ფილტვების ანთება (პნევმონია) ქვედა სასუნთქი გზების ანთებაა, რომელიც გამოწვეულია ინფექციური აგენტის ფილტვებში მოხვედრით. ყოველწლიურად ფილტვების ანთებით მსოფლიოში 150 მილიონამდე ბავშვი ხდება ავად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2015 წელს პნევმონიის გამო მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის ერთ მილიონამდე ბავშვი გარდაიცვალა. ზოგადად, ბავშვთა ასაკში პნევმონია სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ვაჟებში შემთხვევათა სიხშირე მეტია, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკში. ვირუსულ პნევმონიას სეზონური ხასიათი აქვს, მისი პიკი ზამთრის განმავლობაში აღინიშნება.
პნევმონიის გამომწვევი შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია, ასევე სოკოები, პარაზიტები. შესაძლებელია პნევმონია იყოს შერეული ვირუსულ–ბაქტერიული. 5 წლამდე ასაკში პნევმონიის ყველაზე ხშირ გამომწვევს ვირუსული ინფექცია წარმოადგენს, ყველაზე ხშირი ბაქტერიული გამომწვევი კი პნევმოკოკია.
ბავშვთა ასაკში პნევმონიის ნიშნები და მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევზე და ბავშვის ასაკზე. პნევმონიის კლინიკური სურათი შეიძლება იყოს არამკაფიო, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშებში. პნევმონიისათვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, ტემპარატურის მატება, შეიძლება აღინიშნებოდეს მუცლის ტკივილი, ღებინება და თავის ტკივილი, თუმცა ძირითადი და მთავარია სასუნთქი სისტემის დაზიანების ნიშნები: ხველა, სუნთქვის გაძნელება და გახშირება, გულმკერდის ტკივილი, მძიმე შემთხვევებში სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა. ფილტვების ანთებაზე უნდა იფიქროთ ასევე, თუ გაციების მე-4-5 დღეს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ცხელება და ხველა კვლავ უგრძელდება.
ფილტვების ანთება შეიძლება დაიწყოს მშრალი, შემაწუხებელი ხველით, რომელიც მოგვიანებით გადადის სველ ხველაში. რაც უფრო ხანგრძლივია ხველა, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და გახშირება, მით მაღალია პნევმონიის ალბათობა. ცხელება პნევმონიის ერთ-ერთი ხშირი, მაგრამ არა აუცილებელი სიმპტომია, შეიძლება პნევმონია მიმდინარეობდეს ნორმალური ტემპარატურის ფონზედაც.
დაავადების სიმძიმის მიხედვით პნევმონია შეიძლება იყოს მსუბუქი და მძიმე. მძიმე ფილტვების ანთებაზე უნდა იფიქროთ, თუ: ტემპერატურა მეტია 38,50-ზე, აღინიშნება ძალიან გახშირებული ან მკვნესარე სუნთქვა, ცხვირის ნესტოების ბერვა, არ იღებს საკვებს, მივარდნილია.
პნევმონიის განვითარების რისკ-ფაქტორებია: მამრობითი სქესი, არასრული იმუნიზაცია ან არაიმუნიზირებული ბავშვი (პნევმოკოკის, ჰემოფილუსის, წითელას და ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის არჩატარება), 1 წლამდე ასაკი, ნორმასთან შედარებით დაბალი წონა, ოჯახში თამბაქოს მოხმარება (პასიური მოწევა).
პნევმონიის დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სურათს და ფილტვის გასინჯვის მონაცემებს, საავადმყოფოში მოთავსებულ ბავშვებში კი, დამატებით, რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებს.
ბავშვთა ასაკში პნევმონიის მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია: დაავადების გამომწვევის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება (ანტიბიოტიკი), ჟანგბადის დამატებითი მიწოდება, სითხეების დამატებითი მიწოდება, ტკივილის და სიცხის (თუ ტემპარატურა 38,30-ზე მეტია) საწინააღმდეგო პრეპარატები.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას რეკომენდებულია დასალევი ანტიბიოტიკების გამოყენება, რომლებიც ისევე ეფექტურია, როგორც კუნთებში შეყვანილი, ხოლო თვით ანტიბიოტიკის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, გამომწვევ მიკრობზე და ბავშვის ასაკზე.
პნევმონია ინფექციური დაავადებაა, შესაბამისად პნევმონიით დაავადებული ბავშვი საშიშროებას წარმოადგენს გარშემომყოფთათვის, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებისთვის, ასე რომ პნევმონიის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოარიდოთ ავადმყოფი ბავშვი კონტაქტს ოჯახის სხვა წევრებთან.