კანის ონკოლოგიური დაავადებები

რჩევები მოზრდილები

კანის კიბოს ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება მსოფლიო მასშტაბით და იგი ერთ-ერთ ყველაზე ხშირ სიმსივნედ ყალიბდება. სხვადასხვა ლოკალიზაციის და ტიპის კიბოს დიაგნოზიდან ყოველი მესამე სწორედ  კანის კიბოა.

რა არის კანის კიბო?

კანის კიბოს არის ადგილობრივად  და სისტემურად მიმდინარე კანის სიმსივნური წარმონაქმნი. იგი ვითარდება კანში არსებული უჯრედებიდან.  გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს:

  • კანის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (ყველაზე გავრცელებული) არამელანომა კანის კიბო, რომელიც ვითარდება ბაზალური შრის უჯრედებიდან. ბაზალიომების 85% ვითარედება სახის არეში, თავის თმიან არეზე  და კისერზე. შედარებით უფრო იშვიათად კიდურებზე, მკერდსა და ზურგზე.  დამახასიათებელი სიმპტომებია: პრიალა პაპულა ცენტრალური დეპრესიით და შემაღლებული კიდეებით,  ეროზია ან წყლული, სისხლდენა, ხშირად ტრავმირების გარეშე, ქერქისა და ტელეანგიექტაზიების არსებობა, ნელი ზრდა 0,5 სმ 1-2 წლის მანძილზე.
  • ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ვითარდება საკუთრივ კანის უჯრედებიდან – კერატინოციტებიდან და წარმოადგენს ატიპიური კერატინოციტების პროლიფერაციას. შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, მაგრამ უპირატესად კანის ღია ნაწილებზე. ადრეულ კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს მცირე ზომის კვანძოვანი ელემენტი, ზოგჯერ დაფარული ქერქით, ან გარქოვანებული (კანის რქა) შეხებისას შეიძლება იყოს სისხლმდენი.
  • მელანომა  ვითარდება პიგმენტის წარმომქმნელი - მელანოციტარული უჯრედებიდან. ეს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნეა და მისი ადრეული ამოცნობა პირდაპირპროპორციულია დაავადების კეთილსაიმედო გამოსავალთან. ადრეული კლინიკური ნიშნები არის ნებისმიერი ლაქოვანი ელემენტი, რომელიც ადრე არ იყო, ხალი რომელიც გაიზარდა ზომაში ან ფორმა და ფერი შეიცვალა

რა არის კანის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორები?

  • ულტრაიისფერი გამოსხივება, როგორც ბუნებრივი -მზე, ასევე ხელოვნური - სოლარიუმი
  • ადამიანები ღია ფერის თვალებით,  წითური-ჟღალი და ქერა თმებით.
  • ქრონიკული იმუნოსუპრესია (შიდსი, ინფექცია, სიმსივნე)
  • მაიონიზირებელი რადიაცია
  • ადამიანის პაპილომა ვირუსის ზოგიერთი სეროტიპი
  • ადამიანები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კანის კიბო,  20% შემთხვევაში არის ალბათობა მეორედ კანის კიბოს განვითარების შემდეგი 2 წლის განმავლობაში
  • კანის კიბოს ოჯახური ანამნეზი
  • 60 წლის ზემოთ კანის კიბოს განვითარების ალბათობა იზდრება


კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა

კანის სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა  საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ დააავადების შორეული გამოსავალი და შევამციროთ  სიკვდილიანობის მაჩვენებელი.  დერმატოსკოპია წარმოადგენს მარტივ და არაინვაზიურ კვლევის მეთოდს, რომელიც  კანის ახალწარმონაქმნების უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას გვაძლევს, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით. დერმატოსკოპიური კვლევის საშუალებით შესაძლებელია აღვწეროთ მნიშვნელოვანი დამატებითი დეტალები ელემენტის მორფოლოგიაში, რაც გვიადვილებს ან სულაც შესაძლებელს ხდის დაისვას ზუსტი დიაგნოზი დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე.

დერმატოსკოპია - საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკა ეპიდერმისში, დერმოეპიდერმულ შეერთებასა და პაპილარულ დერმაში არსებული სტრუქტურების ვიზუალიზაციით

მნიშვნელოვანია კანის რეგულარული თვითდათვალიერება და თუ პაციენტი შეამჩნევს რაიმე ცვლილებას აუცილებელია მიმართოს ექიმ-სპეციალისტს, ექიმი ჩაატარებს კვლევას ციფრული დერმატოსკოპის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება ბიოფსია (კანის მცირე ნიმუშის აღება და ქსოვილის გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ).

როგორ ხდება კანის კიბოს მკურნალობა?

კანის კიბოს მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება წარმონაქმნის ამოკვეთა, მისთვის შესაბამის საზღვრებში. ამოკვეთილი მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება მკურნალობისა თუ მონიტორინგის შემდგომი ტაქტიკა.

მედიცინის თანამედროვე მიდგომით კანის კიბოს ზოგიერთი ტიპის მკურნალობა შეიძლება სპეციალიზირებული მალამოებით.

კანის კიბოს პრევენცია

  • მოერიდეთ მზეს, განსაკუთრებით კი 10 საათიდან 16 საათამდე. 
  • არ დაიწვათ, დაიფარეთ სხეული ტანსაცმელით, ატარეთ ქუდი და სათვალე UV-ბლოკით.
  •  გამოიყენეთ ფართო სპექტრის (UVA / UVB) მზისდამცავი საცხი: ყოველდღიურად SPF 15 და ზაფხულის პერიოდში გამოიყენოთ წყალგამძლე, ფართო სპექტრის (UVA / UVB) SPF 30 ან უფრო მაღალი.
  • დაიტანეთ საცხი მთელ სხეულზე მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე, გაიმეორეთ აპლიკაცია ყოველ ორ საათში ან მაშინვე ცურვისა ან გადაჭარბებული ოფლიანობის შემთხვევაში.
  • ახალშობილები აუცილებლად მოარიდეთ მზეს, მზის დამცავი საცხი გამოიყენეთ ექვსი თვის ასაკიდან.