მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები

რჩევები მოზრდილები

რეფრაქციული ანომალიები 

რეფრაქცია - ეს არის თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხი ძალის შესაბამისობა ანატომიურ ღერძთან.

ემეტროპია - რეფრაქციის სრულყოფილი სახეა. ამ დროს დანახული ობიექტის გამოსახულება ზუსტად ბადურაზე ფოკუსირდება.

რეფრაქციის ანომალიებია: მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმი.


მიოპია

რა არის მიოპია?

მიოპია ანუ ახლომხედველობა რეფრაქციის ისეთი სახეა, როდესაც პაციენტი ახლომდებარე საგნებს გარკვევით, მკაფიოდ ხედავს, დაშორებულს კი - ბუნდოვნად. მიოპიის დროს თვალის კაკალი უფრო გრძელია ან რქოვანა გარსის სინათლის გარდატეხის ძალაა მომატებული, ამიტომ თვალში შემავალი სინათლის სხივები გარდატყდება და იკრიბება არა ბადურაზე, არამედ მის წინ, რის გამოც მიღებული გამოსახულება ბუნდოვანია. 

არჩევენ სუსტ(3,0-მდე), საშუალო(6,0-მდე) და მაღალი ხარისხის მიოპიას(6,0-დან ზემოთ).

რა იწვევს მიოპიას?

მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ახლომხედველობა ძირითადად ვლინდება სასკოლო ასაკში (6–8 წლის ასაკიდან).

რა სიმპტომები აქვს მიოპიას?

ცუდი მხედველობა შორ მანძილზე, გარდა ამისა მიოპიას ხშირად ეჩვენება თვალის წინ მოძრავი წერტილები, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია თეთრ ფონზე.ზოგადად მოძრავი წერტილები ყველა რეფრაქციის თვალში შეიმჩნევა, თუმცა, მიოპიის შემთხვევაში ეს ჩრდილები უფრო დიდი ზომისაა და უკეთ შესამჩნევია. არაკორეგირებული მიოპიის დროს ხანგრძლივად კითხვა იწვევს თავის ტკივილს, თვალების დაღლას და ზეწოლის შეგრძნებას თვალის გარშემო და საფეთქლის არეში. მიოპიას ხშირად თან ერთვის გარეთა სიელმე, რაც შიგნითა სწორი კუნთის ხანგრძლივი დაძაბულობითაა გამოწვეული.

რა გართულებები აქვს მიოპიას?

მიოპიის გართულება შესაძლოა იყოს:

  • ამბლიოპია
  • მინისებური სხეულის დესტრუქცია
  • ქორიოიდეას და ბადურას დეგენერაციულ–ატროფიული ცვლილებები
  • ბადურა გარსის ნახეთქები და ჩამოცლა - მაგ: გათხელებული უბნები ბადურა გარსის პერიფერიაზე, რასაც შეიძლება მოყვეს ბადურა გარსის შემდგომი ჩამოცლა ახლომხედველებს, რომლებსაც თვალის კაკალი გრძელი აქვთ და მაღალია ზემოთ აღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების განვითარების რისკი, ეკრძალებათ სიმძიმეების აწევა, ტრავმული სპორტით დაკავება. ახლომხედველებისთვის რეკომენდებულია ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება წელიწადში 2–ჯერ.

მიოპიის პროფილაქტიკა:

მიოპიის პროგრესირების შეფერხების ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ანომალიის კორექცია გარდატეხის ასაკამდე. ცილიარული კუნთის ვარჯიშები აკომოდაციის გასაუმჯობესებლად. რეკომენდებულია განათებულ ოთახში სწორად ჯდომა და კითხვა თვალიდან 30-40 სმ–ის დაშორებით, შემდეგ კი 10-15 წუთიანი დასვენება. მიოპიის გამოსავლენად სკოლამდელ ასაკში და შემდგომ, პერიოდულად საჭიროა რეფრაქციის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში სათვალის შერჩევა და ოფთალმოლოგის სისტემატური მეთვალყურეობა. 

როგორ ხდება მიოპიის კორექცია?

მიოპიის კორექცია შესაძლებელია:

  • სათვალით
  • კონტაქტური ლინზებით
  • ლაზერით (18 წლის ზემოთ)
  • ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია

 

ჰიპერმეტროპია

ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა თვალის რეფრაქციის პათოლოგიაა, რომელის დროსაც ოპტიკური სისტემის გარდამტეხი ძალა სუსტია ან თვალის კაკალია მოკლე(

არჩევენ სუსტ (3,0 მდე),  საშუალო ( 3,0-6,0) და მაღალი (6,0 და მეტი) ხარისხის ჰიპერმეტროპიას.

რა იწვევს ჰიპერმეტროპიას?

შორსმხედველობა ჩვეულებრივ თანდაყოლილია, ახალგაზრდებში სუსტი ხარისხის ჰიპერმეტროპიის დროს თვალის ოპტიკური სისტემის სისუსტე, როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე მხედველობის აკომოდაციით კომპენსირდება, ამიტომ ჰიპერმეტროპთა უმეტესობა შორ და ახლო მანძილზე კარგად ხედავს. ახალგაზრდა ჰიპერმეტროპებში აკომოდაცია მუდამ დაჭიმულია, ცილიარული კუნთი თითქმის არ დუნდება და ხშირად კუნთის დაძაბვა სპაზმშიც გადადის. სპაზმი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს რომ დაფაროს ჰიპერმეტროპია და თვალი ემეტროპიული ან მიოპიური გახადოს.  ასაკთან ერთად ფარული ჰიპერმეტროპია თავისთავადაც ვლინდება.

სიმპტომები:

ჩივილები დამოკიდებულია ჰიპერმეტროპიის ხარისხზე.

  • ცუდი ხედვა ახლო მანძილზე;
  • ცუდი ხედვა შორ მანძილზე (ჰიპერმეტროპიის მაღალი ხარისხის შემთხვევაში);
  • თვალების დაძაბვა მხედველობითი დატვირთვისას (თავის ტკივილი);

მაღალი ხარისხის შორსმხედველობას ხშირად თან სდევს შიგნითა სიელმე და ამბლიოპია ანუ „ზარმაცი თვალი“. სხვა სახეობის რეფრაქციებთან შედარებით ჰიპერმეტროპიული თვალი მიდრეკილია გლაუკომისადმი.

ჰიპერმეტროპიის კორექცია:

  • სათვალით
  • კონტაქტური ლინზებით
  • ლაზერით
  • ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაციით

 

ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი რეფრაქციის ისეთი ანომალიაა, რომლის დროსაც თვალის ოპტიკური არეების ზედაპირს სფერული ფორმა არ აქვს და სხივები ბადურაზე ერთ გეომეტრიულ წერტილში არ ფოკუსირდება. მხედველობა ბუნდოვანია, როგორც ახლო ისე შორ მანძილზე.

განასხვავებენ მის სახეებს:

  • მარტივი ასტიგმატიზმი: – რომლის დროსაც ერთ მთავარ მერიდიანში არის ემეტროპია, მეორეში – მიოპია ან ჰიპერმეტროპია
  • რთული ასტიგმატიზმი – ორივე მთავარ მერიდიანში ერთნაირი ან განსხვავებული სახის ამეტროპია
  • შერეული ასტიგმატიზმი – ერთ – ერთ მთავარ მერიდიანში აღინიშნება მიოპია, ხოლო მეორეში – ჰიპერმეტროპია.

რა იწვევს ასტიგმატიზმს?

ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი ასტიგმატიზმის მიზეზებია: რქოვანას ზედაპირის სფერულობის დარღვევა,  კერატოკონუსი, კერატოგლობუსი, ტრავმა და ასევე პოსტოპერაციული შემთხვევები. თანდაყოლილი კი ხშირად გენეტიკურია და ბავშვობაშივე ვლინდება. აღსანიშნავია, რომ ბავშვობის ასაკში არაკორეგირებულ ასტიგმატიზმს ხშირად თან სდევს თვალის გაზარმაცება (ამბლიოპია).

ხარისხის მიხედვით არჩევენ: სუსტ, საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმს. იმ შემთხვევაში თუ ასტიგმატიზმი მატულობს, ეჭვი უნდა მივიტანოთ რქოვანა გარსის დაავადებაზე - მაგ: როგორიცაა კერატოკონუსზე. 

სიმპტომები:

ასტიგმატური თვალის მხედველობა ისეთივე მახვილი და მკაფიო არ არის, როგორც ემეტროპიული თვალს. მხედველობის სიმახვილე მით უფრო დაქვეითებულია, რაც უფრო მაღალი ხარისხისაა ასტიგმატიზმი. ახალგაზრდა ასაკში სუსტი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილე შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს აკომოდაციის კუნთი მუშაობის ხარჯზე. საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს კი გამოხატულია აკომოდაციური ასთენოპიის მოვლენები: თვალების დაღლა, თვალებზე ზეწოლის შეგრძნება და თავის ტკივილი.

მკურნალობა:

სწორი კორექციის დროს შენარჩუნებულია მხედველობის მაღალი სიმახვილე და კარგი შრომისუნარიანობა. ასტიგმატიზმის დროს ცილინდრული ლინზები ინიშნება. გარეგნულად ისინი თითქმის არაფრით განსხვავდება სათვალის ჩვეულებრივი ლინზებისგან, მაგრამ სინამდვილეში მათი ოპტიკური სტრუქტურა სრულიად სხვაგვარია.

კორექციის სახეებია:

  • სათვალე
  • კონტაქტური ლინზები
  • ლაზერით
  • ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცია

 

პრესბიოპია

ემეტროპიული თვალის აკომოდაციის(ახლო დისტანციაზე ფოკუსირების) მოცულობა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება  და განსაკუთრებით გამოხატულია 40 წლის ზემოთ , რისთვისაც თვალს საკითხავად ესაჭიროება სათვალე. ასეთი თვალი შორ დისტანციაზე ხედავს კარგად. ამ მოვლენას მოხუცებულობითი შორსმხედველობა ანუ პრესბიოპია ეწოდება.

სიმპტომები:

მხედველობის ნელი პროგრესირებადი გაუარესება ახლო მანძილზე. ემეტროპიის დროს პრესბიოპია ვითარდება 40 – 45 წლის ასაკში, მიოპიის დროს – მოგვიანებით, ხოლო ჰიპერმეტროპიის დროს – შედარებით უფრო ადრე.

მკურნალობა:

მკურნალობა ითვალისწინებს მაკორერგირებელი სათვალეების დანიშვნას ახლო მანძილზე მხედველობითი მუშაობის დროს.

პრესბიოპიის საკორექციო მინების დანიშვნისას აუცილებელია რექრაქციის გათვალისწინება. მაგალითად: ჰიპერმეტროპიული რეფრაქციის დროს საჭიროა შორ დისტანციაზე საკორექციო მინას დაემატოს ასაკის შესაბამისი პრესბიოპიული მინა, მიოპიური რეფრაქციის დროს კი პირიქით - გამოაკლდეს.