ზღვის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება რუჯის მიღებაც. თუმცასანამ გარუჯვას გადავწყვეტთ, უსაფრთხო გარუჯვის შესახებ რეკომენდაციები არ უნდა დავივიწყოთ.
XIX საუკუნის დასაწყისამდე გარუჯული კანი არ ითვლებოდა ლამაზად, ვინაიდან ელიტარული ფენისადმი მიკუთვნების ნიშანი არისტოკრატული სიფერმკრთალე იყო. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მოდის ფუძემდებელმა, კოკო შანელმა შემოიღო ზღვის სანაპიროდან გარუჯული კანით დაბრუნების მოდა.
შოკოლადისფერი ნარუჯი , როგორც ჰელიოთერაპიის ანუ გარუჯვის შედეგი, ადამიანს მეტად მომხიბვლელს ხდის, თუმცა ბევრი სასარგებლო თვისების მქონე მზის სხივები სწორად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. დღესდღეობოით დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები თანმხდებიან იმაზე, რომ „ ჯანსაღი რუჯის“ ცნება არ არსებობს. პიგმენტი მელანინი, რომელიც რუჯის მიღების დროს წარმოიქმნება, პატარა ყავისფერი ქუდის მსგავსად კანის უჯრედების ბირთვს ფარავს და იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ რუჯი - ეს კანის დაცვითი რეაქციაა მზის სხივების დამაზიანებელ ზემოქმედებაზე. ქერათმიან და წითურ პირებში აღნიშნული პიგმენტი უფრო მცირე რაოდენობითაა, ვიდრე მუქთმიანებში, ამიტომ ისინი ცუდად ირუჯებიან და მალე იწვებიან გარუჯვის დაწყების პირველივე დღეებში.
მეცნიერთა აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ოზონის შრის გათხელების გამო ულტრაიისფერი დასხივების ინტენსივობა 3-10 %-ითაა გაზრდილი. სწორედ ამან უბიძგა მეცნიერებს შეეცვალათ თავიანთი დამოკიდებულება „ ჯანსაღი რუჯის“ მიმართ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მომატებულმა ინსოლაციამ ღია კანის მატარებელ პირებში კანის კიბოს სიხშირის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია.
მზე ერთდროულად ჩვენი მეგობარიცაა და მტერიც. იმისთვის, რომ ის კეთილ მეგობრად დარჩეს, მისი სასარგებლო თვისებები სწორად და დოზირებულად უნდა გამოვიყენოთ, უნდა გავითვალისწინოთ დერმატოლოგის გარუჯვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. მზის სხივებიც ერთგვარი წამალია, იძლევა საოცარ გამაჯანსაღებელ ეფექტს, თუმცა ისევე როგორც ნებისმიერი წამალი, სწორი დოზით გამოყენებას მოითხოვს.
მზის აბაზანების მიღების დაწყებამდე, უნდა გავიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან, რათა დავადგინოთ, თუ რომელი ტიპის კანი გვაქვს, რა ხანგრძლივობით შეგვიძლია გარუჯვა, ხომ არ გვაქვს კანის ისეთი პათოლოგია, რომელიც გარუჯვისგან თავის შეკავებას მოითხოვს. განსაკუთრებით საყურადღებოა კანზე მრავლობითი ხალების არსებობა, არადოზირებულმა ულტრაიისფერმა დასხივებამ მათ ავთვისებიან გადაგვარებას შესაძლოა მისცეს ბიძგი.
გარდა ამისა, ამა თუ იმ სომატური პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მივმართოთ ოჯახის ექიმს იმის გასარკვევად, რამდენად მიზანშეწონილია გარუჯვა. ისეთი შინაგანი პათოლოგიები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის მძიმე დაავადებები, სისტემური შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები -გარუჯვისგან თავის შეკავებას მოითხოვს.
მხოლოდ ამის შემდეგ არის რეკომენდირებული მზის აბაზანების მიღების დაწყება.
დღესდღეობით გარუჯვის ოპტიმალურ დროდ დილის 9:00 - 11:00 საათი და 17:00-18:30 ითვლება. როდესაც მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით, ადამიანის სხეული განიცდის მზის პირდაპირი ზემოქმედების სუმარულ (უშუალოდ მზისგან), გაფანტულ(ცის თაღიდან მიღებული გამოსხივება) და არეკვლით (დედამიწის ზედაპირიდან, საგნებიდან და წყლიდან) მოქმედებას. თუკი ადამიანი გაშიშვლებულ მდგომარეობაში ჩრდილში იმყოფება - ქოლგის, ტენტის, ხის ქვეშ - მასზე ამ დროს მზის სხივების მხოლოდ გაფანტული და არეკვლითი ნაკადი მოქმედებს. ეს ძალიან მსუბუქი, დაზოგვითი სამკურნალო პროცედურაა, თუმცა არეკვლითი დასხივების პირობებშიც კი ადამიანის სხეულზე მზის სხივების დაახლოებით 17 % ხვდება.
ღრუბლიანმა ცამ არ მოგვატყუოს. ბევრი ფიქრობს, რომ თუკი მზე ღრუბლებს ეფარება, მისი ბიოგენური აქტივობა წყდება. თუმცა ეს ასე არ არის: ღრუბელი მზის სხივების 50 % -ს ატარებს.
მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ზღვაში ბანაობის დროსაც გრძელდება. წყლის ზედაპირზე გაშიშვლებული სხეული უფრო მეტად სხივდება , ვიდრე ხმელეთზე, ვინაიდან წყალს მზის სხივების მნიშვნელოვანი ნაწილის არეკვლის უნარი გააჩნია. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივები წყალში 1 მეტრის სიღრმეზე აღწევს, თუმცა მაქსიმალური შეღწევადობა 25 სმ-მდეა.
მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი, არადოზირებული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მზით დამწვრობა განვითარდეს. ზოგადად მზით დამწვრობა ანუ სოლარული დერმატიტი, კანის დაცვითი ფიზიოლოგიური რეაქციაა, რომელიც კანზე აქტინური(მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი) სხივების ინტენსიური ზემოქმედების შემდეგ, დაახლოებით 3-6 საათის შემდეგ ვითარდება. მზით დამწვრობის კლინიკური სურათის სიმძიმე ულტრაიისფერი სხივების სიგრძესა და დასხივების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
ვითარდება კანის მკვეთრად გამოხატული სიწითლე ანუ ჰიპერემია, მტკივნეული შეშუპება, დაჭიმულობისა და წვის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები I ხარისხის დამწვრობას შეესაბამება. კიდევ უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური დასხივების შემთხვევაში ადგილი აქვს სითხით სავსე თხელკედლიანი ბუშტუკების და ბუშტების წარმოქმნას. ასეთ შემთხვევაში კანის ადგილობრივი რეაქციის გარდა, თავს იჩენს ორგანიზმის გადახურებისთვის და მზის დაკვრისთვის დამახასიათებელი ზოგადი ჩივილები - ციებ-ცხელება, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. მზით დამწვრობა ძალიან ხშირად კანის მზისადმი მგრძნობელობის მკვეთრ მომატებას განაპირობებს. არცთუ იშვიათად მზით დანწვრობის შემდეგ ვითარდება ისეთი დაავადებები როგორიცაა წითელი მგლურა, მზისმიერი ჭინჭრის ციება, ნაადრევად ვითარდება ასაკობრივი პიგმენტაციები და კერატოზები, კანი კარგავს ელასტიურობას, გარდა ამისა იმატებს კანის კიბოს განვითარების რისკი. მზით დამწვრობა უფრო ხშირად ქერათმიან, წითურ და ღია ფერის კანის მქომე პირებში იჩენს თავს.
სასარგებლო რჩევები:
- მზით დამწვრობის დროს განვითარებული კანის ზედაპირული დაზიანების დროს წყალში ხსნად ფუძეზე დამზადებული დამწვრობის საწინააღმდეგო ადგილობრივი კრემები, ლოსიონები და გელები ვიხმაროთ. ჩამოსაბანად კარგია ბავშვის საპნის გამოყენება, რომელიც შედარებით უსაფრთხოა. მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხეები. ტკივილის შემთხვევაში მივიღოთ ტკივილგამაყუჩებელი. გამოვიყენოთ სხეულის გამაგრილებელი საფენები, გამაგრილებელი მალამოები, თუთიის სანჯღრი, საჭიროების შემთხვევაში ანტიჰისტამინური პრეპარატები.
- დაუშვებელია დამწვრობის შედეგად განვითარებული ბუშტუკების ხელოვნურად გახეთქვა მათი შიგთავსის გამოყოფის მიზნით, ვინაიდან დიდია მეორადი ინფიცირების რისკი.
- რა არის გარუჯვის შეწყვეტის კრიტერიუმი? პლაჟზე ყოფნის დროს, სხეულის ღია უბანზე თითებით ზეწოლის შემდეგ თეთრი ლაქის გაჩენის შემთხვევაში პლაჟი სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ. ეს დრო ყველასთვის ინდივიდუალურია, ამიტომ დროდადრო ამ მარტივი ტესტის ჩატარებაა რეკომენდირებული.მზისგან დამცავი საშუალებების სქელი ფენა უნდა დავიტანოთ სხეულზე მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე, აუცილებელია მზისგან დამცავის ფენის განახლება ყოველ 2 საათში და მისი ხელახალი დატანება ბანაობის შემდეგ
- მზისგან დამცავი საშუალების პირველი გამოყენების წინ აუცილებელია კრემის ალერგენობაზე ტესტის ჩატარება, ამისთვის კრემის თხელი ფენა უნდა დავიტანოთ იდაყვის მომხრელ ზედაპირზე, დავაფინოთ მარლის რამდენიმე ფენა და გავიჩეროთ მთელი ღამე, თუკი დილით კრემის დატანების ადგილას კანი უცვლელია, ამ კრემის გამოყენება თამამად შეგიძლიათ მთელს სხეულზე.
- ბავშვებს ძალიან ნაზი კანი აქვთ, რომელიც დასხივებისა და გამოსხივების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომ უმჯობესია ბავშვის სპეციალური მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, ან უფროსებისთვის განკუთვნილი ისეთი ფილტრების გამოყენება, რომელთაც მზის დაცვის მაღალი ფაქტორი აქვთ(spf 75+; spf 100+). გარდა ამისა, ბავშვის ნოტიო კანი გაცილებით მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, ამიტომ აუცილებელია სხეულის ზედმიწევნით კარგად გამშრალება ბანაობის შემდეგ
- უშუალოდ გარუჯვის წინ აკრძალულია სხეულის საპნით დაბანა, კანის სხვადასხვა ლოსიონებით დამუშავება და ოდეკოლონის დაპკურება. საპონი კანის დამცავ ბარიერს არღვევს და ცხიმის დამცავ ფენას აცილებს, ხოლო ლოსიონები და ოდეკოლონი კანს ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარეს ხდის, რამაც არათანაბარი ნარუჯისა და ყავისფერი ლაქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს
- გარუჯვის წინ ტუჩზე დაიტანეთ დამცავი ფილტრის შემცველი უფერო (ჰიგიენური) საცხი
- მზისგან დაცვისა და კანის დარბილების მიზნით აკრძალულია მინერალური ცხიმების- ვაზელინის, გლიცერინის გამოყენება, რადგან კანზე ისინი მცირე ზომის შემკრები ლინზების ეფექტს ავლენენ, რამაც საბოლოოდ დამწრობამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს
- პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ აუცილებელია შხაპის მიღება და მზისგან დამცავი კრემის ჩამობანა, რის შემდეგაც სხეულზე დამამშვიდებელი და მკვებავი კრემი უნდა დავიტანოთ
- ამასთან, რაც უფრი ღია კანის მატარებელია პირი, მით უფრო მაღალი დამცავი ფილტრის შემცველი მზისგან დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენოს, თუმცა 100 %-იან დაცვას ვერცერთი კრემი ვერ უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია, მზისგან დამცავის შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ იმას რომ, ეტიკეტზე მითითებული იყოს UVA +UVB დაცვა და WATERPROOF , რაც იმას ნიშნავს, რომ კრემი მზისგან დაცვის ფართო სპექტრით ხასიათდება და წყლისადმი მდგრადია
- რუჯის მიღება არ შეიძლება უზმოდ ან უშუალოდ კვების შემდეგ
- გარუჯვის დროს არაა სასურველი უმოძრაოდ ყოფნა, ვინაიდან მოძრაობა კანში ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც რუჯის სწრაფად და თანაბრად მიღების საშუალებას მოგვცემს.