ალერგია ბავშვებში

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები
რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული  მგრძნობელობა იმ ჩვეულებრივ უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით, ზოგადად უვნებელ ნივთიერებას აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

რატომ ვითარდება ალერგია?

ალერგიის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა, ანუ ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა ასრულებს, თუმცა ალერგია შეიძლება მემკვიდრული დატვირთვის არარსებობის დროსაც განვითარდეს. ალერგიის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ალერგიით არის დაავადებული. თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის ალბათობა დაახლოებით 30%-ია, ხოლო თუ ორივე ალერგიულია, დაავადების ალბათობა 50%-ს აღწევს.

ალერგენები

ამ “გამღიზიანებელ” ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას, ალერგენებს უწოდებენ. ალერგენები არიან ყველგან: საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში (ტყეში, ველზე, ბაღში და ა.შ.). ესენია:

  • ოთახის მტვერი, 
  • ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული,
  • მწერების შხამი, 
  • მცენარეების მტვერი, 
  • ობის სოკოები,
  • სხვადასხვა საკვები საკვები, 
  • მედიკამენტები, 
  • საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნივთიერებები: პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.

ადრეულ ასაკში ყველაზე ხშირია კვებითი ალერგია. კვებითი ალერგენებია:  

  • რძე და რძის პროდუქტები 
  • კვერცხი
  • ზღვის პროდუქტები 
  • თხილეული -  არაქისი, თხილი, კაკალი, ნუში. 
  • სოია
  • ხორბალი 
  • ბოსტნეული: ისპანახი, პამიდორი, ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ნიორი და სხვა.
  • ხილი: კენკროვანები: მარწყვი, ჟოლო, ატამი, გარგარი, ბალი, ციტრუსები და სხვა.

როგორ ვლინდება ალერგია?

ალერგია გამოვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით - ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა, კვებითი ალერგია, ატოპიური დერმატიტი, წამლისმიერი/მედიკამენტური ალერგია, მწერის ნაკბენზე ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, კონტაქტური დერმატიტი

ბრონქული ასთმა

ასთმა არის პათოლოგია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას. ასთმის დროს სიმპტომები მუდმივი არ არის, იგი თავს იჩენს შეტევების სახით, რაც შესაძლოა მეტად საშიშიც კი აღმოჩნდეს. ასთმის დროს ვითარდება ქვედა სასუნთქი გზების - ბრონქების შევიწროვება და მათში ანთებითი პროცესის განვითარება.

ასთმის სიმპტომებს მიეკუთვნება - მსტვინავი სუნთქვა ან ხმაურიანი სუნთქვა, ხველა, განსაკუთრებით, ღამით, გამთენიისას ან ვარჯიშის დროს, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება და სხვ.

სეზონური ალერგია

ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული მტვერი. ეს მტვერი ბევრ ადამიანში იწვევს ალერგიას - ანუ ე.წ. პოლინოზს. ამ მოვლენებს ხალხში “თივის ცხელებას" ეძახიან. (საქართველოში უფრო თიბვის პერიოდს - ივნის-აგვისტოს უკავშირდება). სეზონური ალერგიის ნიშნებია -  თვალების ქავილი, ცრემლდენა, ცხვირცემინება, ცხვირიდან წლისებრი გამონადენი, ცხვირ-ხახის ქავილი, ზოგჯერ ცხვირის გაჭედილობა, კონიუნქტივიტი.

ატოპიური დერმატიტი (ად)

ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ვითარდება ადრეულ ბავშვთა ასაკში და ხასიათდება გამწვავებებით.

ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს - კანის ქავილი და სიმშრალე, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, მორეციდივე მიმდინარეობა, დასაწყისი ჩვილობის ასაკში, ალერგიის ოჯახური ისტორია, კანის დაზიანების ტიპიური მდებარეობა:

  • ჩვილებში - სახე, თავის თმიანი ნაწილი და კიდურების გამშლელი ზედაპირები.
  • ბავშვებში  - ყურისა და კისრის უკანა ზედაპირი, მაჯისა და კოჭის მიდამო, კიდურების მომხრელი ზედაპირები.
  • მოზარდებსა და მოზრდილებში  - კისერი, კიდურები, მტევანი და ტერფი.

კვებითი ალერგია

კვებითი ალერგიის დროს გამოვლინება მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია - შეიძლება გამოიხატოს ტუჩების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება და ქავილი, ჩახეხვისა და მოჭერის შეგრძნება ხახასა და ხორხში, გულისრევა, შემცივნება, ღებინება, ფაღარათი, კანის შეშუპება და გამონაყარი და ანაფილაქსიური შოკიც კი.

ალერგია მწერის ნაკბენზე

მწერები, რომელთა ნაკბენიც იწვევს ალერგიას, მიეკუთვნებიან სიფრიფანაფრთიანების რიგს - ფუტკრები და კრაზანები. ადგილობრივად მცირე შესივება და ქავილი, რაც კბენიდან მალევე გადის, არ არის ალერგიული რეაქცია.

მწერის ნაკბენისაგან გამოწვეული ალერგიის ნიშნებია:

  • ადგილობრივი ალერგიული რეაქცია: დიდი ფართობის მტკივნეული წითელი შესივება, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს. 
  • ზოგადი ალერგიული რეაქცია: ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ცხელება, კუჭის აშლილობა, რინიტი, ასთმური შეტევა და ანაფილაქსიური შოკიც კი.

წამლისმიერი ალერგია

წამლისმიერი ჰქვია ალერგიას მედიკამენტზე ან მისი დაშლის პროდუქტებზე. ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს შემდეგი მედიკამენტები: 

  • ანტიბიოტიკები: პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინების და სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები. 
  • ვაქცინები და შრატები: ტეტანუსის, დიფტერიის, ჰეპატიტის საწინააღმდეგო და სხვა. 
  • მეტამიზოლი (შედის ანალგინის შემცველობაში). 
  • ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები - ნოვოკაინი, ლიდოკაინი და სხვ.
  • ასპირინი, იბუპროფენი, ვოლტარენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 

მკურნალობა

ზოგადი რჩევები მშობლებს

  • თუ ბავშვს აქვს ალერგია მტვრის ტკიპაზე მტვრის მოსაცილებლად საუკეთესო გზაა სახლის სველი წესით დალაგება და განიავება, საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისგან. რბილი სათამაშოები, ხალიჩა, ფარდები მტვრის „ბუდეა“ ამიტომ ხშირად უნდა გაირეცხოს. ბავშვის საწოლი ოთახი შეძლებისდაგვარად უნდა გათავისუფლდეს ხალიჩების, რბილი ხაოიანი გადასაფარებლებისა, ფარდებისა და წიგნებისაგან.
  • ფუტკრის, ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულებმა არ უნდა იარონ ფეხშიშველმა ბალახზე, არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმელი. 
  • ცხოველებზე დადასტურებული ალერგიის დროს უმჯობესია გაასხვისონ ისინი. 
    ბავშვი უნდა მოარიდონ ზოოპარკში, ცხოველების მაღაზიებში და გამოფენაზე სიარულს, სასურველია, იშვიათად ესტუმრონ იმ ოჯახებს, სადაც ცხოველები ჰყავთ.
  • თუ ბავშვს ოდესმე რომელიმე წამალზე ჰქონია რეაქცია, მშობელმა უნდა აცნობოს ექიმს, წამლის განმეორებით დოზაზე შემდგომი ალერგიული რეაქცია პირველზე უფრო ძლიერი და სიცოცხლისათვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს! 
  • მცენარის მტვერზე  ალერგიის დროს ბავშვი უნდა მოერიდოს მცენარეებთან კონტაქტს.
  • კვებითი ალერგიის დროს ალერგიული საკვები უნდა ამოღებულ იქნას რაციონიდან.