რა არის ატოპიური დერმატიტი (ად)?
ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ვითარდება ადრეულ ბავშვთა ასაკში და ხასიათდება გამწვავებებით.
სინონიმები - ატოპიური ეკზემა, ჩვილთა ეკზემა, ალერგიული დერმატიტი.
რა ასაკში ვლინდება ად?
ატოპიური დერმატიტი ძირითადად ვლინდება 5 წლამდე ასაკში
- პაციენტთა 45%-ში დაავადება ვითარდება 6 თვემდე
- 60%-ში პირველი წლის განმავლობაში
- 85%-ში 5 წლამდე
როგორია ატოპიური დერმატიტით ავადობა?
ატოპიური დერმატიტი პრაქტიკულად არ იწვევს სიკვდილიანობას, მაგრამ მაღალია ავადობა (10-15%) და ცხოვრების ხარისხის ცვლილება. დადგენილია, რომ 10 წლის ასაკისათვის ბავშვთა 2/3 „გამოიზრდება“ ატოპიური ეკზემიდან, 15 წლისთვის კი 75%-ში ვითარდება რემისია. თუმცა ასეთ ბავშვებში ხშირია კანის სიმშრალე. ამასთან საყურადღებოა, რომ ად-ს მქონე ბავშვთა დაახლოებით 30-50%-ს უვითარდება ასთმა, ხოლო 35-70%-ს კი - ალერგიული რინიტი.
რა იწვევს ატოპიურ დერმატიტს?
ად-ს განვითარებაში მაღალია გენეტიკური წინასწარგანწყობის როლი. კანში ცილა ფილაგრინის პროდუქციის უნარის დაქვეითება (განპირობებული გენური მუტაციით) არღვევს კანში ცხიმის შემცველობას, და ხელს უწყობს კანიდან წყლის დაკარგვას. შედეგად ირღვევა კანის ბარიერი, რაც ხელს უწყობს ალერგენების და სხვა გამაღიზიანებელის ფაქტორების კანში შერწევას და ანთების განვითარებას.
რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ად-ს გამწვავება?
გამაღიზიანებელი ფაქტორები და ალერგენები
- ირიტანტები (გამაღიზიანებლები) - საპნები და დეტერგენტები (შამპუნი, სააბაზანო ქაფი, შხაპის გელი)
- კონტაქტური ალერგენები - შალის და ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმელი, მეტალის საგნები, სამკაული,
- კლიმატური ფაქტორები - ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა
- ოფლიანობა
- კვებითი ალერგენები - რძე, კვერცხი, თევზი, თხილეული, ფერადი ბოსტნეული, შოკოლადი და კაკაო, ატოპური დერტამტიტის მქონე ბავშვთა 50%-ს აქვს კვებითი ალერგია.
- ინჰალაციური ალერგენები - ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფეხსახსრიანების ქიტინის გარსი, ობის სოკოები.
- კანის ინფექცია - Staphylococcus aureus
- თამბაქოს კვამლი
- სტრესი
- ჰორმონული დარღვევები
როგორ ვლინდება ად?
ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს:
- კანის ქავილი და სიმშრალე
- სხვადასხვა ტიპის გამონაყარი
- მორეციდივე მიმდინარეობა
- დასაწყისი ჩვილობის ასაკში
- ალერგიის ოჯახური ისტორია
- კანის დაზიანების ტიპიური მდებარეობა:
_ ჩვილებში - სახე, თავის თმიანი ნაწილი და კიდურების გამშლელი ზედაპირები.
_ ბავშვებში - ყურისა და კისრის უკანა ზედაპირი, მაჯისა და კოჭის მიდამო, კიდურების მომხრელი ზედაპირები.
_ მოზარდებსა და მოზრდილებში - კისერი, კიდურები, მტევანი და ტერფი.
როგორ ხდება ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტიკა?
ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება კლინიკურ ნიშნებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კვლევების (კანის ალერგიული ტესტები, სისხლში IgE-ს განსაზღვრა) ჩატარება.
როგორ ვუმკურნალოთ ად-ს?
ად-ს მკურნალობის ზოგადი რეკომენდაციები:
- ატოპიური დერმატიტის მკურნალობაში მეტად ნიშვნელოვანი კანის დატენიანება (მისი ბარიერული ფუნქციის აღდგენა). ამისთვის გამოიყენება სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი მალამოები, ლოსიონები და კრემები.
- საჭიროა გამაღიზიანებელი ფაქტორებისა ზემოქმედების თავიდან აცილება - სპეციალური ჰიპოალერგიული საპნებისა და დასაბანი საშუალებების გამოყენება, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის გამოყენება,
- ალერგენებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა.
- ქავილის დროს კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრჩხილების მოკლედ დაჭრა, შესაძლებელია კანის დაზიანებული უბნის გადახვევა, ბამბის ხელთათმანების ტარება
- აბაზანის მიღების დროს წყალი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი
მედიკამენტები ად-ს დროს (ექიმის დანიშნულებით)
ად-ს დროს გამოიყენება:
- კორტიკოსტეროიდული მალამოები
- ადგილობრივი მოქმედების ანთებისსაწინააღმდეგო მალამოები - კალცინევრინის ინჰიბიტორები
- დასალევი ანტიჰისტამინური საშუალებები ქავილის შესამცირებლად
აღნიშნული პრეპარატების გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ვინაიდან მათი თვითნებური, ხანგრძლივი და ჭარბი დოზით გამოყენებას შეიძლება მოყვეს გართულებები და წამლის გვერდითი ეფექეტების განვითარება!