ნორმაში რეპროდუქციული ასაკის ქალის ვაგინალური შიგთავსი თეთრი ფერის ან გამჭირვალე ლორწოვანი სეკრეტია, დაახლოებით 1-4მლ-ის ოდენობის, რომლის PH< 4,5 ანუ საშოში მჟავე გარემოა; საშოს გამონადენი ლოკალიზებულია საშოს უკანა თაღის მიდამოში. ნორმალური გამონადენი ქალს განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნის.
საშოს ფლორა წარმოდგენილია უპირატესად აერობული ( 70-98%) და ანაერობული (1%) ბაქტერიებით ; აერობულ ბაქტერიათა შორის წამყვანია ჰიდროგენ-პეროქსიდაზას მაპროდუცირებელი ლაქტობაცილები, რომელიც გარდაქმნის გლიკოგენს რძის მჟავად, რაც განაპირობებს საშოს მჟავე გარემოს. ეს მჟავიანობა კი ხელს უწყობს ნორმალურ ვაგინალურ ფლორის შენარჩუნებას და აფერხებს პათოგენური ორგანიზმების ზრდას.
გამონადენის რაოდენობა დამოკიდებულია საშოში ამა თუ იმ მიკროორგანიზმის სიჭარბეზე. ნორმალური ეკოსისტემის დარღვევა წარმოადგენს ვაგინიტის განვითარების ხელსაყრელ პირობებს. მაგალითად მენოპაუზის პერიოდში ქალის საშოს ეპითელიუმი გამოიმუშავებს ნაკლები რაოდენობით გლიკოგენს, შედეგად ბაქტერიების რაოდენობა მცირდება, ასევე მცირდება მათ მიერ გამომუშავებული მჟავის რაოდენობა და საშოს pH იწევს ზევით 6,0-7,5 მდე.ამ პროცესში მონაწილეობს იღებს ასევე ქალის ჰორმონული მდგომარეობაც და ვითარდება ე.წ. ატროფილი ვაგინიტი.
საშოს ფლორის თანაფარდობის ცვლილების ხელშემწყობი ფაქტორებია:
- მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზა
- სექსუალური აქტივობა
- კონტრაცეფცია
- ორსულობა
- ესტროგენის დონე
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
- ჰიგიენური საშუალებები
- ანტიბიოტიკების გამოყენება.
საშოდან პათოლოგიური გამონადენის განვითარების მიზეზებია:
- არასპეციფიური ვაგინიტი
- სპეციფიური ვაგინიტი(კანდიდოზი, თრიქომონიაზი და სხვ)
- ბაქტერიული ვაგინოზი
- ატროფიული ვაგინიტი
ვაგინიტი საშოს ლორწოვანი გარსის ანთებას წარმოადგენს. არასპეციფიური ვაგინიტი შეიძლება გამოწვეული იყოს სტაფილოკოკით, ნაწლავის ჩხირით, სტრეპტოკოკითა და სხვა. სპეციფიური ვაგინიტის გამომწვევებს ტრიქომონა, კანდიდა , ქლამიდია და სხვა ბაქტერიები წარმოადგენს. მაგრამ უფრო ხშირად ვაგინიტის გამომწვევი მიზეზები მრავლობითი და შერეულია.
ვაგინიტის განვითარების წინასწარგანმწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს საკვერცხეების ენდოკრინული ფუნქციის დაქვეითება, რომელიც აღინიშნება დანამატის ქრონიკული ანთების დროს, პუბერტულ პერიოდსა და ხანდაზმულ ასაკში. ანთებითი რეაქცია შეიძლება იყოს, როგორც კეროვანი, ისე დიფუზური, რომელიც ხშირად ვრცელდება საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილსა და ვულვაზე.
- ვაგინიტის ძირითადი კლინიკური ნიშანებია:
- სხვადასხვა ტიპის გამონადენი საშოდან
- ქავილი
- წვას საშოს მიდამოში, ვულვაში,
- ტკივილის გაძლიერებას და წვას მოშარდვის დროს.
- გაღიზიანება
- დისპარეუნია
დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია:
- ანამნეზური მონაცემები,
- ვაგინალური გასინჯვა,
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია
- და/ან კულტურალური კვლევა.
დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ რეკომენდირებულია შესაბამისი მკურნალობა. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მქონე პაციენტების მკურნალობა ხდება პარტნიორთან ერთად. პაციენტები, რომლებიც განაგრძობენ სიმპტომების გამოვლენას ან აქვთ მკურნალობის შემდეგ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კვლევის დადებითი შედეგები, სავარაუდოდ რეინფიცირებულია მათი სქესობრივი პარტნიორის მიერ.
ვაგინალური ინფექციების პრევენციის მეთოდები:
- სქესობრივი ჰიგიენის დაცვა.
- სასოს გამორეცხვებისაგან თავის შეკავება
- შორისის დაბანა და გამშრალება წინიდან -უკანა მიმართულებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ანუსიდან საშოში სწორი ნაწლავის მიკროფლორის მოხვედრა.
- 100% ბამბის საცვლების ტარება
- ზედმეტად მჭიდრო ტანისამოსის ტარებისაგან თავის შეკავება.