ენტერობიოზი ნაწლავური ჭიით გამოწვეული ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. ნაწლავის ჭია არის წვრილი და თეთრი, 5-დან 13 მილიმეტრამდე სიგრძის.
ენტერობიოზი ყველაზე ხშირად ემართებათ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს, მიკროსკოპული კვერცხები ადვილად გადადის ბავშვიდან ბავშვზე.
სიმპტომები:
ინფიცირებული ადამიანის ძილის დროს მდედრობითი სქესის ნაწლავის ჭია დებს ათასობით კვერცხს კანის ნაკეცებში ანალური ღარის ირგვლივ. ენტერობიოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ქავილი ანალურ ან ვაგინალურ არეში
- უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა
- პერიოდული ტკივილი მუცლის არეში და გულისრევა.
ხშირად ნაწლავის ჭია საერთოდ არ იწვევს სიმპტომებს.
მიზეზები:
ნაწლავის ჭიის კვერცხების შემთხვევით ჩაყლაპვა ან შესუნთქვა იწვევს ენტერობიოზს. მიკროსკოპული კვერცხები შესაძლოა მოხვდეს ადამიანის პირში დაბინძურებული საკვების, სასმელის ან თითების გზით. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კვერცხები ბუდობს ნაწლავებში და რამოდენიმე კვირაში იჩეკება ზრდასრული ნაწლავის ჭიები.
მდედრობითი სქესის ნაწლავის ჭიები გადადიან ანალურ არეში კვერცხების დასადებად, რაც ხშირად იწვევს ქავილს აღნიშნულ არეში. როცა ბავშვი იფხანს ქავილის ადგილს, კვერცხები ეკრობა მის თითებს და ხვდება ფრჩხილების ქვეშ. შემდგომ, კვერცხები გადადის სხვა ზედაპირებზე, როგორიცაა სათამაშოები, თეთრეული ან უნიტაზი. დაბინძურებული ხელებით კვერცხები შეიძლება გადატანილი იქნას საკვებზე, სასმელზე, ტანსაცმელზე ან სხვა ადამიანებზე.
ზედაპირზე ნაწლავის ჭიის კვერცხები სიცოცხლისუნარიანია 2-3 კვირის განმავლობაში
დიაგნოსტიკა:
ნაწლავის ჭიების არსებობა შეიძლება დადასტურდეს ჭიების ან კვერცხების დადგენით.
დიაგნოსტიკური ანალიზის ორი სახეობა არსებობს - წებოვანი ლენტის ტესტი და განავლის ანალიზი. ლენტის ტესტის დროს წებოვან ლენტს ადებენ კანზე ანალური ღარის ირგვლივ. ეს უნდა გაკეთდეს, როგორც კი ბავშვი გაიღვიძებს, სანამ ის შევა ტუალეტში, დაიბანს ან ჩაიცვამს. მშობელი მიაჭერს გამჭვირვალე ლენტის წებოვან მხარეს ბავშვის ანუსის გარშემო კანს. კვერცხები ეკრობა ლენტს, რომელსაც შემდგომ გამოიკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ, რათა დაადგინონ ნაწლავის ჭიის კვერცხების არსებობა.
განავლის ანალიზი გულისხმობს განავლის მიკროსკოპიულ გამოკვლევას.
მკურნალობა და წამლები
მკურნალობა მდგომარეობს წამლების დალევაში, რომლებიც კლავს ნაწლავის ჭიებს, თეთრეულის და ქვედა საცვლების ზედმიწევნით რეცხვაში. უკეთესი შედეგის მისაღებად მკურნალობა უნდა ჩაიტაროს მთელმა ოჯახმა. პარაზიტების საწინააღმდეგო ყველაზე გავრცელებული პრეპარატებია:
- მებენდაზოლი (Mebendazole)
- ალბენდაზოლი (Albendazole)
მკურნალობის კურსის დროს ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები; ნაწლავის ჭიების სრულად მოშორებისათვის საჭიროა ორი დოზის მიღება.
უმეტეს შემთხვევაში ენტერობიოზი არ იწვევს სერიოზულ პრობლემებს. იშვიათად ძლიერ ინვაზიას შეუძლია გამოიწვიოს ქალის სასქესო ორგანოების ინფექცია.
პროფილაქტიკა
ნაწლავის ჭიის კვერცხებს შეუძლია ორი კვირის განმავლობაში მიეწებოს ისეთ ზედაპირს, როგორიცაა სათამაშო, ონკანი, ლოგინი, უნიტაზი. ამიტომ, ზედაპირების ჩვეულებრივი გაწმენდის გარდა, ნაწლავის ჭიის კვერცხების გავრცელებისა და რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
- დაიბანეთ დილაობით. ვინაიდან ნაწლავის ჭია დებს კვერცხებს ღამე, ანალური არეს დილაობით დაბანა შეამცირებს ნაწლავის ჭიის კვერცხების რაოდენობას ბავშვის კანზე. შხაპის მიღებამ შესაძლოა თავიდან აგაცილოთ აბაზანის წყლის განმეორებითი დაბინძურება.
- ყოველ დღე გამოცვალეთ თეთრეული და საცვლები. ეს დაგეხმარებათ კვერცხების მოშორებაში.
- გარეცხეთ სარეცხი ცხელ წყალში. გარეცხეთ თეთრეული, ღამის პერანგი, საცვლები და პირსახოცები ცხელ წყალში, რათა უფრო ადვილად მოკლათ ნაწლავის ჭიის კვერცხები.
- არ მოიფხანოთ. ეცადეთ არ მოიფხანოთ ანალური არე. დააჭერით თქვენ ბავშვს ფრჩხილები, რათა ნაკლები ადგილი დარჩეს კვერცხების მოსათავსებლად. გადააჩვიეთ ფრჩხილების კვნეტას.
- დაიბანეთ ხელები. ინფიცირების ან ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, კარგად დაიბანეთ ხელები ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ, როცა ბავშვს ეხმარებით ტუალეტში ან უცვლით საგებს, და ჭამის წინ.