ახალშობილის კანის მოვლა არის არამარტო ჰიგიენური მოთხოვნილება, არამედ აუცილებლობა, რადგან კანის დაზიანებისა და ინფექციის განვითარების რისკი მაღალია. კანის მოვლის პროცესი გულისხმობს კანის დაცვას გამონაყოფებთან (შარდი, განავლის ენზიმები) ხანგრძლივი კონტაქტისგან, მექანიკური და ფიზიკური ფაქტორების (მზის სხივების პირდაპირი მოქმედება, სისველე, ხახუნი) ზემოქმედების შემცირებას, გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზირებელი ნივთიერებების გამოყენების გამორიცხვას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კანის ნაკეცებს, საზარდულისა და დუნდულების მიდამოს, რომელთა სიმშრალის, გაღიზიანებისა და შეწითლების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პანტენოლის, თუთიის, მცენარეული ექსტრაქტების შემცველი პროდუქტები, რომელთა შესახებაც რეკომენდაციები სასურველია მიიღოთ პედიატრისგან. პედიატრი დაგეხმარებათ კანზე განვითარებული ისეთი ცვლილებების ინტერპრეტაციაშიც, რომლებიც ძირითადად არ საჭიროებენ ჩარევას; მილია, ტოქსიკური ერითემა, ნაოფლი, არლეკინის ტიპის კანის ფერის შეცვლა, სარძევე ჯირკვლის შეშუპება და სხვ.
ახალშობილის მოვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია ყოველდღიური ჰიგიენა, რაც გულისხმობს კანისა და ჭიპის მოვლას, ჩაბანას, ბანაობას, ჩაცმას. ყოველდღიურ ჰიგიენურ მანიპულაციებში იგულისხმება სახის დაბანა თბილი წყლით; თვალების გაწმენდა გადადუღებულ წყალში დასველებული ბამბის სხვადასხვა ფთილით (ტამპონით) თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითა კუთხისკენ; ყურების გაწმენდა ბამბის ფთილით. ცხვირის თითოეული ნესტოს გასუფთავება ბამბის სხვადასხვა ტამპონით, ჩხირზე დახვეულ ბამბის გამოყენება დაუშვებელია; ფრჩხილების მოკლედ დაჭრა საჭიროა 5–10 დღეში ერთხელ, რათა ბავშვმა არ დაიზიანოს კანი. რისთვისაც გამოიყენება მრგვალპირიანი მაკრატელი; ჭიპის ჭრილობა დაუმუშავეთ ექიმის რჩევის შესაბამისად.
ჩაბანა – შარდით, განავლით და საფენებით გამოწვეული კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ბავშვის საფენი ხშირად უნდა გამოიცვალოს; ჩაბანვა საჭიროა საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ. გოგონა ჩაბანეთ წინიდან უკანა მიმართულებით, რათა არ მოხდეს სასქესო ორგანოს ინფიცირება; ჩაბანვის შემდეგ კანი კარგად უნდა გამშრალდეს რბილი ბამბის პირსახოცით, რათა სისველემ კანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს, კანის ნაოჭები შეიძლება დამუშავდეს ბავშვის ზეთით ან ტალკით, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ერთდროული გამოყენება დაუშვებელია. თუ ბავშვისთვის ერთჯერად საფენს იყენებთ, არ არის მიზანშეწონილი საზარდულის მიდამოს ზეთით დამუშავება.
ბანაობა – პატარას დაბანა ჭიპის ჭრილობის შეხორცების შემდეგ შეიძლება ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით. ბანაობისთვის 5 წუთიც საკმარისია. წყლის ტემპერატურა დაახლოებით სხეულის ტემპერატურის (36,5–37) უნდა იყოს. მისი შემოწმება ხელით ან თერმომეტრით შეიძლება. საპნის გამოყენება ყოველღიურად არ არის სასურველი. გახსოვდეთ, რომ ბევრი საპონი მავნებელია. კანის ნაოჭები და სასქესო ორგანოების მიდამო განსაკუთრებული გულდასმით უნდა მოიბანოს.
ჩაცმა – ახალშობილს არ სჭირდება მჭიდროდ შეხვევა. ჩააცვით ბავშვს ისეთი პერანგი, წინდა და შარვალი, რომ მან თავისუფლად იმოძრაოს. ნუ გამოიყენებთ ხელთათმანებს ან ამოკერილ პერანგს, ბავშვს ხელები თავისუფლად უნა ჰქონდეს, რათა ადვილად შეეხოს საგნებს. ეს მას აღქმის უნარის განვითარებაში და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. სიცოცხლის პირველ დღეებში ქუდი დაახურეთ. შემდგომში ქუდი მხოლოდ ბანაობის შემდეგ ან ჰაერზე სეირნობისას დასჭირდება. ერიდეთ ბავშვის გადახურებას, ეს ისევე მავნებელია, როგორც გადაციება. სასურველია, რომ ბავშვის ტანსაცმელი იყოს თავისუფალი, მსუბუქი და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული. ბავშვის საფენები სხვადასხვანაირია–მრავალჯერადი, ერთჯერადი, სპეციალური ჰაერგამტარი შრის მქონე. საფენები თვითონ უნდა შეარჩიოთ; ბავშვის ტანსაცმელი და მრავალჯერადი საფენი სპეციალური საბავშვო სარეცხი ფხვნილით უნდა გაირეცხოს, ვინაიდან ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება ხშირად ალერგიას იწვევს. მრავალჯერადი საფენები გამოხარშეთ და ორივე მხრიდან გააუთოვეთ; როგორც წესი, ბავშვებს ჩაცმა არ უყვართ და ჩაცმისას ხშირად ტირიან. მაგრამ ეს პროცესი მათთვის სასიამოვნო გახდება, თუ ამ დროს ესაუბრებით და ეალერსებით.