დედის რძე - ყველაზე ჯანსაღი საკვები
დედის რძე ბავშვის სწორი განვითარებისათვის ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს და ძალიან კარგად გადამუშავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს ნაკლებად აწუხებთ ყაბზობა და კუჭის აშლილობა. რაც ყველაზე მთავარია დედის რძე შეიცავს ბუნებრივ ანტისხეულებს სხვადასხვა დაავადების მიმართ, შესაბამისად ძუძუზე მყოფი ბავშვები უფრო იშვიათად ხდებიან ავად ვირუსული ინფექციებით და ნაკლებად ალერგიულები არიან.
მომავალი დედის ორგანიზმში რძის წარმოქმნა ორსულობის. პერიოდიდან იწყება, მშობიარობის შემდეგ კი ჰორმონები ოკსიტოცინი და პროლაქტინი რძის რაოდენობას ზრდიან. ბავშვის გაჩენიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში რძის რაოდენობა დიდი არ იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდიფიცირებული რძე უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო ხშირად ვაწოვებთ ბავშვს ძუძუს პირველ დღეებში, მით მალე დაიწყებს ორგანიზმი მეტი რძის გამომუშავებას.
პირველ რძეს ხსენი ჰქვია, ის ძალიან ბევრ ცილას, ცხიმს და ანტისხეულს შეიცავს, რაც ძალიან მვნიშნელოვანია ახალშობილის იმუნიტეტის ფორმირებისთვის. სასურველია დედამ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადების პირველ წუთებშივე დაიწყოს.
- ძუძუთი კვება - დედის ჯანმრთელობის გარანტი
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ქალებს, რომლებიც პატარას ძუძუთი კვებავენ, უფრო იშვიათად ემართებათ საკვერცხის და ძუძუს კიბო.
ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას განაპირობებს და სისხლდენის განვითარების რისკს ამცირებს, ასევე დადგენილია რომ ძუძუთი კვებას, რძის გამომუშავებასთან ერთად, ანტიდეპრესიული მოქმედებაც აქვს და რაც ყველაზე მთავარია, ქალბატონები ორსულობის დროს მომატებულ კილოგრამებს უფრო მალე იკლებენ.
- მეძუძურ დედას სპეციალური დიეტა არ სჭირდება
ზომიერების ფარგლებში დედას შეუძლია ნებისმიერი საკვები მიიღოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ძუძუთი კვების დროს ქალს დამატებით 400-500 კილოკალორია და 2 ლიტრი სითხე ესაჭიროება. ზოგი საკვები დედის რძეს გემოს უცვლის მაგ. სუნელები, ნიორი, ხახვი, შესაძლოა ბავშვს ეს გემო არ მოეწონოს და უარი განაცხადოს კვებაზე.
ძუძუთი კვების პერიოდში ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია.
- წამლები და ვიტამინები ძუძუთი კვების პერიოდში
მეძუძურმა დედამ დღეში 1000 მგ კალციუმი უნდა მიიღოს. ყველაზე მეტი კალციუმი რძის პროდუქტებშია. 1 ჭიქა რძე 300 მგ კალციუმს შეიცავს, 1 ჭიქა მაწონი - 400 მგს, 100 გრ ხაჭო - 150 მგს. ასევე ბევრი კალციუმია სალათის ფურცლებში და ისპანახში. თუმცა, ბავშვების ძროხის რძისადმი ალერგიულობის შემთხვევაში, დედამ კალციუმი დანამატის ფორმაში უნდა მიიღოს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტების უმრავლესობა რძეში გადადის, ამიტომ წამლის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
- ძუძუთუ კვება ყველაზე მოსახერხებელია
ძუძუთუ კვება ყველაზე მოსახერხებელია, რადგან არ არის საჭირო ბოთლებისა და საწოვარების სტერილიზაცია, ნებისმიერ დროსა და ადგილას არის შესაძლებელი აჭამოთ პატარას. ამასთან, ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშრებული, რადგან მოდიფიცირებული რძე ბევრად ძვირია. თუ ძუძუს რძე პატარას არ ჰყოფნის და წონაშიც ცუდად იმატებს, შეგვიძლია კომბინირებულ კვებაზე გადავიდეთ.