შხამად ითვლება ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას, ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ზიანი შესაძლოა იყოს უმნიშვნელო ან სერიოზული. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.
შხამის ორგანიზმთან კონტაქტი, ანუ ექსპოზიცია შესაძლოა იყოს:
ა)პერორალური (გადაყლაპვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრით)
უმეტესად მომწამლავი ნივთიერება ხვდება ორგანიზმში ამ გზით. პატარა ბავშვები ხშირ შემთხვევაში ყლაპავენ მავნე ნივთიერებებს შემთხვევით, მოზრდილები - განზრახვით, ან შხამით დაბინძურებული ხელებით საკვების მიღებისას.
ბ) ინჰალაციური (შესუნთქვისას ფილტვებში მოხვედრით)
ტოქსიკური აირის, ორთქლის, კვამლის, აეროზოლის უწვრილესი წვეთების, მტვრის - ცხვირით ან პირით შესუნთქვისას.
გ)კანის გზით (კონტაქტი სითხესთან, აეროზოლებთან, ორთქლთან)
მიუხედავად იმისა, რომ კანი წარმოადგენს ბარიერს, რომელიც იცავს ორგანიზმს შხამისაგან, ზოგ ნივთიერებას გააჩნია მაღალი შეღწევადობის უნარი, მით უფრო, თუ კანი დაზიანებულია.
დ) კანის გზით (ინექციის მეშვეობით)
შხამი ორგანიზმში ხვდება შპრიცით, უნემსო ინექტორით, ტატუს ნემსით, ასევე შხამიანი ცხოველების ( გველების, მწერების ან თევზის კბენისას)
შხამის ორგანიზმზე მოქმედება შესაძლოა იყოს ადგილობრივი ან სისტემური. ადგილობრივი ეფექტი შემოიფარგლება სხეულის იმ ნაწილით, რომელთანაც უშუალოდ ჰქონდა შეხება მომწამლავ ნივთიერებას (კანით, თვალებით, სასუნთქი სისტემით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტით). ადგილობრივი მოქმედების მაგალითია კანის დამწვრობა, გამონაყარი, ცრემლდენა, ცხვირ-ხახის გაღიზიანება და ა.შ. სისტემური ეფექტი უფრო ფართოა და ვითარდება ნივთიერების სისხლში შეწოვის შემდეგ.
სისტემური მოქმედება ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმში მოხვედრილი შხამის დოზა აღემატება ზღვრულ რაოდენობას, რომლის გამოყოფა, გაუვნებელყოფა შეუძლია ორგანიზმს.
ინტოქსიკაციაზე ეჭვისას, უხშირესად, რეკომენდებულია დაკვირვება 12-24 საათის (ხან უფრო მეტი დროის) განმავლობაში.
ქიმიურ ნივთიერებებს, რომლით ინტოქსიკაციებიც გვხვდება ბავშვთა ასაკში, მიეკუთვნება: საყოფაცხოვრებო ქიმია - მათეთრებლები, დეტერგენტები, სარეცხი, საწმენდი, მადეზინფიცირებელი საშუალებები; ნავთობპროდუქტები; კოსმეტიკა; მედიკამენტები; საღებავები, კოროზიული ქმედების მქონე ნივთიერებები; საყოფაცხოვრებო პესტიციდები.
საყოფაცხოვრებო შხამებით შემთხვევითი მოწამვლების უმეტესობა 1-4 წლის ასაკის ბავშვებში გვხვდება, მოზრდილ ასაკში კი ხშირია სუიციდის მცდელობის მიზნით მედიკამენტებით ინტოქსიკაცია.
კოროზიული ნივთიერებებით მწვავე მოწამვლა
კოროზიული ნივთიერებები აგრესიული ნაერთებია, რომელთაც კონტაქტისას შეუძლიათ მცირე დროში გამოიწვიონ ქიმიური დამწვრობა. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან მჟავები და ტუტეები, ასევე კალიუმის პერმანგანატის კრისტალები, საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია: აბაზანის და პირსაბანის, კერამიკული ფილების საწმენდი საშუალებები; ლითონის საგნების საწმენდი საშუალებები; მათეთრებლები; საკანალიზაციო მილების საწმენდი საშუალებები; თმის მოვლისთვის განკუთვნილი საშუალებები; წებოები.
კოროზიული ნივთიერებები შეიძლება მოხვდნენ ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, კანით და ინჰალაციური გზით
კოროზიული ნივთიერებები იწვევენ კანისა და ლორწოვანი გარსების სტრუქტურის დაზიანებას. მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარება შესაძლებელია საკმაოდ მოკლე პერიოდში - ქიმიურ აგენტთან კონტაქტიდან 1 წთ-ზე ნაკლებ დროში. განსაკუთრებით ძლიერი დაზიანებები აღინიშნება ხახისა და საყლაპავის ლორწოვან გარსებზე ტუტეების ზემოქმედებისას
კოროზიული ნივთიერებებით მოწამვლათა შორის ყველაზე ხშირია პერორალური ინტოქსიკაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია 5 ძირითადი კლინიკური სინდრომის არსებობა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამწვრობის სინდრომი, გაძლიერებული ნერწყვდენით, ტკივილის სინდრომი, საყლაპავიდან და კუჭიდან სისხლდენა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სისტემურ გამოვლინებათა სინდრომი.
საავადმყოფოში მიმართვამდე, შესაძლებელია მივცეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა, სახამებელი, რძე, კარგია ყინულის ნაჭრების გადაყლაპვაც.
აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ბინაზე ღებინება, რათა არ მივიღოთ მეორადი დამწვრობა და რაც შეიძლება სწრაფად მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.
კალიუმის პერმანგანატის კრისტალების მოხვედრისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, კანზე, მისი ინაქტივაცია ხდება ასკორბინის მჟავის (ვიტამინი C) ხსნარის გამოყენებით.
კოროზიული ნივთიერებების კანზე და ლორწოვნზე მოხვედრისას, მნიშვნელოვანია დაზიანებული უბნის გამდინარე წყლით უხვად ჩამობანა, შემომგარსველი საშუალების ალმაგელი A-ს მიცემა.