ვულგარული აკნე, ანუ ფერიმჭამელა წარმოადგენს კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებას.
ვულგარული ფერიმჭამელა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც ძირითადად გვხვდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და აზიანებს სახისა და სხეულის ზედა მესამედის კანს, ანუ იმ უბნებს სადაც დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული.
აკნეს განვითარების მექანიზმში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური სეკრეციის დარღვევას. ამ დროს ხდება ფორების დახშობა ცხიმოვანი სეკრეტით და მკვდარი უჯრედებით, აგრეთვე ბაქტერიების კოლონიზაცია, რასაც შედეგად მოყვება ანთებითი პროცესების განვითარება.
ვულგარული ფერიმჭამელას გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს:
- ჰორმონალური ცვლილებები სქესობრივი მომწიფების ან ფეხმძიმობის პერიოდში;
- გენეტიკური ფაქტორები;
- არასაკმარისი ჰიგიენა
- არასწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები;
- ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ტიპის დარღვევები და ა. შ.
კანის ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარია ელემენტების პოლიმორფიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ კანზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა სახის გამონაყარი. აკნეს კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია მის მიმდინარეობასა და სირთულეზე. არაანთებითი ფორმა ძირითადად წარმოდგენილი შავი (დახურული) და თეთრი(ღია) კომედონებით. ანთებითი ფორმების დროს გვხვდება პაპულები - 2-5 მმ დიამეტრის ღრმა მოვარდისფრო ელემენტები, პუსტულები ამავე ზომის ჩირქოვანი გამონაყარი. შედარებით უფრო რთულ შემთხვევაში გამონაყარი წარმოდგენილია ცისტებითა და დიდი ზომის კვანძებით, რასაც ხშირად თან ახლავს ნაწიბურების განვითარება კანზე.
ხშირ შემთხვევაში აკნე სქესობრივი მომწიფების შემდგომ თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლემა ადამიანს მიყვება 40-45 წლის ასაკამდეც.
აკნე არ წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებას, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იგი საკმაო ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროული დიაგნოსტირება, სათანადო მკურნალობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
მოკლე რეკომენდაციები, თუ როგორ მოვუაროთ კანს თუ გაქვთ აკნე:
- რეკომენდირებულია სახის დაბანა ყოველდღიურად სპეციალურად შერჩეული ანტიბაქტერიული საპნით;
- დაუშვებელია გამონაყარი ელემენტების მექანიკური გაღიზიანება. თუ სახის გასუფთავება რაიმე კონკრეტული მიზეზით არის აუცილებელი, უმჯობესია ეს ექიმ-კოსმეტოლოგმა გააკეთოს სათანადო პირობებში;
- აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა, განსაკუთრებით სახეზე ხელის მოკიდებისას, მათ შორის სახეზე კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების წინ;
- სათვალის ხმარებისას ხშირად გაწმინდეთ იგი, რათა არ მოხდეს ცხიმით და ბაქტერიებით მისი დაბინძურება;
- თუ აკნე მოიცავს დეკოლტეს და ზურგის კანს, პაციენტი უნდა მოერიდოს მჭიდრო და გამაღიზიანებელი ნაჭრისგან შეკერილი ტანსაცმლის ტარებას;
- კოსმეტიკა უნდა შეირჩეს სპეციალურად პრობლემური კანისთვის, არ უნდა ახშობდეს ფორებს;
- ძილის წინ აუცილებელია დეკორატიული კოსმეტიკის მოცილება;
- ჭარბმა ინსოლაციამ შესაძლოა მოახდინოს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გამოყოფის სტიმულაცია;
- სახის გაპარსვის დროს საჭიროა სიფრთხილე, დაუშვებელია კანის მექანიკური გაღიზიანება.