ორსულობის დროს ძალზედ მნიშვნელოვანია ორსულის მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც გულისხმობს:
- მრავალფეროვანი საკვების მიღებას საჭირო ოდენობით;
- ვიტამინებისა და მინერალების დანამატების მიღებას საჭიროებისამებრ;
- თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარებისაგან თავის არიდებას;
- უსაფრთხოების მიზნით საკვების სათანადო დამუშავებას;
- სხეულის წონის ნორმალურ მატებას;
- ზომიერ ფიზიკურ აქტივობას.
„ორსულთა ჯანსაღი ცხოვრების წესის“ რუბრიკის ფარგლებში შევეცდებით ეტაპობრივად მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო, ძალზედ მნიშვნელოვან ზემოთჩამოთვლილ საკითხებზე.
ორსულთა დიეტური რეკომენდაციები
ჯანსაღ კვებას დიდი სარგებლობა მოაქვს ორსულისა და მისი ბავშვისათვის, ორსულის მიერ მიღებული პროდუქტი მუცლად მყოფი ნაყოფის კვების მთავარი წყაროა და შესაბამისად ეს პროდუქტები უსაფრთხო და სასარგებლო უნდა იყოს მისთვის. ჯანსაღი დიეტის დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი დრო ორსულობის წინა პერიოდია, მაგრამ კვებითი რეკომენდაციები სათანადო მოდიფიკაციით უნდა გაგრძელდეს ორსულობისა და ლოგინობის ხანაშიც.
ჯერ კიდევ დაორსულებამდე, ჩასახვამდელი ვიზიტის დროს უნდა შეფასდეს ქალის კვების რეჟიმი, რადგან ორსულობამდე დაწყებული სწორი კვება უზრუნველყოფს ორსულობის დაწყებას საჭირო საკვების ფონზე, ოპტიმალურ პირობებს ქმნის ნაყოფის ზრდა-განვითარებისათვის, აუმჯობესებს ორსულობის გამოსავალს და უფრო მეტიც, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ქალის ტიპიური კვებითი რეჟიმის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს ( მაგ. სათანადო კითხვარის შევსებით) უკანასკნელი 24 სთ-ის განმავლობაში ქალის მიერ მიღებული საკვები; ქალები, რომლებიც როგორც წესი , სამჯერ იკვებებიან დღეში და რამდენჯერმე მიირთმევენ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, რძის პროდუქტებს ცხიმის დაბალი შემცველობით და ცილის სხვადასხვა წყაროს ( მაგ. კვერცხს, ხორცს, თევზს, ლობიოს), შეიძლება ჩაითვალოს, რომ ღებულობენ ადექვატურ კვებას. ამისგან განსხვავებით, ქალები, რომლებიც კვირის განმავლობაში რამდენიმე კვებას ტოვებენ, დიდი ოდენობით იღებენ უალკოჰოლო გაზიან სასმელსა და წასახემსებელ საკვებს (მაგ. ჩიფსებს, კანფეტებს ან ნამცხვრებს) ან სწრაფ საკვებს, არაადექვატურად იკვებებიან და სასურველია კვებასთან დაკავშირებით მიიღონ სასარგებლო კონსულტაციები პერინატალური კვების სპეციალისტისაგან.
უმნიშვნელოვანესს ჩასახვამდელ კვებით რეკომენდაციას, ნერვული მილის დეფექტის განვითარების რისკის შემცირების მიზნით ორსულობამდე სულ ცოტა 6კვირით ადრე 0,4მგ ფოლიუმის მჟავის რუტინული მიღება წარმოადგენს, რომელიც ორსულობის 14 კვირის ვადამდე უნდა გაგრძელდეს. ნერვული მილი ჩვეულებრივ ჩასახვიდან 18-26 დღეს იხურება, ამიტომ ორსულობის დიაგნოზის დასმის შემდეგ ფოლიუმის მჟავის მიღება ძალიან დაგვიანებულია. იმ შემთხვევაში, თუ ჩასახვამდელი ვიზიტის დროს დადგინდა, რომ ქალს ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება ნერვული მილის დეფექტები (მაგ. ანენეცეფალია, ზურგის ტვინის თიაქარი და სხვ) ან წინა ორსულობა დასრულდა ნაყოფის დეფექტით, მაშინ ფოლიუმის მჟავის დოზირება უნდა გაიზარდოს 5მგ/დღეში.
ჩასახვამდელ პერიოდიდან დაწყებული ქალმა აღარ უნდა მოიხმაროს თამბაქო, ალკოჰოლი და აკრძალული პრეპარატები; თავი აარიდოს მცენარეული მედიკამენტების მიღებას, რადგან მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის საკმარისად შესწავლილი, ასევე ვიტ. A ჭარბ მიღებას (>10 000ს.ე./დღ) ტერატოგენული ეფექტის გამო, არ უნდა დაიცვას გასახდომი დიეტები, რადგან ამ დიეტებს შესაძლებელია მოყვეს ნაყოფისათვის საჭირო საკვები ნივთიერებების დეფიციტი და ორსულობის პერიოდში წონის არასაკმარისი ნამატი.
რომელი ნივთიერებების მიღება არის საჭირო და რა ოდენობით? ამის შესახებ შემდეგ კვირაში შეიტყობთ