ხველა

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

შემოდგომა და ზამთარიხველის სეზონი”

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხველა ექიმთან ვიზიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.

ჩვეულებრივ, ადამიანები თვლიან – ახველებს? ესე იგი გაცივდა. თუ ამ დროს ტემპერატურა არ არის მომატებული, შეიძლება ხველას განსაკუთრებული ყურადღება არც მიაქციონ. ალბათ ძნელად თუ მოიძებნება პიროვნება, რომელსაც არასოდეს არ დაეხველებინოს. ახველებს ყველა – მოზრდილიც და ბავშვიც. თუმცა ხველაზე რეაგირება განსხვავებულია – ზოგი საერთოდ არ აქცევს მას ყურადღებას, ზოგი მაშინვე იწყებს ხველის დამთრგუნველი წამლების მიცემას.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა გავერკვიოთ – ხველა კარგია, თუ ცუდი. ხველა რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია სასუნთქი გზების ნახველისაგან გათავისუფლებისათვის, რომლის შემადგენლობაში ძირითადად შედის ლორწო, მტვრის ნაწილაკები, ბაქტერიები, ვირუსები, ანთების პროდუქტები. სასუნთქი გზებიდან მათი მოცილება მხოლოდ ხველის საშუალებითაა შესაძლებელი, ასე რომ ხველის “სარგებლობა” მდგომარეობს იმაში, რომ ის ასუფთავებს ფილტვებს სხვადასხვა უცხო სხეულისაგან თუ გამაღიზიანებლებისაგან, ის ერთგვარ დამცველობით აქტს წარმოადგენს და ამასთანავე, ხელს უწყობს ფილტვების ჟანგბადით უკეთ მომარაგებას. აქედან გამომდინარე, მისი დათრგუნვა ყოველთვის სულაც არ არის სასურველი, პირიქით, ხველა განიხილება როგორც ორგანიზმის დამცველობითი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვირუსები, ბაქტერიები, მტვრის ნაწილაკები, უცხო სხეული – ყველაფერ ამისაგან ორგანიზმი ხველის  საშუალებით თავისუფლდება. ხველა რომ არ იყოს, ზემო სასუნთქი გზების ყველა ინფექცია ფილტვების ანთებით გართულდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ნებაყოფლობით დაახველონ, ხველა უხშირესად რეფლექსია, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქ სისტემაში ხველის რეცეპტორების გაღიზიანების შედეგად. ეს რეცეპტორები შემდეგ თავის ტვინში არსებულ ხველის ცენტრში აგზავნიან მესიჯს, რომელიც შემდეგ უკან ბრუნდება ხველის აქტის სახით.

ნორმალურ სიტუაციაში ადამიანი დღეში რამდენჯერმე ახველებს, რათა სასუნთქი გზები სხვადასხვა გამღიზიანებლისაგან გაათავისუფლოს, მაგრამ როდესაც ამ გამღიზიანებლების რაოდენობა დიდია, ან როდესაც სასუნთქი გზები ინფიცირდება, ხველა ხდება ხშირი და გახანგრძლივებული,  ის შეიძლება იყოს შემაწუხებელი და დამღლელი. ასეთი ხველა იწვევა ძილის დარღვევას, მუცლისა და გულმკერდის კუნთების გადაძაბვას და ტკივილს, ის შეიძლება სხვადასხვა სერიოზული დაავადებით იყოს განპირობებული. ამიტომ თუ ხველა გაგრძელდა 5-7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში (რა თქმა უნდა ეს არ ეხება ახალშობილებს ან ადრეული ასაკის ბავშვებს!) და მისი ინტენსივობა არ მცირდება (იგულისხმება მხოლოდ ხველა, და არა დაავადების სხვა ნიშნები, როგორიცაა სუნთქვის გახშირება და გაძნელება, ტემპერატურის მატება და ა.შ.) აუცილებელია ექიმის კონსულტაცია მისი მიზეზების დადგენისათვის.

შემთხვევათა უმრავლესობაში ხველის მიზეზს სასუნთქი სისტემის ინფექციები წარმოადგენენ, მათ შორის ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგიტი, გრიპი ან გაცივება, ფილტვების ანთება, ყივანახველა, ტუბერკულოზი და სხვა. ხველის მიზეზი შეიძლება იყოს  ასთმა, გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, გარემო არის დაბინძურება მტვრით, გამონაბოლქვით და ა.შ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ხველის წარმოქმნის, ისე რესპირაციული ინფექციების შემთხვევაში ხველის გახანგრძლივების ყველაზე ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს სიგარეტის კვამლი, ე.წ. პასიური მოწევა.

ხველის მკურნალობა ძირითადად მიმართული უნდა იყოს მისი გამომწვევი მიზეზისაკენ, ანუ ფილტვის ანთების დროს აუცილებელია ანტიბიოტიკები, ტუბერკულოზის დროს ანტიტუბერკულოზური პრეპარატები, ასთმის დროს - ანტიასთმური და ა.შ. ხოლო ხველის და ბრონქიტის დროს მკურნალობა  ძირითადად სიმპტომურია და მიმართულია ხველის შემსუბუქებისკენ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბრონქიტი ვირუსული ბუნების დაავადებაა და ანტიბიოტიკების გამოყენება ბრონქიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებში უეფექტოა, ზედმეტი და პოტენციურად საშიშიც კი. 

ვინაიდან ხველა ორგანიზმის დამცველობითი პასუხია, მისმა დათრგუნვამ ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებით, განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს სველ, პროდუქტიულ ხველასთან, შეიძლება არა მარტო შეამციროს ხველის დამცველობითი მოქმედება, არამედ შენიღბოს სხვა, უფრო სერიოზული პრობლემა.

ხველის მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ერთი ამოცანის წინაშე ვდგევართ – მივაღწიოთ, რომ ხველა გახდეს სველი და ბავშვმა თავისუფლად შეძლოს ამოხველება. ამოსახველებელი პრეპარატების არჩევანი საკმაოდ დიდია, მაგრამ უმჯობესია ის ექიმმა დაგინიშნოთ.