კვების ოპტიმალური ფორმულა
XXI საუკუნეში მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი ადაპტაციის ზღურბლზე იმყოფება. ყველა ჩვენთაგანს უნდა გააჩნდეს სიმყარის გარკვეული მარაგი, რაც ჩვენი ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების დონეს ასახავს. ექიმებისათვის კარგად არის ცნობილი ე.წ. “დატვირთვის სინჯები”, რომლებიც გამოიყენება ცალკეული ორგანოების და სისტემების ფუნქციონირების ფარული დეფექტების გამოვლენის მიზნით. ჩვენი ცხოვრება ასეთ დატვირთვებს ყოველდღიურად გვთავაზობს – ეს არის რთული ეკოლოგიური სიტუაცია, ემოციური და ფიზიკური სტრესი. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავძლიოთ ადაპტაციური დაძაბულობა, ეს არის სრულფასოვანი, ოპტიმალური კვება.
ჩვენი კვება დღეს ორი უკიდურესობით ხასიათდება. ერთი მხრივ, ეს არის ცხოველური ცხიმების ჭარბი გამოყენება, რასაც მივყევართ სხეულის წონის მატებამდე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზის განვითარებამდე და, საბოლოო ჯამში, სიკვდილიანობის მატებამდე. მეორე მხრივ, ეს არის სრულფასოვანი ცხოველური ცილების დეფიციტი, რაც განაპირობებს მასისა და სიმაღლის დაქვეითებას.
ამასთან ერთად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ე.წ. მიკრონუტრიენტების (ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, მიკროელემენტების) დეფიციტი. ბავშვებში ეს განაპირობებს ანთროპომეტრული მაჩვენებლების ჩამორჩენას, შრომის-უნარიანობის დაქვეითებას, დაავადებების მიმართ ბრძოლისუნარიანობის შემცირებას. მიკრონუტრიენტების დეფიციტი ყველა ქვეყნის მოსახლეობისათვის დამახასიათებელ საერთო ტენდენციას წარმოადგენს.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელსაც ჯერჯერობით კარგად ვერ ვაცნობიერებთ, ჩვენი ენერგოდანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს. დღეისათვის ჩვენი ენერგოდახარჯები საშუალოდ 2000 კილოკალორიაა. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მიზეზი – ზოგადი სოციალური პირობები და მოსახლეობის დიდი ნაწილის დაუსაქმებლობა. ამასთან მიკრონუტრიენტების მოთხოვნილება კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.
ასე რომ, XXI საუკუნის კვების ფორმულა, რომელიც ერთნაირად აქტუალურია როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისათვის – ეს არის ნატურალური ტრადიციული პროდუქტები და ბალანსირებული, ოპტიმალური, მიკრონუტრიენტებით მდიდარი საკვები.
ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით მიღება მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. განვითარებად ქვეყნებში ის მჭიდროდ არის დაკავშირებული შიმშილთან ან არასაკმარის კვებასთან, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებშიც ვიტამინების მიღება არ შეესამება რეკომენდებულ ნორმებს. ის საკმარისია ვიტამინების დეფიციტის თავიდან აცილებისათვის, თუმცა არ არის საკმარისი ორგანიზმის მოთხოვნილების ოპტიმალური დაკმაყოფილები-სათვის.
ვიტამინები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის. ისინი არ სინთეზირდებიან ორგანიზმში და ადამიანს მხოლოდ საკვებთან ერთად მიეწოდებათ.
საკვებში ვიტამინების არარსებობამ ადამიანის ორგანიზმში მძიმე დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. დღეისათვის ავიტამინოზი იშვიათია. გაცილებით ხშირია ვიტამინების დეფიციტი – ჰიპოვიტამინოზი - ერთი ან რამდენიმე ვიტამინის დეფიციტი. ჰიპოვიტამინოზს სეზონური ხასიათიც აქვს: ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ორგანიზმი გარკვეულწილად გაჯერებულია ვიტამინებით ასე მაგალითად, С-ვიტამინის მარაგი შეიძლება შენარჩუნდეს 2-6 თვის მანძილზე. თუმცა ზოგიერთი ვიტამინი სწრაფად იშლება და აუცილებელია მისი მუდმივი მიწოდება. ეს განსაკუთრებით ეხებს ვიტამინებს А, D, B1, B2, PP.) ზამთრის გამნავლობაში, თუ არ მოხდა ვიტამინების დამატებითი მიწოდება, ვიტამინების მარაგი განილევა და ვითარდება ჰიპოვიტამინოზი. ვიტამინებზე მოთხოვნილება მატულობს ასევე ფიზიკური დატვირთვის მატების, ორგანიზმის გადაცივების, რიგი დაავადებების და სხვ. დროს.
ორგანიზმში ვიტამინების მიწოდება შეიძლება არასაკმარისი იყოს კვების პროდუქტების არასწორი დამუშავების გამოც, როგორიცაა კონსერვირება, შებოლვა, გახმობა, გაყინვა და ა.შ.
ჰიპოვიტამინოზის ნიშნებს წარმოადგენს სისუსტე, სწრაფი დაღლილობა, მადის დაქვეითება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, აპათია, დაავადებების მიმართ მდგრადობის დაქვეითება და სხვ.
დღეისათვის მრავალი ვიტამინია ცნობილია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ძირითადს შევეხოთ.
ვიტამინი А (რეტინოლი) აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის, ზრდისათვის, უჯრედული დიფერენცირები-სათვის, იმუნური სისტემის მთლიანობისათვის. მას გააჩნია სიმსივნური პროცესების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც მისი იმუნომასტიმულირებელი მოქმედების გზით ხორციელდება. ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილება ვიტამინი А-ზე 1,5 მგ, ხოლო კაროტინზე 3 მგ-ს შეადგენს.
ვიტამინი А-ს დეფიციტი ხშირია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. მისი უკმარისობის ჩვეულებრივ ნიშნებს წარმოადგენს ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე) და ქსეროფტალმია (თვალის კონიუნქტივის და რქოვანას პროგრესირებადი დაზიანება). გარდა ამისა შეიძლება აღინიშნოს უმადობა, ინფექციური დაავადებების მიმართ მომატებული მიმღებლობა, სასუნთქQი სისტემის ეპითელის დაზიანება, ფერების აღქმის დარღვევა და სხვ.
კვების პროდუქტებში ვიტამინი А-ს ძირითად წყაროს წარმოადგენს ღვიძლი (3.000-15.000 მკგ) და თევზის ქონი. მნიშვნელოვანია მისი შემცველობა რძეში (50-70 მკგ/100 გ), რძის პროდუქტებში, კვერცხში, ქათმის ხორცში (20-100 მკგ/100 გ). სხვა ხორცი და თევზი ღარიბია ვიტამინი А-თი (0-30 მკგ/100 გ). მაღალია ვიტამინი А-ს პროვიტამინის (კაროტინის) შემცველობა სტაფილოში (2.000-7.000 მკგ/100 გ), ფოთლოვან ბოსტნეულში (2.000-3.000 მკგ/100 გ), პომიდორში (700-1200/100გ), მწვანე ხახვში, ჭერამში, ლიმონში, ფორთოხალში, ჟოლოში, გოგრაში.
ვიტამინი А არამდგრადია ჟანგბადის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ამიტომ მიზანშეწონილია კაროტინის შემცველი პროდუქტების შენახვა სიბნელეში.
ვიტამინი. ამ ვიტამინის დეფიციტი რაქიტის განვითარებას იწვევს. რაქიტი სოციალურად დეტერმინირებულ პათოლოგიას წარმოადგენს და მისი გავრცელება დამოკიდებულია ცხოვრების და კულტურის დონეზე, კლიმატურ პირობებზე. განვითარებულ ქვეყნებში კლასიკური ვიტამინ-D-დამოკიდებული რაქიტი პრაქტიკულად არ გვხვდება.
რაქიტის პირველ ნიშნებს ნერვული სისტემის ცვლილებები წარმოადგენენ. ბავშვი ხდება აღგზნებადი, ჭირვეული, ხშირად ტირის. გვიანდება ყიფლიბანდის დახურვა, დეფორმირდება გულმკერდი, თავი, ქვემო კიდურები. ამის მიზეზი ვიტამინი D-ს დეფიციტის გამო ძვლებში კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის და სხვა მიკროელემენტების დონის შემცირებაა. კალციფეროლის უკმარისობა მოზრდილებში იშვიათად ვითარდება და ვლინდება ოსტეოპოროზისა და ოსტეომალაციის სახით. კალციფეროლის დეფიციტი ვითარდება ასევე ორსულებში, რომლებიც ცალმხრივ ნახშირწყლოვან კვებაზე იმყოფებიან და ხანშიშესულებში, თუ ისინი არ იღებენ ცხოველურ პროდუქტებს.
ვიტამინი D-ს მაღალი შემცველობაა ზღვის თევზებში, კარაქში, რძეში, კვერცხის გულში, ხიზილალაში. ენდოგენური ვიტამინიBBD-ს აქტიურობა მატულობს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნილება ვიტამინი DD-ს მიმართ 500-1000 ს.ე. შეადგენს.
თიამინი (ვიტამინი В1) უშუალო მონაწილეობას იღებს ნახშირწყლების ცვლაში. ამ ვიტამინის უკმარისობის დროს ვითარდება ე.წ. კვებითი პოლინევრიტი. წარსულში ეს დაავადება ცნობილი იყო ბერი-ბერის სახელწოდებით. ის ძირითადად იმ ქვეყნებში გვხვდება, რომელთა მოსახლეობა ძირითადად ე.წ. “პოლირებული” ბრინჯით იკვებება. ევროპაში ეს დაავადება იშვიათად გვხვდება, ვინაიდან რიგი კვების პროდუქტი – შავი პური, ბოსტნეული–საკმარისი რაოდენობით თიამინს შეიცავს. ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნილება თიამინზე 1-2 მგ-ს შეადგენს.
უმაღლესი ხარისხის ფქვილის მიღების მიზნით მარცვლოვანების დამუშავების ტექნიკის სრულყოფამ, რამაც გამოიწვია კვების პრადუქტების ბიოლოგიური ღირებულების დაქვეითება, ცუდი სამსახური გაუწია კაცობრიობას. ჩვენთან ამ მხრივ მდგომარეობა ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა – მოიმატა უხეში დაფქვის და ვიტამინიზირებული პურპროდუქტების რაოდენობამ. თიამინის შედარებითი უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს კვების რაციონში ნახშირწყლების სიჭარბემ, ქრონიკულმა ალკოჰოლიზმმა, ქრონიკული ენტერიტებისა და კოლიტების დროს ნაწლავებში თიამინის შეწოვის დაქვეითებამ.
თიამინის მაღალი შემცველობით ხასიათდება უხეში დაფქვის პური, ბურღულეული, ღვიძლი და სხვ.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი С) მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ბიოქიმიურ რეაქციაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, ნორმალური იმუნური და ჰემატოლოგიური სტატუსის შენარჩუნებას.
ასკორბინის მჟავის მნიშვნელოვანი დეფიციტის დროს ვითარდება სისხლძარღვთა კედლების განვლადობის მომატება, რაც განაპირობებს ჰემოსტაზის დარღვევას და მრავლობითი სისხლჩაქცევების განვითარებას. С ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება ზოგადი მდგომარეობის დარღვევა: სისუსტე, სწრაფი დაღლილობა, გაღიზიანებადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ღრძილებიდან სისხლდენა, ანემია.
С ვიტამინი შედის ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ასკილი, მოცხარი, ტკბილი წიწაკა, პირშუშხა, კომბოსტო, ციტრუსები. მისი შემცველობა კარტოფილში შედარებით დაბალია, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ რაციონში კარტოფილის მაღალი წილის გამო, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის С ვიტამინით უზრუნველყოფაში.
ყველა ზემოაღნიშნული ჰიპოვიტამინოზების მკურნალობა, მძიმე შემთხვევების გარდა, მარტივია, თუმცა დღისათვის ეს ყველასათვის ხელმიუწვდომელია – ეს არის სრულფასოვანი კვება. თუმცა მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მიღება საკმარისი არ არის. ხილი და ბოსტნეული ძირითადად კაროტინის, ასკორბინის და ფოლიუმის მჟავის საწყისს წარმოადგენს. А და В ჯგუფის ვიტამინების, Е ვიტამინის წყაროს ისეთი მაღალკალორიული პროდუქტები წარმოადგენენ, როგორიცაა შავი პური, კარაქი, ზეთი, რძე და რძის პროდუქტები, ბურღულეული, ხორცის პროდუქტები, კარტოფილი. ასე რომ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ოპტიმალური კვების ფორმულას – მიიღეთ ნატურალური ტრადიციული პროდუქტები და ბალანსირებული, ვიტამინებით და მიკრონუტრიენტებით მდიდარი საკვები.
ვიტამინების შემცველობა ზოგიერთ საკვებ პროდუქტში
პროდუქტი |
რეტინოლი |
კაროტინი |
კალციფეროლი |
ტოკოფეროლი |
ასკორბინის მჟავა |
პირიდოქსინი |
რძე |
0,02 |
0,01 |
… |
… |
0,6 |
… |
ზეთი |
… |
… |
42,0 |
… |
… |
… |
მაიონეზი |
0,02 |
კვალი |
… |
32,0 |
კვალი |
0,01 |
კარაქი |
0,59 |
0,38 |
… |
… |
კვალი |
… |
კარტოფილი |
0 |
0,02 |
… |
0,10 |
20,0 |
0,30 |
ხახვი |
0 |
კვალი |
… |
0,20 |
10,0 |
0,12 |
სტაფილო |
0 |
9,0 |
… |
0,63 |
5,0 |
0,13 |
ნიორი |
0 |
კვალი |
… |
… |
10,0 |
0,60 |
ვაშლი |
0 |
0,03 |
… |
0,63 |
16,0 |
0,08 |
ლიმონი |
0 |
0,01 |
… |
… |
40,0 |
0,06 |
კვერცხი |
0,25 |
0,06 |
2,20 |
2,00 |
… |
0,14 |