ახალშობილის დაბანა
ბავშვის დაბანა ძალიან სასიამოვნო პროცესია, როგორც პატარასთვის, ისე მშობლისთვის, პირველ ჯერზე შესაძლოა ეს რთულად მოგეჩვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობას დაბანა უყვართ, წყალთან პირველი კონტაქტი ზოგისთვის უსიამოვნო შეიძლება იყოს და ტირილი დაიწყოს.
- არ არის საჭირო ახალშობილის ყოველ დღე დაბანა.
ხშირი დაბანა ზედმეტად აშრობს ახალშობილის კანს. ყოველდღიურად ვბანთ მხოლოდ სახესა და კისერს. ხოლო საფენის ქვეშა ბანაობა დღეში რამდენჯერმეც კი ხდება საჭირო.
- ჭამის შემდეგ ახალშობილის დაბანა არ არის სასურველი.
სასურველია მოვიცადოთ 0.5-1 საათი და მერე ვაბანაოთ, არ აქვს მნიშვნელობა დილით თუ საღამოს. ზოგიერთი პატარა დილით უფრო სიამოვნებით ბანაობს, როდესაც იგი აქტიურ ფაზაშია, ზოგს კი პირიქით, საღამოს სარელაქსაციო აბაზანა უფრო სიამოვნებს ღამის ძილის წინ.
- ახალშობილის ბანაობისას წყლის ტემპერატურა დაახლოებით-38 გრადუსი უნდა იყოს.
ახალშობილის ძალიან ნაზი კანი აქვს, ამიტომ 38-ზე მეტი ტემპერატურის წყალმა შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს, ხოლო 37-ზე ნაკლების შემთხვევაში, ბავშვი სხეულის ტემპერატურას ვერ შეინარჩუნებს.
- ბანაობისას წყლის სიღრმე 10-15 სანტიმეტრი უნდა იყოს.
ბანაობისას წყალი ახალშობილის ბეჭებს უნდა ფარავდეს. ბავშვის აბანო უნდა იდგეს სწორ და სტაბილურ ზედაპირზე. მშობელს ერთი ხელით უნდა ეჭიროს ბავშვის თავი და მხრები, ხოლო მეორეთ ნაზად ჩამობანოს. არ უნდა ვიხმაროთ სუნიანი და ბუშტებანი სითხეები. თუ პატარა საჭიროებს საპნით დაბანას, ძალიან კარგია კანის დამატენიანებელი თხევადი საპნები და ემოლიენტები. თუ ბავშვის კანი მშრალი არ არის, კრემის გამოიენება აუცილებლობას არ წარმოადგენს. მთავარია, რომ ბავშვის კანი კარგად გავამშრალოთ, განსაკუთრებით ნაკეცებში (იღლიები, კისერი, საზარდული, თითებს შორის), რათა შევამციროთ სიკოვანი დაავადების რისკი, რომელიც ნესტიან გარემოში განსაკუთრებით მაღალია. არასდროს მიატოვოთ ბავშვი აბაზანაში უყურადღებოდ.
- ბავშვისთვის თავის დაბანის დროს ფუფხების მოსაცილებლად გამოიყენეთ სპეციალური შამპუნები და კრემები.
როგორც წესი, ბავშვებს არ უყვართ თავის დაბანა, რომლის საჭიროებაც თმის გაჭუჭყიანების და ფუფხების დაგროვების შემთხვევაში დგება. ფუფხების მოსაცილებლად შეიძინეთ სპეციალური შამპუნები ან კრემები, რომლებიც აფთიაქში იყიდება.
ჭიპლარის მოვლა
- მოერიდეთ ახალშობილის ჭიპლარის დასველებას
სანამ ჭიპლარი არ გაშრება და არ გადმოვარდება, ახალშბილის აბაზანები რეკომენდირებული არ არის ინფიცირების რისკის გამო. თუმცა, თუ ბავშვი ჭუჭყიანია და დაბანა სჭირდება, და ჭიპლარი მაინც დასველდა, საგანგაშო არაფერია. მოამშრალეთ ჭიპლარი სუფთა ტილოთი.
- ფერადი ანტისეპტიკური ხსნარები ჭიპლარისთვის რეკომენდებული არ არის.
ე.წ. ზელიონკის და სხვა ფერადი ანტისეპტიკური ხსნარების ხმარებისას შესაძლოა გამოგვეპაროს ანთებითი პროცესების პირველი ნიშნანი - სიწითლე. დაამუშავეთ ახალშობილის ჭიპლარი 70%-იანი სპირტით, ხოლო ჭიპლარის მოძრობის შემდეგ, აღარ არის საჭირო რაიმე საშუალების გამოყენება. თუ შენიშნავთ სიწითლეს ან გამონადენს, მიმართეთ ექიმს.