ბრონქული ასთმა

რჩევები მცირეწლოვანი ბავშვები

რა არის ბრონქული ასთმა?

ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მსტვინავი სუნთქვის, სულხუთვის, გულმკერდის შებოჭილობისა და ხველის მორეციდივე ეპიზოდებით. სიმპტომები განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ღამით და/ან ადრე დილით. ასთმის გამოვლინება დაკავშირებულია ბრონქებში ჰაერის ნაკადის შეზღუდვასთან.

რა იწვევს  ბრონქულ  ასთმას?

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ასთმის განვითარებასა და გამწვავებაზე, იყოფა ორ ძირითად ჯგუფად გენეტიკური და გარემო ფაქტორები.

გენეტიკური ფაქტორები

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა ალერგიული დაავადებებისადმი,
  • ალერგიული დაავადება უშუალოდ პაციენტთან (ალერგიული დერმატიტი, რინიტი),
  • სიმსუქნე,
  • სქესი (მამრობითი სქესი ბავშვობის ასაკში ასთმის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს).

გარემო ფაქტორები

  • ალერგენები (მტვრის ტკიპა, ბეწვიანი ცხოველები, ტარაკანის ალერგენი, სოკოები, საფუარა, ობის სოკო, მცენარის მტვერი, კვებითი ალერგენები - რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, თხილეული -  არაქისი, თხილი, კაკალი, ნუში, სოია, ხორბალი, ბოსტნეული: ისპანახი, პამიდორი, ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ნიორი და სხვ., ხილი: კენკროვანები: მარწყვი, ჟოლო, ატამი, გარგარი, ბალი, ციტრუსები და სხვ.),
  • ვირუსული ინფექცია,
  • ჰაერის დაბინძურება,
  • თამბაქოს (პასიური და აქტიური) მოხმარება,
  • კვების ხასიათი (ძუძუთი კვება იცავს ასთმის განვითარებისაგან,  კვებითი ალერგია ასთმის გამწვავებას ძირითადად ადრეულ ასაკში უწყობს ხელს).
  • მედიკამენტები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები - ასპირინი, იბუპროფენი - იწვევს ასთმის გამწვავებას),
  • ემოციური სტრესი,
  • ფიზიკური დატვირთვა.  
  • საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნივთიერებები: პარფიუმერია, საღებავები, სარეცხის საშუალებები და სხავა.

როგორ ვლინდება ბრონქული ასთმა?

ასთმისთვის დამახასიათებელი ნიშნებია - პერიოდულად სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა, სუნთქვის გახშირება. მძიმე შეტევის დროს ვლინდება კანის ლურჯი შეფერილობა, სუნთქვის გაძნელება - ქოშინი.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

5-6 წელზე მეტი ასაკის პაციენტებთან ფასდება ფილტვის ფუნქცია (სპირომეტრიით ან პიკლფლოუმეტრიით). ჰაერის ნაკადის შეზღუდვა და ცვალებადობა, რაც ადასტურებს ასთმის დიაგნოზს. გამოიყენება ასევე სხვა ტესტები - ალერგიული სინჯები, სისხლში სპეციფიური ანტისხეულების განსაზღვრა და სხვ.

როგორ ფასდება ასთმის სიმძიმე?

ასთმის სიმძიმე ფასდება მასზე კონტროლის დონით. ასთმაზე კონტროლის შეფასება კი ხდება შემდეგი ნიშნებით: სიმპტომების არსებობა დღის და ღამის განმავლობაში, ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვა, შეტევის მოსახსნელი წამლის გამოყენების სიხშირე, ფილტვის ფუნქციის მაჩვენებლის დონე, გამწვავებების სიხშირე.

როგორ ვუმკურნალოთ ასთმას?

ასთმის მკურნალობის მიზანია ასთმაზე კონტროლის მიღწევა (სიმპტომების და აქტივობის შეზღუდვის არარსებობა, ნორმალური ფილტვის ფუნქცია). მედიკამენტები, რომლებიც ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება, იყოფა ორ დიდ ჯგუფად - შეტევის მოსახსნელი და კონტროლის (პრევენციულიმედიკამენტები.

ასთმის მართვაში მეტად მნიშვნელოვანია პარტნიორობის ჩამოყალიბება ექიმსა და პაციენტს/მშობელს შორის.

მშობელმა/მომვლელმა უნდა იცოდეს:

  • ასთმის გამწვავების რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება,
  • ასთმის “კონტროლის” და “შეტევის მოსახსნელ” მედიკამენტს შორის განსხვავება,
  • მედიკამენტების სწორად გამოყენება,
  • ასთმის გამწვავების ნიშნები და პირველი დახმარება,
  • სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვის ჩვენებები და აუცილებლობა,
  • ექიმთან რეგულარული ვიზიტის მნიშვნელობა.

როგორ ამოვიცნოთ ასთმის შეტევა და მოვიქცეთ შეტევის დროს?

ასთმის შეტევაზე მიუთითებს:

  • მსტვინავი სუნთქვა
  • შემაწუხებელი ხველა
  • გახშირებული სუნთქვა
  • მუცლის აქტიური მონაწილეობა სუნთქვაში
  • ნეკნთაშუა არეების ჩაზნექა სუნთვის დროს
  • სიფერმკრთალე
  • ცივი ოფლი
  • ლურჯი ტუჩები
  • ბავშვი ლაპარაკობს წყვეტილად, ერთეული სიტყვებით, ვერ ამბობს წინადადებებს სუნთქვის გაძნელების გამო

ასთმის შეტევის დროს დასვით ბავშვი ვერტიკალურად, შეასუნთქეთ შეტევის მოსახსნელი წამალი ასაკობრივი დოზით, დაელოდეთ რამდენიმე წუთი, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, გაიმეორეთ იგივე ქმედება და მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს მკურნალობის კორექციის მიზნით?

  • ასთმის სიმპტომები (მსტვინავი სუნთქვა, ხველა, სუნთქვის გაძნელება) აქვს დღის განმავლობაში კვირაში 2 დღეზე მეტად
  • აქვს ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვა (ვარჯიშის, აქტიური თამაშის ან სიცილის დროს ახველებს, აქვს მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი),
  • ასთმის სიმპტომები აქვს ღამის განმავლობაში – ახველებს ღამე ან იღვიძებს ღამე მსტვინავი სუნთქვის, ხველის, სუნთქვის გაძნელების გამო
  • შეტევის მოსახსნელი წამალი სჭირდება კვირაში 2 დღეზე მეტად
  • ფილტვის ფუნქციის მაჩვენებელი დაქვეითებულია
  • რატომ არის მნიშნელოვანი ექიმთან რეგულარული ვიზიტი?
  • ექიმი შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას, ფილტვის ფუნქციის მაჩვენებელს, ასთმის კონტროლის ხარისხს. აუცილებლობის შემთხვევაში ჩაატარებს საჭირო კვლევებს, მოახდენს მკურნალობის სქემის ცვლილებას.

გახსოვდეთ!

ბავშვის დაავადების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს მასწავლებელმა და მისმა მეგობრებმა. მიუხედავად იმისა, რა სიხშირით სჭირდება ბავშვს შეტევის მოსახსნელი მედიკამენტი, მას ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ის.