2020 წელს, მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, ევექსი კლინიკების 3500 თანამშრომელი ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და ზრუნავდა პაციენტების ჯანმრთელობაზე.
შეზღუდვების მიუხედავად, ევექსი კლინიკების 33 კლინიკას არც ერთი წამით შეუწყვეტია მუშაობა და ჩვენი თანამშრომლები მაქსიმუმს აკეთებდნენ პაციენტების ჯანმრთელობისათვის.
მთელი წლის განმავლობაში ზრუნვის მისიით ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.
2020 წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 1 500 000 სამედიცინო სერვისი განახორციელა და 500 000 პაციენტს მოემსახურა. ჩვენმა ოჯახის ექიმებმა 331 926 პაციენტს გაუწიეს კონსულტაცია და მხოლოდ ნოემბერსა და დეკემბერში მათ 20 000 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მართეს ბინაზე. ოჯახის ექიმებმა, დამატებით, პანდემიის გამო, ონლაინ კონსულტაცია 20,308 პაციენტს გაუწიეს.
ჩვენმა ქოლ ცენტრის თანამშრომლებმა მთელი წლის განმავლობაში 705,795 ზარს უპასუხეს.
ჩვენმა მედდებმა და ფლებოტომისტებმა 88,623 PCR და ანტიგენის ტესტის ჩატარება უზრუნველყვეს.
ჩვენი 7 კლინიკა კოვიდ მიმღები კლინიკა გახდა და ექიმებმა 4 თვეში 800-მდე პაციენტი გამოაჯანმრთელეს.
ეს ნაწილია იმ წვლილის, რაც პანდემიის პერიოდში ჩვენმა თანამშრომლებმა ზრუნვის მისიით გასწიეს.
სწორედ ამიტომ, თანამშრომლებს, რომლებმაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს პანდემიის პერიოდში ევექსი კლინიკების გუნდის გაძლიერებაში, პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში, გამოჯანმრთელებასა და დახმარებაში, გადაეცემათ ევექსი კლინიკების ორდენი.
ევექსი კლინიკების თანამშრომლები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
- ევექსი კლინიკების გმირი - ნომინაცია ეხება სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩართულები არიან უშუალოდ კოვიდ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პროცესში, ან გამორჩეული როლი შეასრულეს როგორც კოვიდ ინფიცირებულების, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში.
- ევექსი კლინიკების გულის ორდენოსანი - ნომინაცია ეხება ევექსი კლინიკების სამედიცინო და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს. მათ, ვინც პანდემიის პერიოდში თავისი ყოველდღიური მუშაობით იზიარებდნენ კომპანიის ხედვას. მათ, ვინც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვნად ეხმარებოდნენ როგოც პაციენტებს, ასევე თანამშრომლებს და მათ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეს კომპანიის წარმატების მიღწევაში.
- ევექსი კლინიკების ლიდერი- ნომინაცია ეხება კომპანიის მენეჯერულ რგოლს და შეფასება მოხდება პანდემიის დროს, კრიზისულ პერიოდში მენეჯერების მიერ გუნდში გამოჩენილი ლიდერული უნარებისა და თავდადების მიხედვით.
დაჯილდოების ფარგლებში კლინიკების მიხედვით დაჯილდოვდებიან თანამშრომლები დამატებით ნომინაციებში, რომლებსაც თავიანთი გუნდის წევრები გამოავლენენ. ესენია:
- ევექსი კლინიკების ყველაზე მზრუნველი თანამშრომელი
- ევექსი კლინიკების ყველაზე გუნდური თანამშრომელი
- ევექსი კლინიკების ყველაზე თავდადებული თანამშრომელი
ევექსი კლინიკების ნომინანტი თანამშრომლების გამოვლენა მოხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე.