ანემია ბერძნული სიტყვაა და „უსისხლობას“ ნიშნავს. ამ სახელწოდებით გაერთიანებულია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაავადებების დიდი ჯგუფი, რომლისთვისაც სახასიათოა ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაციის შემცირება თითოეულ ერითროციტში.
ანემიის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გათვალისწინებით, ანემიები იყოფა 3 დიდ ჯგუფად:
I. ანემიები, გამოწვეული სისხლის დაკარგვით.
II. ანემიები, გამოწვეული სისხლწარმოქმნის დარღვევით (დეფიციტური ანემიები და აპლაზიური ანემიები).
დეფიციტური ანემიები ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვის ორგანიზმს არ მიეწოდება, ან ის ვერ მოიხმარს შემდეგ ელემენტებს:
- რკინას,
- ვიტ. B12 და ფოლიუმს, ან
- ცილას.
III. ანემიები, გამოწვეული ერითროციტების გაძლიერებული დაშლით, ე.წ. ჰემოლიზური ანემიები.
ჰემოლიზური ანემია შეიძლება იყოს მემკვიდრული (თანდაყოლილი) ან შეძენილი
IV. სიმპტომური ანემიები - ანემიები სხვადასხვა დაავადებების დროს.
ანემიის კლინიკური გამოვლინებებია: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, მადის გაუკუღმართება, სიფერმკრთალე, ქოშინი, ტაქიკარდია. ეს ის სიმპტომებია, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი. ანემიის ფორმის დასადგენად მოწოდებულია მრავალფეროვანი სპეციფიური ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც უნდა ჩატარდეს პედიატრ-ჰემატოლოგის რეკომენდაციით.
სხვადასხვა სახის ანემიას სხვადასხვა მკურნალობა ესაჭიროება, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ანემიის გენეზის და ფორმის დროულად დადგენა.
ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში გვხვდება რკინადეფიციტური ანემია, რომლის დასადგენად აუცილებელია სპეციფიური ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
საჭიროებისას კეთდება ინსტრუმენტული (გასტროდუოდენოსკოპია, ირიგოსკოპია, კოლონოსკოპია, ულტრაბგერითი კვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია და ტომოგრაფია) და სხვა დამატებითი ლაბორატორიული კვლევები (შარდის ს/ა, აპტის ტესტი, თრომბოციტების რაოდენობრივი და თვისობრივი შესწავლა, კოაგულოგრამა და ა. შ.).
რკინადეფიციტური ანემიების მკურნალობა ხანგრძლივია და ძირითადად მოიცავს რკინის პრეპარატების მიღებას - უპირატესობა ენიჭება 2 ვალენტიანი რკინის შემცველ პრეპარატებს, რაც გრძელდება 4-8 კვირის განმავლობაში. რკინის პრეპარატები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: 1) ორალური და 2) პარენტერალური. უპირატესობა ენიჭება პირველს. რკინა ძირითადად გამოიყენება სულფატის ან ლაქტატის სახით (ეს ფორმები კარგად შეიწოვება, იძლევა მაღალ თერაპიულ ეფექტს და მინიმალურ გართულებებს). პედიატრიულ პრაქტიკაში იყენებენ შემდეგ ორალურ რკინის პრეპარატებს: აქტიფერინი, ჰემოფერი, ტოტემა, ფეროვერონი, ფერამიდი, ფეროპლექსი, კონფერონი, ფერობეტი, მალტოფერი, ორფერონი, სორბიფერ-დურულესი, ფერუმ-ლეკი და სხვა.
სწორი დიაგნოზი და ადექვატური მკურნალობა რკინადეფიციტური ანემიისაგან სრული განკურნების საწინდარია, თუმცა ეს პაციენტები საჭიროებენ პედიატრის მეთვალყურეობას 6 თვის განმავლობაში, სისხლის ანალიზის ყოველდღიური კონტროლით.