პარაზიტული დაავადებები ბავშვებში

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

დაავადებების ჯგუფი, რომელთაც იწვევენ სხვადასხვა სახის ჰელმინთები ანუ ჭიები.  ბავშვებში ჰელმინთოზების მიმდინარეობა ხასიათდება სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით: კანი, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემა და სხვა. ჰელმინთოზების დიაგნოსტიკა ხდება ლაბორატორიული გზით (განავლის ანალიზი ჰელმინთების კვერცხების გამოსავლენად, სწორი ნაწლავის ანაფხეკის შესწავლა, სეროლოგიური კვლევა - რაც სისხლში, ან განავალში  ანტისხეულების გამოვლენას გულისხმობს). ჰელმინთოზების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა ანტიჰელმინთური პრეპარატები.

ჰელმინთოზები ხასიათდება გახანგრძლივებული მიმდინარეობით  და გამოვლინებათა ფართო დიაპაზონით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  პრაქტიკულად ყველა ადამიანს ცხოვრების მანძილზე გადატანილი აქვს ესა თუ ის პარაზიტული დაავადება. ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით, გაცილებით უფრო ხშირია პარაზიტებით ინვაზია. ინვაზირებულთა საერთო რაოდენობის  80-85%  14 წლამდე ასაკის ბავშვია. ბავშვთა მაღალი ავადობა ჰელმინთოზით აიხსნება გარემოში პარაზიტების სხვადასხვა ფორმების ფართო გავრცელებით და ჰიგიენური უნარ-ჩვევების არასაკმარისი ფლობით.

ჰელმინთოზის სიმპტომები

ჰელმინთოზის მწვავე ფაზას ახასიათებს კანზე მორეციდივე გამონაყარი ქავილით, ტემპერატურის მომატება 37.5-38.5 გრადუსის ფარგლებში, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სახსრების და კუნთების ტკივილი. შეიძლება პროცესში ჩაერთოს სასუნთქი სისტემა, რაც ხასიათდება გახანგრძლივებული მშრალი ხველით, მსტვენავი სუნთქვით, ქოშინით, მკერდის არეში ტკივილით. შეშუპების სინდრომი შესაძლოა მოიცავდეს ლოკალურ ან გენერალიზებულ შეშუპებას.          
                            

ჰელმინთოზის მწვავე ფაზისთვის დამახასიათებელია მუცლის შებერვა, ნაწლავთა არამყარი მოქმედება, გულისრევა. მუცლის ტკივილები შესაძლოა იყოს პერიოდული, არაინტენსიური ხასიათის, თუმცა, შეიძლება ტკივილი იყოს ძლიერი და შეუპოვარი. 

ასევე შეიძლება აღინიშნოს ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ძილის დარღვევა,  გაღიზიანებადობა ან უხალისობა, შრომისა და სწავლის უნარის დაქვეითება, ცუდი მადა, სხეულის მასის კლება, ანემია და ა.შ.

ჰელმინთოზით მოავადე  ბავშვებისთვის არაიშვიათია  სასუნთქი სისტემის მორეციდივე დაავადებები, სტომატიტი, გინგივიტი, კანის ჩირქოვანი პროცესები.

ჰელმინთოზის გართულებები

ასკარიდოზის დროს მასიურმა ინვაზიამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა გაუვალობა, მექანიკური სიყვითლე, პანკრეატიტი. ენტერობიოზის გართულება შესაძლოა იყოს პიოდერმია, პერიანალური მიდამოს  ეგზემა, ვულვოვაგინიტი, შარდის შეუკავებლობა.

ჰელმინთოზების მკურნალობა

ჰელმინთოზების მკურნალობა ბავშვებში ხდება ჰელმინთოზების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ჰელმინთის სახეობის და სპეციფურობის გათვალისწინებით. პრეპარატის შერჩევაზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალისტი. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

ჰელმინთოზების პროფილაქტიკა

ჰელმინთოზების ნებისმიერი სახეობის პირველადი პროფილაქტიკა გულისხმობს ბავშვებში ჰიგიენური ჩვევების ფორმირებას, ხელების სისტემატურ დაბანას, ხილის და ბოსტნეულის გულდასმით რეცხვას, პროდუქტების სათანადო თერმულ დამუშავებას. ბავშვთა კოლექტივში  ჰელმინთოზის გავრცელების ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის ინდივიდუალური საშუალებების  ხმარება,  შინაური ცხოველების დეჰელმინთიზაცია და ვაქცინაცია.