პირველი კბილი, ყოველთვის დიდი სიხარულია მშობლებისათვის. ეს ბავშვის განვითარების, გარკვეული ახალი ნიშანსვეტია, მისი დაახლოება „დიდობასთან“. ზოგჯერ კბილები პრობლემების გარეშე ამოდის, ზოგჯერ კი უცნაური ცვლილება თქვენი ბავშვის ქცევაში მიგანიშნებთ, რომ რაღაც ახალი ხდება, ან რაიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. გაძლიერებული ნერწყვდენა, მადის დაქვეითება, ჭირვეულობის მატება, ცხელება ზოგჯერ თან ახლავს კბილების ამოჭრის პროცესს და მშობლების შეშფოთებას იწვევს.
როდის ამოიჭრება პირველი სარძევე კბილი?
უმეტეს ჩვილებში ეს 6-7 თვის ასაკში ხდება, თუმცა პირველი კბილი შესაძლებელია უფრო ადრე ან უფრო გვიან, 12 თვის ასაკშიც კი ამოვიდეს. 2-3 წლის ასაკისათვის თქვენს შვილს 20-ამდე სარძევე კბილი უნდა ქონდეს. ხოლო 6-12 წლის ასაკში ისინი ეტაპობრივად მუდმივი კბილებით უნდა ჩანაცვლდნენ. სწორად და დროულად ამოჭრილი სარძევე კბილები ბავშვის სახის ფორმირებას და ჯანსაღი მუდმივი კბილების სწორ ამოჭრას უწყობს ხელს.
როგორც წესი პირველად ქვედა ყბის ცენტრალური 2 კბილი გამოჩნდება ხოლმე, შემდეგ ზედა ცენტრალური და მას გვერდითი კბილები მიყვება.
ბევრი მითია დაკავშირებული კბილების ამოჭრასთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, სამეცნიერო კვლევებიც კი არსებობს მშობლის ინფორმირებულობის დონის შესასწავლად კბილების ამოჭრის საკითხებზე. აღმოჩნდა, რომ მშობელთა 75% დარწმუნებულია, რომ მაღალი ცხელება და დიარეა კბილების ამოჭრის ნორმალური თანმდევი პროცესებია. ამ დროს ეს ასე სულაც არ არის.
კბილების ამოჭრასთან შემდეგი პრობლემები შესაძლოა იყოს კავშირში:
- ნერწყვდენა. ზოგიერთი მშობელი განცვიფრებული დარჩება ნერწყვის იმ რაოდენობით, კბილების ამოჭრას რომ სდევს ხოლმე თან. შესაძლებელია ნერწყვდენა გაძლიერდეს 10 კვირის ასაკიდან და ამოჭრამდე გაგრძელდეს.
- გამონაყარი. ნერწყვდენის გაძლიერებას ნიკაპზე, კისერზე და მკერდის ზედა ნაწილში შესაძლებელია წვრიწერტილოვანი, მოწითალო ფერის გამონაყარი სდევდეს. ის დაკავშირებულია ნერწყვით ბავშვის ნაზი კანის მუდმივ გაღიზიანებასთან.
- ხველა ან წამოქაფება/ღებინების სიმპტომები - ესეც გაძლიერებული ნერწყვდენის მიზეზია. თუმცა ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება და სავარაუდო რესპირაციული და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პათოლოგიები ექიმთან ერთად გამორიცხეთ.
- კბენა - ღრძილების შეშუპება უამრავ დისკომფორტს იწვევს, პატარას კი ამის სიტყვიერად გამოხატვის საშუალება არ აქვს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი და გაიხსენეთ რამდენს გქონიათ ე.წ. „სიბრძნის კბილის“ ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემები. დაახლოებით იგივეს განიცდიან ჩვილებიც. ამ დროს პატარა ცდილობს ყველაფერი რაც ხელთ მოხვდება პირში ჩაიდოს და თუ ეს თქვენი ხელი ან თითია, გიკბინოთ კიდეც.
- ტირილი - ღრძილების ნაზი ქსოვილი და ლორწოვანი შეშუპებულია, სისხლსავსე, მგრძნობიარე. ამ დროს ტკივილიც მნიშვნელოვანი თანმხლები პრობლემაა. ტირილი ერთადერთი გზაა გამცნოთ, რომ რაღაც აწუხებს. პირველი კბილის ამოჭრა ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს, შემდეგ ბავშვები თითქოს ეჩვევიან და ნაკლებად ტირიან
- აღგზნებადობა - ზოგიერთი ნაკლებად არის გაღიზიანებული, ზოგი მეტად. მოუსვენრობა და ჭირვეულობა ღამის საათებშიც შესაძლებელია იყოს. კბილის ამოჭრის შემდეგ ეს სიმპტომი, ისევე როგორც ტკივილი, მალევე ქრება.
- საკვებზე უარის თქმა - ჭირვეული, მოუსვენარი ბავშვი კბილების ამოჭრისას სატყუარათი, საწოვრით ან დედის ძუძუთი თითქოს უფრო წყნარდება, მაგრამ თავად წოვის პროცესი მათთვის კვლავ მტკივნეულია.
- ღამის ჭირვეულობა და გაღვიძება - ესეც ტკივილისა და დისკომფორტის ბრალია. ღამის კარგი ძილის მქონე ბავშვები კბილების ამოჭრისას იცვლიან დღის რეჟიმს და ხშირად ღამის საათებში უფრო ჭირვეულობენ
- ყურის და ლოყის ხშირის ფხანა - კბილების ამოჭრისას ბავშვებს ამ არეებში დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება აწუხებთ. ეს უბნები საერთო ინერვაციით გამოირჩევიან და ტკივილი ღრძილების არეში ასევე გადაეცემა სახის სხვა უბნებსაც. თუ ეს სიმპტომები მდგრადია და თან ცხელებაც ახლავს, პედიატრს უნდა მიმართოთ.
- ცხელება - ცხელება არ არის პირდაპირ ასოცირებული კბილების ამოჭრასთან, მით უფრო მაღალი ტემპერატურა. ეს შემთხვევები უფრო დამთხვევაა, ვიდრე წესი. ითვლება რომ უშუალოდ კბილის ამოჭრას დაახლოებით 8 დღე ჭირდება. ეს ის დროა კბილის მიერ ღრძილის ლორწოვანის „გაჭრას„ რომ ესაჭიროება. ცხელება ამოჭრის წინა და მომდევნო დღესაა მოსალოდნელი და ისიც მხოლოდ 38.5 გრადუსამდე.
როგორ დავეხმაროთ პატარას კბილების ამოჭრისას?
- გაძლიერებულ ნერწყვდენას ვერაფრით შეაჩერებთ, ამიტომ მუდამ მზად გქონდეთ სუფთა, რბილი ნაჭერი, რომლითაც ნაზად და ფრთხილად მოწმენდთ ნიკაპს, რათა კანის გაღიზიანება თავიდან აიცილოთ
- სითხის შემცველი საღეჭი რგოლების გამოყენებას უმჯობესია უბრალოდ რეზინის სპეციალური რგოლების მიცემა. მათი წინასწარ მაცივარში გაციება ძალიან კარგ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს მოგცემთ;
- თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, არ შეწყვიტოთ, გააგრძელეთ. ამით მას გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანთ;
- ტკივილის შესამცირებლად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი საუკეთესო საშუალებებია, თუმცა მედიკამენტის მიცემამდე პედიატრთან გაიარეთ კონსულტაცია დოზისა და ჯერადობის შესახებ.
გამაფრთხილებელი რჩევები კბილები ამოჭრისას:
- გახსოვდეთ, რომ ძილში არასდროს არ დაუტოვოთ ბავშვს ბოთლი საჭმლით. ღამე მხოლოდ წყალი ან რძე მიეცით. წვენები და შაქრის შემცველი სითხეების ღამის საათებში მიცემა კარიესის ძალიან დიდ რისკს ქმნის.
- ხშირად მშობლები ღრძილების ქავილისას ჩვილს ხელში პურის ნატეხს აკავებინებენ. ეს სულაც არ არის ცუდი. უბრალოდ ამ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩიონოთ და ბავშვი უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ.
- ზოგიერთი მშობელი საღეჭ რგოლს კისერზე თასმით უმაგრებს ბავშვს. გახსოვდეთ, რომ თასმით კისერზე ჩვილისათვის არაფრის დაკიდება არ შეიძლება. მოხრჩობის რისკი ძალიან დიდია. უმჯობესია ხელში დააკავებინოთ.
- არასდროს გამოიყენოთ ბავშვის კბილების გასახეხად მოზრდილთა კბილის პასტა.
- გახსოვდეთ ნებისმიერ ასაკში ბავშვს თავისი ინდივიდუალური ჯაგრისი უნდა ქონდეს, რომელიც სუფთად იქნება შენახული და თვეში ერთხელ მაინც გამოიცვლება ახლით.
- ნერწყვის მოსაწმენდათ არ გამოიყენოთ ქაღალდი. რაც არ უნდა რბილი იყოს, ის შესაძლოა ნიკაპზე დარჩეს და შემდეგ ბავშვის სასუნთქ გზებში მოხვდეს.
და ბოლოს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი: გაუხეხეთ და გაუწმინდეთ თქვენს შვილს თუნდაც ის ერთადერთი პირველი კბილიც კი. ეს შესაძლებელია გააკეთოთ თითზე დახვეული რბილი ნაჭრით ან სპეციალური კბილის ჯაგრისით ჩვილებისათვის. არ დაგავიწყდეთ რეგულარული, წელიწადში ერთხელ მაინც ვიზიტი ექიმ პედიატრთან ან სტომატოლოგთან მიზანმიმართულად პირის ღრუსა და კბილების მდგომარეობის შესაფასებლად.