13 აგვისტო, 2021

აიცერი და ამოისუნთქე!

ევექსი კლინიკებმა ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ახალი, მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია „ამოისუნთქე“ დაიწყო.

 

საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. პანდემიამ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სუნთქვა გაგვირთულა და ამოსასუნთქად ერთადერთი გზა, ამ ეტაპზე, ვაქცინაციაა.

 

ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად ევექსი კლინიკების საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში ბევრი აქტივობაა დაგეგმილი. იმუნიზაციის პროცესისთვის უფრო მხატვრული ღირებულების შესაძენად აქცენტი იმ მომენტებზე გაკეთდა, სადაც ამოსუნთქვა ცხოვრების პოზიტიურად გაგრძელების ტოლფასია. შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც ნათლად ჩანს ვაქცინაციის მნიშვნელობა პანდემიის დამარცხებაში.  

 

ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ევექსი კლინიკების მხარდაჭერით, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-თან ერთად ჩატარდა პრინტ კონკურსი, რომლის ფარგლებში კრეატიულმა სააგენტოებმა შექმნეს საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერები, რომლებიც მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ჯერჯერობით ორჭოფობენ ვაქცინის ჩატარებას, დროულად დაგეგმონ და გაიკეთონ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა.  

 

„მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის პარალელურად, მათ ინფორმირებაზე  ზრუნვა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და ყველა შესაძლო არხით ვცდილობთ ვუპასუხოთ მათ კითხვებს ამ მიმართულებით. მიხარია, რომ ვართ ერთ-ერთი პირველები, ვისი ინიციატივითაც ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია და იმედი მაქვს, რომ ყველას ჩართულობით, შევძლებთ და კიდევ უფრო სწრაფად გადავდგამთ ნაბიჯებს პანდემიის დასასრულებლად“- განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

 

საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებია დაგეგმილი. უკვე შეიქმნა ციფრული ვიზუალები და სოციალური ქსელის მასალები. დაგეგმილია კამპანიაში სხვადასხვა პროფილის ექიმის ჩართვა, რომლებიც ისაუბრებენ ვაქცინის კლინიკურ უსაფრთხოებასა და საჭიროებაზე, კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ ინფლუენსერები და აზრის ლიდერები.

 

საკომუნიკაციო კამპანიის პარალელურად, ევექსი კლინიკები სრული რესურსით, 33 კლინიკითა და 3500 თანამშრომლით, ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. ევექსი კლინიკები თვის განმავლობაში საქართველოს 6 რეგიონში ათასობით პაციენტის ვაქცინაციას ახდენს. იმუნიზაციის ტემპის გასაზრდელად კომპანია თბილისში, თავხელიძის N1-ში, ერთ-ერთ პირველ, 30-კაბინეტიან ვაქცინაციის ცენტრს ხსნის, სადაც თვეში 60 000-ზე მეტი ვაქცინის ჩატარება იქნება შესაძლებელი.


https://www.youtube.com/watch?v=CLKu2bhqn0Q