ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა. იგი გამოიმუშავებს ორ ძირითად ჰორმონს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთირებათა ცვლის სიჩქარეს. უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აკონტროლებს თავის ტვინში განლაგებული ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს თირეოტროპულ ჰორმონს (TSH). TSH ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რომ წარმოქმნას თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი(T3).
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება. ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე ხშირი დაავადებაა. იგი დიაგნოსტირდება სისხლში TSH დონის მომატებით, FT4 - შემცირებულია ან ზოგ შემთხვევაში ნორმაშიც შეიძლება იყოს.
ჰიპოთირეოზი 95% შემთხვევაში ვითარდება უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამო და მას პირველადი ჰიპოთირეოზი ეწოდება. იოდის დეფიციტი წარმოადგენს ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირ მიზეზს. თუმცა იოდის გადაჭარბებულად დიდმა დოზებმაც შეიძლება გამოიწვიოს იგივე პრობლემა. გარკვეულ მედიკამენტებს შეუძლია დააღვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი. ჰიპოთირეოზის მიზეზი ხშირად ავტოიმუნური თირეოიდიტია, როდესაც საკუთარი იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის ფარისებრ ჯირკვალს და ახდენს მისი ფუნქციის დათრგუნვას ასევე ფარსიებრი ჯირკვლის ამოკვეთა და რადიოიოდთერაპია, რომელიც გამოიყენება ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ იწვევს ჰიპოთირეოიდულ მდგომარეობას.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უფრო ხშირია ქალებში და მათი სიხშირე იზრდება ასაკთან ერთად.
როგორ გამოვიცნოთ ჰიპოთირეოზი? ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები მეტად მრავალფეროვანი და არასპეციფიკურია, რაც ნიშნავს იმას, რომ იგივე ნიშნები შეიძლება სხვა მდგომარეობის დროსაც შეგვხვდეს და არ მიუთითებს მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაზე. ზოგიერთ პაციენტში ჰიპოთირეოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგიერთში კი სიმპტომები და ნიშნები მეტად გამოხატულია. იშვიათად, რომ ჰიპოთირეოზს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები ახლდეს თან.
ზოგადი სიმპტომები - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, შესაბამისად, სიმპტომების უმეტესობა მეტაბოლიზმის შენელებასთან არის დაკავშირებული. ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, უღონობა, ძილიანობა, წონაში მატება, სიცივის აუტანლობა.
კანი – ჰიპოთირეოზი ამცირებს ოფლის გამოყოფას. კანი შეიძლება იყოს მშრალი და გასქელებული.
თვალები – ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების უპეების შეშუპება, რასაც პერიორბიტალური შეშუპება ეწოდება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ჰიპოთირეოზი ამცირებს გულისცემასა და გულის შეკუმშვის უნარიანობას, ამდენად ამცირებს მის ფუნქციას. ამასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს. ეს სიმპტომები შეიძლება მეტად გამოხატული იყოს ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გულის დაავადება. ასევე ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება, მას ახასიათებს უპირატესად დიასტოლური, ე.წ. ქვედა წნევის მატება და ასევე ქოლესტეროლის დონის მომატება სისხლში.
სასუნთქი სისტემა – ჰიპოთირეოზი ასუსტებს სასუნთი კუნთებს და ამცირებს ფილტვების ფუნქციას. შესაბამისად, სიმპტომები შეიძლება იყოს ადვილად დაღლა, ქოშინი ფიზიკური აქტივობის დროს და ფიზიკური აქტივობის აუტანლობა. ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს ენის შეშუპება, ხმის დაბოხება და ღამის ძილის აპნოე. ძილის აპნოე ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება სასუნთი გზების გარდამავალი დახშობა, რაც ძილის დროს გარკვეული პერიოდულობით სუნთქვის გაჩერებას იწვევს. ძილის აპნოე არის არასრულფასოვანი ძილის, დღის მანძილზე ძილიანობის მიზეზი და მრავალი მეტაბოლური დარღვევის რისკ ფაქტორი.
კუჭ-ნაწლავის სისტემა – ჰიპოთირეოზი ანელებს მომნელებელი სისტემის მუშაობას, იწვევს შეკრულობას.
რეპროდუქციული სისტემა – ქალებს ჰიპოთირეოზით ხშირად აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი: მენსტრუალური ციკლის არ არსებობიდან დაწტყებული, ხშირი და ძლიერი სისხლდენებით დამთავრებული. მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლი შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი. ჰიპოთირეოზის მქონე ორსულ ქალებს გაზრდილი აქვთ სპონტანური აბორტის რისკი ორსულობის ადრეულ ვადაზე. ჰიპოთირეოზის დროული მკურნალობა ამცირებს ამ რისკებს.
ნერვული სისტემა – ჰიპოთირეოზი იწვევს ნევრული სისტემის მუშაობის შენელებას. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გუნება-განწყობის დაქვეითება, აპათიურობა, დეპრესიულობა, ძილიანობა. ასევე შესაძლოა დაქვეითდეს გონებრივი შრომისუნარიანობა, რაც გამოიხატება დასწავლის უნარების დაქვეითებით, მეხსიერების პრობლემებითა და სიზარმაცით.
მიქსედემური კომა – პაციენტებში მძიმე ჰიპოთირეოზმა, ტრავმამ, ინფექციამ, სიცივესთან ხანგრძლივმა კონტაქტმა და გარკვეულმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რასაც მიქსიდემური კომა ეწოდება, იგი ხასიათდება გონების კარგვითა და ტემპერატურის დაქვეითებით, რასაც ჰიპოთერმია ეწოდება.
ჰიპოთირეოზი სიმპტომების გარეშე – ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპოთირეოზი მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე (ეწოდება სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი). სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მკურნალობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ამასთან დაკავშირებით ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა ექიმებს შორის არ არსებობს. თუმცა ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის მკურნალობა უნდა დაიწყოს, როდესაც TSH > 10 მკსე/მლ-ზე, რათა მოხდეს მანიფესტირებული ჰიპოთირეოზისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების პრევენცია. მკურნალობა ასევე რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჩიყვი ან ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი არასპეციფიკური ჩივილები, მაგ., როგორიცაა: დაღლილობა, შეკრულობა, დეპრესია.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებას ჰიპერთირეოზი ეწოდება. ჰიპერთირეოზი დიაგნოსტირდება სისხლში TSH შემცირებით, ხოლო FT4 – მომატებული, ან ზოგ შემთხვევაში ნორმაშიც შეიძლება იყოს. ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დიდი რაოდენობა ტოქსიკურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ამ მდგომარეობას თირეოტოქსიკოზი ეწოდება.
გრეივსის დაავადება ჰიპერთირეოზის ყველაზე ხშირი მიზეზია. გრეივსის დაავადების დროს იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის საკუთარ ორგანოს – ფარისებრ ჯირკვალს. იმუნური სისტემის უჯრედები გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც TSH მსგავსად მოქმედებენ და ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რომ წარმოქმნას დიდი რაოდენობით ჰორმონები. გრეივსის დაავადება უხშირესად ვითარდება 20-დან 40 წლამდე ქალებში, თუმცა ასევე შეიძლება განვითარდეს მამაკაცებშიც. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ხშირ შემთხვევაში დიდდება ზომაში, რასაც ჩიყვი ეწოდება.
სხვა მიზეზები: ჰიპერთირეოზის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ერთი ან მეტი კვანძი. თუკი კვანძი ავტონომიურად გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონებს, მას ავტონომიური ან ცხელი კვანძი ეწოდება. როდესაც ჰიპერთირეოზის მიზეზი ერთი ავტონომიური კვანძია – მას ტოქსიკური ადენომა ჰქვია, ხოლო როდესაც თირეოტოქსიკოზს მრავალი ცხელი კვანძი იწვევს – მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი. ასევე გარდამავალი თირეოტოქსიკოზის მიზეზი შეიძლება იყოს ავტოიმუნური თირეოიდიტი, ორსულობის შემდგომი თირეოიდიტი, ქვემწვავე და მწვავე თირეოიდიტი, გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ იოდს ასევე შეიძლება გამოიწვიონ თირეოტოქსიკოზი. და ბოლოს, ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ გადაჭარბებული დოზით თიროქსინის მიღება თირეოტოქსიკოზის არც თუ იშვიათი მიზეზია.
როგორ გამოვიცნოთ ჰიპერთირეოზი?
ზოგადი სიმპტომები - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ მეტაბოლიზმის სიჩქარეს, შესაბამისად, სიმპტომების უმეტესობა ნივთიერებათა ცვლის აჩქარებასთან არის დაკავშირებული. ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს სისუსტე, უღონობა, სიცხის აუტანლობა.
კანი – ჰიპერთირეოზი ზრდის ოფლის გამოყოფას. კანი შეიძლება იყოს ნოტიო, ხოლო ტემპერატურა კი- მომატებული.
თვალები – ჰიპერთირეოზმა (უხშირესად გრეივსის დაავადება) ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თვალების სპეციფიკური დაზიანება, რასაც გრეივსის ოფთალმოპათია ან თირეოიდ ასოცირებული ორბიტოპათია ეწოდება. იგი ხასიათდება თვალის სიმშრალით, თვალის სიწითლითა და გაღიზიანებით, უშუალოდ თვალის ქსოვილის, ასევე ქუთუთოებისა და თვალის ირგვლივი – პერიორბიტალური შეშუპებით, ქუთუთოების შეწითლებით, თვალებში წვის, ქვიშის ჩავარდნისა და ტკივილის შეგრძნებით. შორს წასულ შემთხვევებში კი ვითარდება თვალების წინ წამოწევა – ეგზოფთალმი და გაორება. უმძიმეს შემთხვევებში გრეივსის ოფთალმოპათიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ნერვზე ზეწოლა და სიბრმავე. გრეივსის ოფთალმოპათიის განვითარებისა და მკურნალობის წარუმატებლობის მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს მწეველობა, ასევე რადიოიოდთერაპია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ჰიპერთირეოზი ზრდის გულისცემასა და გულის შეკუმშვის უნარიანობას, ამდენად ზრდის მის ფუნქციას. ამასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება იყოს გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, არარეგულარული პულსი ხშირი ექსტრასისტოლების გამო ე.წ. პულსის ამოვარდნები. თირეოტოქსიკოზის ყველაზე საშიში გართულება გულის რითმის დარღვევებია, უხშირესად ვითარდება მოციმციმე არითმია, თუმცა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი სახის არითმია, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. არითმიები უხშირესად ვითარდება ასაკოვან პაციენტებში 65 წლის ზემოთ, ან უკვე არსებული გულის დაავადების მქონე პირებში. ჰიპერთირეოზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება, მას ახასიათებს უპირატესად სისტოლური, ე.წ. ზედა წნევის მატება და ქოლესტეროლის დონის შემცირება სისხლში.
სასუნთქი სისტემა – ჰიპერთირეოზის დროს განვითარებულმა ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მნიშვნელოვანმა მომატებამ, რასაც ჩიყვი ეწოდება შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლის სინდრომი და სუნთქვის გაძნელება.
კუჭ-ნაწლავის სისტემა – ჰიპერთირეოზი აჩქარებს მომნელებელი სისტემის მუშაობას, შესაბამისად ხშირად იწვევს ფაღარათს. პაციენტები აღნიშნავენ წონაში კლებას მოუხედავად შეუცვლელი ან ხშირ შემთხვევაში მომატებული მადისა და კვების ფონზე.
რეპროდუქციული სისტემა – ქალებს ჰიპერთირეოზით ხშირად აღენიშნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი: მენსტრუალური ციკლის არ არსებობიდან დაწყებული, ხშირი და ძლიერი სისხლდენებით დამთავრებული. მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლი შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი. ჰიპერთირეოზმა მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების გადიდება და მომატებული მგრძნობელობა, ასევე ერექციის დისფუნქცია, რომელიც მკურნალობის შედეგად სრულიად აღდგება.
ნერვული სისტემა – ჰიპერთირეოზი იწვევს ნევრული სისტემის მუშაობის აჩქარებას. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ემციური ლაბილობა, ადვილად გაღიზიანებადობა, ტირილიანობა, შორს წასულ შემთხვევებში კი - ფსიქოზებიც კი. ასევე ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელია ხელების კანკალი, დაწყებული ხელების მსუბუქი ტრემორიდან დამთავრებული მთელი სხეულის ცახცახით. პაციენტებს შეიძლება აწუხებდეთ ხელის და ფეხის კუნთების სისუსტე – უჭირთ სკამიდან წამოდგომა, კიბეზე ასვლა, ხელში სიმძიმის დაჭერა. ამ მდგომარეობას პროქსიმალური და დისტალური მიოპათია ეწოდება. პაციენტებს თირეოტოქსიკოზით ხშირად აქვთ ძილის პრობლემა, უჭირთ ჩაძინება, ხშირად ეღვიძებათ ღამით.
თირეოტოქსიკური კრიზი – პაციენტებში მძიმე ჰიპერთირეოზმა, ტრავმამ, ინფექციამ, გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რასაც თირეოტოქსიკური კრიზი ეწოდება. თირეოტოქსიკური კრიზი ხასიათდება გულისცემის მკვეთრი მომატებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, წნევის დაცემით, არითმიითა და დროული მკურნალობის გარეშე ლეტალური გამოსავლით ანუ სიკვდილით.
ჰიპერთირეოზი სიმპტომების გარეშე – ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერთირეოზი მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. ხშირ შემთხვევაში უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს ასაკოვან პაციენტებს, რომლებშიც ერთადერთი გამოვლინება შეიძლება იყოს მოციმციმე არითმია ან სხვა სახის გულის რითმის მოშლა. ასაკოვან ასიმპტომურ პაციენტებში რეკომენდებულია 24 სთ-იანი ეკგ მონიტორინგი და არითმიის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება. სხვა შემთხვევაში მკურნალობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ექიმებში და ამასთან დაკავშირებით ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა არ არსებობს. თუმცა ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ უსიმპტომო თირეოტოქსიკოზის მკურნალობა უნდა დაიწყოს, როდესაც TSH <0.01 მკსე/მლ-ზე და პაციენტებში მოციმციმე არითმიის დადასტურების დროს. პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ არითმია 24 სთ-იანი ეკგ კვლევით, თუმცა არიან მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების თვალსაზრისით ზოგიერთი ექსპერტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მხოლოდ ბეტა ადრენობლოკატორების გამოყენებას.
პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და ნიშნები აუცილებლად უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს, რათა დროულად მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის აღმოჩენა. ადრეული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.