ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის; ტკივილის შეგრძნება და აღქმა ინდივიდუალურია.
ტკივილის საერთაშორისო ასოციაციის განმარტებით: “ტკივილი არის არასასიამოვნო შეგრძნება და ემოციური განცდა, რომელიც უკავშირდება ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას ან აღიწერება, როგორც ასეთი”
ახალშობილებში, ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ტკივილის შეფასება გაძნელებულია, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ საკუთარი შეგრძნებების გადმოცემა.
ამიტომ - ტკივილის მართვა ბავშვთა ასაკში საკმაოდ რთულია!
ბავშვებში ხშირია ქრონიკული ტკივილი.
ქრონიკული ტკივილი არის პერსისტირებადი –დროში გახანგრძლივებული - ტკივილი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს გარკვეული დაზიანების არსებობაზე, თუმცა შეიძლება იყოს ფსიქოგენურიც.
მას შესაძლოა ახლდეს კუნთების დაჭიმულობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მადის ცვლილება.
ხშირია ემოციური დარღვევები-გაღიზიანებადობა, დეპრესია და განმეორებითი ტკივილის შიში.
ბავშვთა დაახლოებით 30-40 %-ს აღენიშნება განმეორებადი ტკივილი (თავის, მუცლის, ძვალ-სახსროვანი)
ხშირად მისი გამოვლენა უკავშირდება ტრავმას ან/და ინფექციას. თუმცა შეიძლება არსებობდეს სხეულის აშკარა დაზიანების გარეშეც.
ტკივილის მართვის პრინციპი ასეთია: უნდა შეფასდეს ტკივილის პერიოდულობა, განმეორებადობა; დაინიშნოს ანალგეტიკი ადექვატური დოზით.
პედიატრიულ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანალგეტიკია პარაცეტამოლი. მოწოდებული დოზით გამოყენებისას – 10-15 მგ/კგ –გვერდითი ეფექტი მინიმალურია. ეფექტი მიიღწევა 40-60 წთ-ში.
7 წლამდე ასაკის ბავშვთა თითქმის 35% სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილი აღენიშნება.
თავის ტკივილის სხვადასხვა სახეობა არსებობს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა შაკიკი, რომელიც მორეციდივე (განმეორებადი) თავის ტკივილის ჯგუფს მიეკუთვნება და მრავალფეროვანი გამოვლინება ახასიათებს.
როგორც უკვე ვთქვით, თავის ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ანუ უეცრად აღმოცენებული და ქრონიკული –დროში გახანგრძლივებული. ბუნებრივია, განსხვავებულია მათი მიზეზი და მართვის პრინციპიც.
საინტერესოა, რომ პედიატრიულ გადაუდებელ განყოფილებაში ხშირია მიმართვა მწვავე გენერალიზებული (გავრცელებული) თავის ტკივილის გამო.
ასევე ცნობილია, რომ ამის ყველაზე ხშირი მიზეზი ვირუსული ინფექცია, სინუსიტი, ოტიტი და თავის ტრავმაა...
ქრონიკული (დროში გახანგრძლივებული) არაპროგრესირებადი (არამატებადი) თავის ტკივილის მიზეზი უფრო ხშირად ემოციური სტრესია და მას საფუძვლად არ უდევს რამე ორგანული პათოლოგია – ასეთია მაგალითად დაძაბულობის თავის ტკივილი.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ქრონიკული პროგრესირებადი თავის ტკივილი! ის ხშირად სერიოზული დაავადების შედეგია და უკავშირდება ქალას შიგნით მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს – და შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ერთ-ერთი ნიშანი იყოს!!!
ამიტომ მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ აუცილებელია ბავშვის ექიმთან ვიზიტი, რათა პირველ რიგში, გამოირიცხოს საშიში დაავადებები, და შემდგომ, დაიგეგმოს ღონისძიებები და მკურნალობა ბავშვის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
აუცილებელია ექიმთან ვიზიტი - ანამნეზის დაწვრილებითი შეგროვება, ფიზიკური გასინჯვა და სრული ნევროლოგიური ტესტირება.
დაწვრილებითი ანამნეზი - ავადმყოფობის ისტორიის ზუსტი შეგროვება და პაციენტის გასინჯვით მიღებული ობიექტური მონაცემების სწორი შეფასება ექიმის ამოცანაა და სწორი დიაგნოზის საწინდარია!