტია. კლინიკურად ენცეფალიტის (თავის ტვინის ანთების) დიაგნოსტირება ზოგჯერ რთულია, ამიტომ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ცოფის ყველა საეჭვო და სავარაუდო კლინიკური შემთხვევა ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს. ცოფს ინფექციურ დაავადებათა შორის სწრაფი გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
ცოფით დაავადებული ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი სიმპტომია წყლის შიში (ჰიდროფობია) საყლაპავი კუნთების თანმხლები სპაზმებით: საკმარისია წყლის ან საჭმლის დანახვაც, რომ ეს შეუძლებელს ხდის დაავადებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიღებასაც კი. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია აეროფობიის სიმპტომი - ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი კუნთების რეფლექსური სპაზმი. სახასიათოა ასევე გაძლიერებული ნერწყვის და ცრემლის გამოყოფა, ზოგიერთ პაციენტს გამუდმებით სდის ნერწყვი პირიდან თხელ ნაკადად.
დაავადებიდან მე–2 მე–3 დღეს მეტყველება გაუგებარი ხდება, ჰალუცინაციების შედეგად ავადმყოფი ადგილს ვერ პოულობს, აგრესიულია და ცდილობს სადღაც გაიქცეს.
ამის შემდეგ იწყება დამბლის სტადია. ის გრძელდება რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე. ვითარდება თვალის კუნთების და ქვედა კიდურების დამბლა. სუნთქვის დამძიმება: ნაწილობრივი ან სრული მოშლა, რაც თავისთავად უკვე იწვევს პაციენტის სიკვდილს. სიკვდილი როგორც წესი დგება გულის დამბლით.
ცხოველის კბენის შემდგომი პროფილაქტიკის ძირითადი პრინციპებია: კბენის შემდეგ ჭრილობა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლის უხვი რაოდენობით 15 წუთის განმავლობაში, შემდგომ დამუშავდეს 700 სპირტით, იოდის შემცველი ან მსგავსი საშუალებებით; პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, არ შეიძლება მისი დაყოვნება ან გადადება. ანტირაბიული ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში, იმუნოგლობულინით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დროულად; პროფილაქტიკურ იმუნიზაციას უკუჩვენება არ გააჩნია; ორსულობა და ახალშობილობის ასაკი არ წარმოადგენს კბენის შემდგომი პროფილაქტიკის უკუჩვენებას; როდესაც ცოფზე საეჭვო ცხოველის გამოკვლევა და მასზე დაკვირვება შეუძლებელია, ანტირაბიული პროფილაქტიკური ვაქცინაცია იწყება და სრულდება ვაქცინაციის სრული სქემით; ანტირაბიული პროფილაქტიკური ვაქცინაციის კურსი შეიძლება შეწყდეს, როდესაც ცხოველი იმყოფება დაკვირვების ქვეშ და კბენიდან 10 დღის მანძილზე რჩება ჯანმრთელ მდგომარეობაში, ან როდესაც ცხოველის მოკვლის შემდეგ ლაბორატორიული კვლევით დადასტურდება, რომ ცხოველი არ არის ცოფის ვირუსით ინფიცირებული; თუ სათანადოდ ვაქცინირებულ შინაურ ცხოველზე (ძაღლი, კატა) დაკვირვება შესაძლებელია 10 დღის განმავლობაში და ცხოველი ექსპოზიციიდან 10 დღის განმავლობაში რჩება ჯანმრთელ მდგომარეობაში, ამავდროულად პირს უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი, ვაქცინაცია შესაძლოა გადავადდეს; თუ ლაბორატორიული კვლევით დადასტურდება, რომ ცხოველი ინფიცირებულია ცოფის ვირუსით, უნდა მოხდეს ცხოველთან შესაძლო ექსპოზიციის მქონე ყველა პირის იდენტიფიცირება, რომლებსაც დაუყოვნებლივ ჩაუტარდებათ ექსპოზიციის შემდგომი ანტირაბიული იმუნიზაცია.