მაღალი სიცხე ბავშვებში

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

მაღალი ტემპერატურა (ცხელება) ნორმალური საპასუხო რეაქციაა სხვადასხვა მდგომარეობაზე, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია ინფექცია. სხეულის ტემპერატურის ნორმალური ცვალებადობის გამო, მაღალ სიცხეს ერთმნიშვნელოვნად ვერ განვსაზღვრავთ. თუმცა, ქვემოთ მოცემულია საყოველთაოდ მიღებული მაჩვენებლები:   

  • რექტალური ტემპერატურა 38ºC ზემოთ
  • იღლიის ტემპერატურა 37.2ºC ზემოთ
  • ყურის (დაფის აპკის) ტემპერატურა 38ºC ზემოთ
  • შუბლის (საფეთქლის არტერიის) ტემპერატურა 37,4ºC ზემოთ
  • ორალური ტემპერატურა 37.8ºC ზემოთ

იღლიის, ყურის და შუბლის ტემპერატურის გაზომვა უფრო ადვილია, ვიდრე რექტალური ან ორალური ტემპერატურის, თუმცა ნაკლებად ზუსტია და უნდა გადამოწმდეს რექტალურად ან ორალურად ზოგიერთ შემთხვევაში.

მაღალი სიცხის მიზეზები 

მაღალი სიცხის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს ინფექცია. მაღალ სიცხეს ძირითადად  იწვევს ისეთი ვირუსული და ბაქტერიალური დაავადებები, როგორიცაა გაციება, გასტროენტერიტი, ყურის ინფექციები, სასუნთქე გზების ინფექციები და საშარდე გზების ინფექციები. მეცნიერულად არ არის დამტკიცებული ფართოდ გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ კბილების ამიჭრა იწვევს მაღალ სიცხეს. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამ აზრის მთლიანად უარყოფა, უნდა მოიძებნოს მაღალი სიცხის ალტერნატიული მიზეზები და 38.9°C -ზე მაღალი ტემპერატურა არ უნდა მიეწეროს კბილების ამოჭრას.   

სამ თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვის ჩაფუთვა უამრავ ტანსაცმელსა და საბნებში შეიძლება გახდეს ბავშვის ტემპერატურის ოდნავ მატების მიზეზი. თუმცა 38.5ºC -ზე მაღალი რექტალური ტემპერატურა არ შეიძლება იყოს გამოწვეული ზედმეტი ჩაფუთვით და უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზები.

როგორ ვუზომავ ჩემ ბავშვს ტემპერატურას?

ბავშვის ტემპერატურის გაზომვის საუკეთესო გზა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ყველა ბავშვში რექტალური ტემპერატურა ყველაზე ზუსტია. იღლიაში, ყურში ან შუბლზე გაზომილი ტემპერატურაც ნაკლებად ზუსტია და უნდა გადამოწმდეს რექტალური ან ორალური ტემპერატურის გაზომვით ზოგ შემთხვევაში.

ბავშვის კანზე შეხებით ტემპერატურის დადგენა არ არის ტემპერატურის გაზომვის ზუსტი მეთოდი. მას ეწოდება ტაქტილური ტემპერატურა, და ის ბევრად არის დამოკიდებული იმ პიროვნების ტემპერატურაზე, რომელიც ეხება ბავშვის კანს. 

შუშის თერმომეტრი ციფრული თერმომეტრის წინააღმდეგ - ციფრული თერმომეტრები არ არის ძვირი, ხელმისაწვდომია და წარმოადგენს ტემპერატურის გაზომვის ზუსტ მეთოდს. არსებობს მათი სხვადასხვა სახეობა.  

შუშის თერმომეტრები, რომლებიც შეიცავს ვერცხლისწყალს, არ არის რეკომენდებული ვერცხლისწყლის (რომელიც ტოქსიკურია) ზემოქმედების პოტენციური რისკის გამო თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში. თუ არ გაქვთ ციფრული თერმომეტრი, ფრთხილად „დაბერტყეთ“ შუშის თერმომეტრი გამოყენების წინ.  

არსებობს თერმომეტრის სხვა სახეობებიც, მათ შორის პლასტიკური ზოლები და საწოვარა თერმომეტრი. თუმცა ისინი არ არის ისე ზუსტი, როგორც ციფრული თერმომეტრები, და ამიტომ არ არის რეკომენდებული.

როდის ვუმკურნალოთ მაღალ სიცხეს?

სიცხის საწინააღმდეგო თერაპიას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაღალი სიცხე ებრძვის ინფექციას, თუმცა ის უსიამოვნოა ბავშვისთვის.

ბავშვის მაღალი ტემპერატურა არ არის ყოველთვის იმის მაჩვენებელი, რომ ბავშვს ესაჭიროება მკურნალობა და/ან სიცხის შემოწმება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა ბავშვი. ჩვეულებრივ, მაღალ სიცხეს ახლავს გარკვეული სიმპტომები. ზოგიერთი სიმპტომი უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაღალი სიცხე არ აღინიშნება, მათ შორის:

  • ბავშვი არ რეაგირებს, უჭირს გაღვიძება, ან აღენიშნება სისუსტე
  • უჭირს სუნთქვა
  • გაულურჯდა ტუჩები, ენა ან ფრჩხილები
  • წინ იხრება და ნერწყვს გამოჰყოფს
  • აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი
  • აღენიშნება ძლიერი მუცლის ტკივილი
  • აღენიშნება გამონაყარი ან სისხლჩაქცევისმაგვარი მუქი წითელი ლაქები კანზე (რომლებიც ბავშვს არ აღენიშნებოდა, სანამ ავად გახდებოდა)
  • უარს ამბობს რაიმის დალევაზე ან იმდენად დასუსტებულია, რომ ვერ სავმს
  • განუწყვეტლივ ტირის
  • ზედმეტად განერვიულებული და გაღიზიანებულია
  • აღენიშნება ისეთი სიმპტომი, როგორიცაა ყელის ან ყურის ტკივილი
  • აღენიშნება ტკივილი მოშარდვის დროს

გაითვალისწინეთ:

სამ თვემდე ასაკის ჩვილი, რომელსაც აღენიშნება რექტალური ტემპერატურა  38ºC ან მეტი, უნდა იქნას შემოწმებული, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურება იგი. ასეთ პაციენტებს არ უნდა მიაღებინონ სიცხის დამწევი მედიკამენტები, სანამ არ გაივლიან კონსულტაციებს ექიმთან.

სიცხის მკურნალობის მეთოდები

მედიკამენტები - პირველი არჩევანი სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატებში არის პარაცეტამოლი (კომერციული დასახელება: პანადოლი, კალპოლი) ან იბუპროფენი (კომერციული დასახელება: ნუროფენი, იბუფენი, ბებიტი). მოცემული საშუალება  შეამსუბუქებს ბავშვის მდგომარეობას და დასწევს მის ტემპერატურას  1 - 1.5ºC-ით. ასპირინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებისათვის, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ მძიმე დაავადება, როგორიცაა რეის სინდრომი.

პარაცეტამოლის მიცემა შეიძლება 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ მაქსიმუმ ხუთჯერ 24 საათის განმავლობაში. პარაცეტამოლი არ უნდა იქნას გამოყენებული 3 თვემდე ასაკის ჩვილებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პარაცეტამოლის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის

იბუპროფენის მიცემა შეიძლება ყოველ 6 საათში ერთხელ. იბუპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული ექვს 3 თვემდე ასაკის ბავშვებში. იბუპროფენის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის.

პარაცეტამოლის და იბუპროფენის კომბინაციის ან მათი შემცვლელის მიცემა დაკავშირებულია ერთი ან მეორე მედიკამენტის არასწორი დოზის მიცემის რისკთან.

სიცხის დამწევი მედიკამენტები უნდა მიეცეს ბავშვს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მათი მიცემა უნდა შეწყდეს როგორც კი გაქრება შემაწუხებელი სიმპტომები.

მეტი სითხის მიცემა - მაღალი სიცხის შედეგად შეიძლება მოხდეს ბავშვის ორგანიზმის დეჰიდრატაცია (გაუწყლოება). ამგვარი რისკის შემცირების მიზნით მშობლებმა უნდა დაალევინონ ბავშვს სითხის ადეკვატური ოდენობა. მაღალი სიცხის დროს ბავშვებს შესაძლოა არ ჰქონდეთ შიმშილის გრძნობა და არ არის აუცილებელი დააძალოთ ჭამა. თუმცა მათ ხშირად უნდა დაალევინოთ სითხეები. თუ რამოდენიმე საათის განმავლობაში ბავშვს არ სურს ან არ შეუძლია სითხის მიღება, მშობლებმა უნდა მიმართონ ექიმს.

დასვენება -  მაღალი სიცხე ბავშვებში იწვევს დაღლილობის გრძნობას და სისუსტეს. ამ პერიოდში მშობლებმა უნდა შეუწყონ ბავშვს ხელი დაისვენოს იმდენ ხანს, რამდენიც უნდა. არ არის აუცილებელი აიძულოთ ბავშვი დაიძინოს ან დაისვენოს, თუ ის უკეთ გრძნობს თავს.

დაზელვა - დაზელვა არ არის ისე ეფექტური, როგორც მედიკამენტები მაღალი სიცხის დროს და საერთოდ არ არის რეკომენდებული. დაზელვის დროს არ უნდა გამოიყენოთ ალკოჰოლი და ძმარი, რადგან ის შესაძლოა დააზიანოს კანი და ალერგიული რეაქცია მისცეს.