გრიპი და ვაქცინაცია

რჩევები მოზრდილები

გრიპი-ვირუსით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი მიეკუთვნება მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციების ჯგუფს, რომლის წევრებიც პერიოდულად ეპიდემიებსა და პანდემიებს იწვევენ. დღეისთვის გრიპის ვირუსის ორი ათასამდე სეროვარიანტია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან ანტიგენური სპექტრით განსხვავდება.

გრიპის ვირუსი ორთომიქსოვირუსების ოჯახის წევრია და სამ სეროტიპს აერთიანებს - A-ს, B-სა და C-ს. თითოეულ სეროვარიანტს თავისი ანტიგენური თვისებები აქვს. A ვირუსი  აავადებს როგორც ადამიანს, ისე ზოგიერთ ცხოველს (ცხენს, ღორს, ფრინველს). სწორედ მას მიუძღვის ბრალი ეპიდემიებისა და პანდემიების გავრცელებაში. A ვირუსი ადვილად იცვლის ანტიგენურ სტრუქტურას. ამ ნიშნის მიხედვით იგი რამდენიმე ქვეტიპად იყოფა. მისი ქვეტიპებია H1N1, H3N2 და სხვა. A სეროტიპით გამოწვეულ დაავადებას საკმაოდ სწრაფი გავრცელება და მოსახლეობის დიდი ნაწილის - დაახლოებით 40%-ის ინფიცირება ახასიათებს.          
                                   

B  ვირუსი პანდემიებს არ იწვევს. ის, ჩვეულებრივ, ლოკალური აფეთქებებითა და მცირემასშტაბიანი ეპიდემიებით შემოიფარგლება. B ვირუსი მხოლოდ ადამიანთა პოპულაციაში ცირკულირებს და შედარებით ნაკლები სიმძიმის დაავადებას იწვევს.

C სეროტიპიც ადვილად იცვლის გენეტიკურ სპექტრს, თუმცა ეპიდემიებს არ იწვევს. ახასიათებს დაავადების ერთეული შემთხვევები, ისიც - ბავშვებსა და სხვადასხვა დაავადებისგან დასუსტებულ ადამიანებში.

გრიპისადმი მიმღებლობა ნებისმიერ ასაკში მაღალია, ამიტომაც ვრცელდება ის ასე ადვილად. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც ვირუსს ჰაერწვეთოვანი გზით ავრცელებს ხველისას, ცემინებისას. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანები, რომელთაც დაავადების წაშლილი ფორმები აქვთ, აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და იოლად ავრცელებენ ვირუსს. დაავადებას  ხელს უწყობს ადამიანთა კონცენტრირება დახურულ შენობებში და ზოგიერთი სეზონური ფაქტორი. კერძოდ, ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე მალე იღუპება, დაბალზე კი დიდხანს ძლებს. გარდა ამისა, ზამთრობით ადამიანთა შორის კონტაქტი უფრო ინტენსიურია, ისინი დიდ დროს ატარებენ ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ვირუსი ადვილად ვრცელდება. ეს განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე ითქმის.

ვირუსი ორგანიზმში ზედა სასუნთქი გზებიდან - ცხვირიდან, ტრაქეიდან, ბრონქებიდან იჭრება, მათ ლორწოვანი გარსის ამომფენ მოციმციმე ეპითელიუმზე იბუდებს და მრავლდება. 8 საათის განმავლობაში ყოველი ვირუსი 8 თაობას იძლევა. ამიტომაც აქვს გრიპს საკმაოდ ხანმოკლე (1-2-დღიანი) საინკუბაციო პერიოდი. გამრავლების შემდეგ ვირუსი ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის უჯრედების დაშლასა და განადგურებას იწყებს. სწორედ ამის გამოვლინებაა ცხვირის გაჭედვა, სურდო, ხველა და ცემინება. სისხლში მოხვედრის შემდეგ გრძელდება ვირუსის ტოქსიკური ზემოქმედება, იმატებს ტემპერატურა, იწყება შემცივნება, კუნთების  და თავის ტკივილი. ზედა სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელიუმის ფიზიოლოგიური ფუნქცია მტვრისა და უცხო მიკროორგანიზმებისგან სასუნთქი გზების დაცვაა. მისი დაზიანებისას დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები ადვილად აღწევენ ფილტვებამდე, ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს, რაც იწვევს მეორეული ინფექციების დართვა-გააქტიურებას, თავს იჩენს გრიპის გართულებები: რინიტი, სინუსიტი, ოტიტი, ბრონქიტები, პნევმონიები და სხვა პათოლოგიები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა. გავრცელების პროცესში ვაქცინაციაზე ჯანმო უარს არ ამბობს, უბრალოდ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ვაქცინაცია დაემთხვეს გრიპით ინფიცირებას და ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს, ამიტომ ამ დროს რეკომენდაციას ვიძლევით, მოსახლეობამ გამოიყენოს დაცვის არაპირდაპირი საშუალებები ანუ უფრო გაამკაცროს პროფილაქტიკის წესები. პირადი ჰიგიენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ზედმიწევნით დაცვა არა მარტო გრიპის, არამედ უამრავი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ - მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პროფილაქტიკისთვის ჯობს ინფიცირებულმა იხმაროს ნიღაბი და არა ჯანმრთელმა ადამიანმა.

ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილდნენ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით - სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებულები, თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონეები, მცირე ასაკის ბავშვები და ხანდაზმულები. განსაკუთრებული ჯგუფია ორსულები, რომლებშიც გრიპი შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე არაორსულებში, ამიტომ მათ  ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.

გრიპის  პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინაციაა. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და მას  შემდეგ მისი შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება.  საქართველოს დაავადებათა  კონტროლის ცენტრი წელს რეკომენდაციას უწევს  სამკომპონენტიან ვაქცინას, რომელიც სამი ტიპის ვირუსს- B ვირუსსა  და  A  ტიპის ვირუსის ორ ქვეტიპს მოიცავს.

ვაქცინაციას   უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია და  შეიძლება ითქვას  ყველასთვისაა რეკომენდებული- განსაკუთრებით ზემოთ ჩამოთვლილ  რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად  ყოველწლიური  ვაქცინაციაა რეკომენდებული. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ვაქცინაცია  ბევრად   უფრო იაფი ჯდება, ვიდრე  გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა.

დაიცავით გრიპისგან  საკუთარი  თავი და ოჯახის  წევრები !