რა არის გაციება?
გაციება (სურდო) მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს. მარტო აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში აღინიშნება გაციების ერთი მილიარდი შემთხვევა. ბავშვები წლის განმავლობაში 6-10-ჯერ ხდებიან ავად გაციებით.
რა იწვევს გაციებას?
დღეისათვის ცნობილია 200 სახის ვირუსი, რომლებიც განაპირობებენ გაციების სიმპტომებს. ყველაზე ხშირად გაციებას იწვევს რინოვირუსი (ბერძნულად “Rhin" ცხვირს ნიშნავს). გაციებას განაპირობებს ასევე პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.). თუმცა შემთხვევათა 30-50%-ში დაავადების გამომწვევის დადგენა ვერ ხერხდება.
როდის არის გაციება უფრო ხშირი?
გაციება უფრო ხშირია გვიან შემოდგომასა და ზამთარში. დაავადების გახშირება დაკავშირებულია გაციებასთან, რაც ზრდის დახურულ სივრცეში (სკოლა, ბაგა-ბაღი და სხვ.) ყოფნის ხანგრძლივობას და ინფექციის გადაცემის შანსს. დაავადების სიხშირეზე გავლენას ახდენს ასევე ტენიანობა – გაციების გამომწვევი ვირუსები უფრო დიდხანს ძლებენ დაბალი ტენიანობის დროს წელიწადის უფრო ცივ თვეებში.
არის თუ არა გაციება გადამდები და როგორ ხდება დაავადების გავრცელება?
ყველაზე მეტად გადამდები პერიოდი დაავადების სიმპტომების გამოჩენიდან პირველი 2-4 დღეა, მაგრამ ბავშვი შეიძლება გადამდები იყოს 3 კვირის განმავლობაშიც კი. ავადმყოფი ვირუსს ჰაერ-წვეთოვანი (ხველება, ცხვირ-ცემინება) ან კონტაქტური გზით (თუ ბავშვი ხელით შეეხება ზედაპირს, რომელზეც ავადმყოფის მიერ გამოყოფილი ნაწილაკი მოხვდა, ხოლო შემდეგ ამ ხელს მოჰკიდებს ცხვირს ან თვალს) გადასცემს ჯანმრთელ ადამიანს.
რა არის გაციების ნიშნები?
დაავადების სიმპტომები ვლინდება კონტაქტიდან 2-3 დღის შემდეგ. გაციების პირველი ნიშნებია ყელის ტკივილი ან ფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის სუნთქვის გაძნელება, ცხვირცემინება. შეიძლება აღინიშნოს ასევე ხველა, თავის ტკივილი, ტემპერატურის მცირედ მომატება, უმადობა. გაციება გრძელდება 2-დან 14 დღემდე, მაგრამ უხშირესად 1 კვირა.
ახასიათებს თუ არა გაციებას გართულება?
გაციება შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ინფექციით ოტიტის (შუა ყურის ანთება) ან სინუსიტის (ცხვირის დანამატი ღრუების ანთება) სახით.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ გაციებას?
“დრო ყველაფრის მკურნალი”. ეს ყოველთვის არ არის მართალი, მაგრამ გაციების შემთხვევაში ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. გაციების სამკურნალო საშუალება არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეიძლება შვება იგრძნოთ, თუ შეამსუბუქებთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თავის და კუნთების ტკივილი, ტემპერატურა. სასარგებლო რჩევაა ასევე დაწვეთ საწოლში, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და თხიერი საკვები, ყელის სავლები სხვადასხვა საშუალება (უფროსი ასაკის ბავშვებში). ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს უფრო ხშირად მიეცით ძუძუ. არასოდეს არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე. სიცხის დასაწევად არ გამოიყენოთ ასპირინი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გაციება?
ყველაზე ეფექტური და მარტივი რჩევაა ხშირად დაიბანოთ ხელები წყლით და საპნით. ვინაიდან ვირუსის შეჭრის ჭიშკარი თვალები და ცხვირია, ეცადეთ არ შეეხოთ ხელებით ამ არეებს. მოერიდეთ ინფექციის შესაძლო წყაროსთან ახლო კონტაქტს. თუ თქვენი ბავშვი ავად არის, დატოვეთ ის სახლში. დახველების ან ცემინების შემთხვევაში გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი, რომელსაც გამოყენებისთანავე გადააგდებთ ნაგვის ყუთში. ვინაიდან რინოვირუსი 3 საათს სძლებს გარემო არეში, გაწმინდეთ საყოფაცხოვრებო ნივთები (მაგიდა, ტელეფონი, სკამი და ა.შ.) სველი წესით.