სიყვითლე გამოხატულია კანის და/ან თვალის სკლერების ყვითელ შეფერილობაში. იგი გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის მომატებული კონცენტრაციით, რომელსაც ჰიპერბილირუბინემია ჰქვია. ბილირუბინი არის ნივთიერება, რომელიც ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც არსებობს, კერძოდ ერითროციტებში(სისხლის წითელ უჯრედებში), თუმცა ზოგ შემთხვევაში მისი ოდენობა იმატებს(დაავადების ან განსაკუთრებული მდგომარეობის დროს). ორგანიზმიდან ბილირუბინის გამოტანა ნაღვლით და შარდით ხდება, რაც განავლისა და შარდის შესაბამის ფერს გასაზღვრავს. სიყვითლის დროს ბილირუბინი გროვდება კანში, სწორედ ეს იწვევს სიყვითლეს.
ახალშობილის სიყვითლე საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა, განსაკუთრებით დღენაკლულ და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ძუძუთი კვებაზე არიან. ახალშობილის ორგანიზმში ბილირუბინის გამომუშავება საკმაოდ მაღალია, და ღვიძლი ვერ ახერხებს მის გატანას ორგანიზმიდან, მაგრამ რაც უფრო მომწიფდება ახალშობილის ღვიძლი, სიყვითლეც თანდათან გაივლის. უმრავლეს შემთხვევაში ახალშობილის სიყვითლე არ საჭიროებს მკურნალობას, ვითარდება 48-96 საათის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ, და გაივლის 1-2 კვირაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ სიყვითლე სერიოზული დაავადების სიმპტომია და მკურნალობას საჭიროებს. სისხლში ბილირუბინის მაღალმა დონემ, შესაძლოა, თავის ტვინი დააზიანოს.
სიყვითლის სიმპტომები
- პირველ რიგში სიყვითლე სახეზე ჩნდება(მათ შორის თვალის სკლერებზე), მოგვიანებით გულმკერდზე, მუცელზე და კიდურებზე.
- სიყვითლის შემოწმება შესაძლებელია ახალშობილსი შუბლზე ან ცხვირზე თითის დაჭერით. სიყვითლის შემთხვევაში თითის აღების შემდეგ კანი ყვითელი დარჩება
- ბილირუბინის დონე ყოველ ახალშობილში სამშობიაროდან გაწერამდე უნდა განისაზღროს. თუ ბავშვის გაწერისას მშბიარობიდან 72 საათზე ნაკლებია გასული, აუცილიბებლია ექიმის კონსულტაცია 1-3 დღის განმავლაბოში.
სიყვითლე და ძუძუთი კვება
სიყვითლე ხშირია ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებში სხავადასხვა მიზეზის გამო. რადგან პირველ დღეებში დადის რძის რაოდენობა დიდი არ არის, და ახალშობილი წონას კარგავს, ბილირუბინის დონე სისხლში იმატებს. ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნური დანამატი უნდა გამოვიყენოთ, თუმცა ბავშვმა მაქსიმალურად ხშირად უნდა იკვებოს. ამასთან, ახალშობილის ნაწლავი და ღვიძლი მწიფდება, და სიყვითლის ინტენსიურობა იმატებს მშობიარობის შემდეგ, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში აღწევს პიკს და შემდეგ იკლებს რამდენიმე კვირაში. წესით მკურნალობა საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებელია ექიმის მეთვალურება.
გაუარესების ნიშნები
თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვის სიყვითლე იმატებს(სახიდან ქვედა კიდურებისკენ ჩადის, ან ფერი უფრო ინტენსიური ხდება), ან სხვა სიმპტომები იჩენს თავს(ძუძუს წოვა უჭირს, ცუდად იღვიძებს, გაღიზიანებულია და ძნელად მშვიდდება), აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში ბილირუბინის დონის განსაზღვრა და მკურნალობა, თუ მისი დონე ძალიან მაღალი აღმოჩნდება. ჰიპერბილირუბინემია უფრო ხშირად დღენაკლულ ბავშვებში გვხვდება.
ჰიპერბილირუბინემიის მკურნალობა
სისხლში მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, ბილირუბინს შეუძლია გადავიდეს თავის ტვინში და დააზიანოს იგი. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები, მაგრამ ძლიერი სიყვითლის შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტაციონარში.
მკურნალობის მეთოდები:
- ხშირი კვება
- ფოტოთერაპია
- მედიკამენტური მკურნალობა
- სისხლის გადასხმები - იმ შემთხვევაში, თუ ბილირუბინის დონე სისხლში იმდენად მაღალია, რომ თავის ტვინის დაზიანების საფრთხე არსებობს