კოლიტი

რჩევები მოზრდილები

კუჭნაწლავის დაავადებებს შორის კოლიტი ერთ ერთი მნიშვნელოვანია. კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. კლინიკურად დაავადებას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილში ჭიპის ირგვლივ ტკივილი, შებერილობა, ფაღარათი, ჭინთვების დროს ლორწოს, და ზოგჯერ სისხლის გამოყოფა, ტემპერატურის მატება;                    
                        

გამომწვევი მიზეზის მიხედვით ის შეიძლება იყოს:          

  • მწვავე - გამოწვეული ბაქტერიული ფლორით, არასწორი კვებით რასაც თან ახლავს გასტროენტერიტი;
  • ქრონიკული - ვითარდება არასწორი კვებით, სტრესის ფონზე, ან ნაწლავის დისბაქტერიოზის შედეგად;
  • იშემიური - ნაწლავის სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო;
  • გრანულომატოზური - მაგ. კრონის დაავადება მემკვიდრულ ხასიათს ატარებს;
  • რადიაციული - ვითარდება სხივური თერაპიის ფონზე, იონიზირებული რადიაციის შედეგად;
  • არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი - ნაწლავის კედლის ლორწოვან გარსზე წყლულის განვითარება;
  • მედიკამენტური - მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებისას.

მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია მწვავე სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე, განავალი თხიერია ზოგჯერ სისხლის და ლორწოს მინარევით, მძიმე შემთხვევაში წყლისებრი 15-20 ჯერ დღეში მტკივნეული ტენეზმებით. ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, სხეულის ტემპერატურის მომატება, ენა მშრალი რუხი ფერის ნადებით, სისხლში ცვლილებებით -- ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება.

ქრონიკული კოლიტი წარმოადგენს კუჭნაჭლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის, მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ნაწლავის პირობით პათოგენური მიკლოფლორა - სალმონელები, შიგელები, ამებიაზი, ლამბლიოზი, ჰელმინთები. ალიმენტური ფაქტორებიდან აღსანიშნავია კვების რეჟიმის და რაციონის ხანგრძლივი და უხეში დარღვევა - ძნელად გადასამუშავებელი საკვები - ალკოჰოლი და ცხარე კერძები. შეიძლება განვითარდეს ტყვიით, ვერვხლისწყლის ან დარიშხანით ხანგრძლივი ინტოქსიკაციისას. მსხვილი მაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკების და საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი უკონტროლო გამოყენება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ანთებას, ეროზიების, წლულების გაჩენას. ახასიათებს საერთო სისუსტე, დეფეკაციის დარღვევა, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, ზოგჯერ 10 – 15 ჯერ დღეში წყლისებური ლორწოს შემცველი განავალი, ტკივილი მუცლის სხვადასვა მიდამოში, მეტეორიზმი, ტენეზმები, დეფეკაციის შემდეგ ავადმყოფს აქვს არასრულყოფილად ნაწლავის დაცლის შეგრძნება, დეფეკაციის ცრუ სურვილები რასაც თან ახლავს გაზების და ცალკეული განავლოვანი მასების გამოყოფა. ტკივილი ყრუ ხასიათისაა ძლიერდება საკვების მიღების ან დეფეკაციის დროს, ზოგჯერ ტკივილი მცირდება სითბოს ან სპაზმოლიტიკების გამოყენების დროს.

 სპასტიური კოლიტის შემთხვევაში თუ ანთებითი პროცესი მსხვილი ნაწლავის სეროზულ გარსზეც ვრცელდება ტკივილი მუდმივი ხასიათისაა და ძლიერდება სიარულის დროსაც, მსუბუქდება მწოლიარე მდგომარეობაში. მყარი ტკივილია მთელს მუცელში, რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან, დეფეკაციასთან , ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ამ დროს დარღვეულია საკვების გადამუშავება, აღინიშნება დისბაქტერიოზი, გულისრევა, ბოყინი, მწარე გემო, ანორექსია, ყურყური მუცელში, საერთო სისუსტე.

დიფერენციალური დიაგნოზი აუცილებელია გავატაროთ პანკრეატიტთან , ანტაციდურ გასტრიტთან და მსხვილი ნაწლავის სიმსივნესთან. ეს უკანასნელი ხშირად მიმდინარეობს კოლიტის სიმპტომებით - კოლიტის დროს ნაწლავში გროვდება დიდი რაოდენობით ლორწო, რაც იწვევს მის გაღიზიანებას, ამის შესამცირებლად გამოიყენება ადსორბენტები, შემომგარსველები. კოლიტის მკურნალობა მიმართულია ანთებითი პროცესის კუპირებისაკენ. პრეპარატების შერჩევა  ხორციელდება დაავადების გართულებების, გავრცელების და მიმდინარეობის მიხედვით

დროულად ექიმთან მიმართვის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.