მუცლის ტკივილი შესაძლოა იყოს რომელიმე დაავადების სიმპტომი, ან შესაძლოა გამოხატავდეს ფუნქციურ მდგომარეობას და არ იყოს დაკავშირებული რომელიმე დაავადებასთან;
იმ მიზეზებს შორის, რომელთა გამოც მშობელს ბავშვი მიჰყავს ექიმთან, მუცლის ტკივილი სიხშირით მეორე ადგილზეა სასუნთქი სისტემის მხრივ ჩივილების შემდეგ;
უმრავლეს შემთხვევაში, მუცლის ტკივილი ხანმოკლე და არაინტენსიურია, რაც არ იძლევა საფუძველს ექიმთან გადაუდებელი მიმართვისა. მუცლის ტკივილის გამო აუცილებელია ექიმს მივმართოთ, თუ ტკივილი ხანგამოშვებითი ან მუდმივად გრძელდება საათზე მეტ ხანს და იწვევს ბავშვის ფიზიკური აქტივობის და გუნება-განწყობის საგრძნობ დარღვევას. გადაუდებლად უნდა მივმართოთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ მუცლის ტკივილს, თუნდაც ხანმოკლეს და არაშემაწუხებელს, თან ახლავს ღებინების ერთი ეპიზოდიც კი მოყავისფრო მასებით ან ნაწლავთა მოქმედება მოშავო ფერის განავლით.
მუცლის ტკივილის ხშირი მიზეზი ბავშვებში არის კვების რეჟიმის მკვეთრი დარღვევით გამოწვეული დისკომფორტი, აგრეთვე ჰელმინთოზი (ჭიებით ინვაზია) , რაც არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას.
თუ მუცლის ტკივილი გრძელდება 6 საათზე უფრო მეტ ხანს, ეს დიდი ალბათობით შეიძლება იყოს მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ასეთ დროს ექიმთან ვიზიტის გადადება დაუშვებელია.
ბავშვებში ყველაზე ხშირი მწვავე ქირურგიული პათოლოგიებია მწვავე აპენდიციტი და ჩაჭედილი თიაქარი.
თუ ტკივილი არ არის მეტად შემაწუხებელი და ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია, მშობელი სასურველია შეეცადოს გაარკვიოს - თუ ბავშვის ასაკი იძლევა ამის საშუალებას - ტკივილის გამომწვევი მიზეზი (უხარისხო ან არადიეტური საკვები, ტრავმა, დეფეკაციის გამოტოვება 2-3 დღის განმავლობაში). ხშირად ბავშვები თავს იკავებენ დეფეკაციის აქტისგან თამაშში გართობის, სიზარმაცის, არაკომფორტული გარემოს თუ სხვა მიზეზთა გამო, რაც შეიძლება მუცლის ტკივილის მიზეზი გახდეს. ასეთ დროს მშობელი უნდა შეეცადოს დაარწმუნოს ბავშვი ნაწლავების სისტემატური დაცლის აუცილებლობაში
თუ ტკივილის სავარაუდო მიზეზია კვებითი დარღვევები, სასურველია გამოვტოვოთ კვება, დავაწვინოთ ბავშვი კომფორტულად, დავტვირთოთ სითხით.
მცირე ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილზე მიუთითებს ჭირვეულობა, საკვებზე უარის თქმა, აირების გამოყოფის გაძნელება, მუცლის შებერილობა.
გვახსოვდეს, რომ არ უნდა გაგვიტაცოს თვითმკურნალობამ. მუცლის ტკივილი რომც არ იყოს შემაწუხებელი და არ არღვევდეს ბავშვის ფიზიკურ აქტივობას და გუნება-განწყობას, თუ იგი გრძელდება დღეების მანძილზე, აუცილებლად მივმართოთ ექიმს. მუცლის ტკივილის უკან შესაძლოა იმალებოდეს რაიმე დაავადება, რომლის დასადგენად აუცილებელია კვლევები და ექიმის დაკვირვება.