რა არის მწვავე ფარინგიტი?
მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მწვავე ფარინგიტი შეიძლება აღწერილი იქნას როგორც „ყელის მწვავე ტკივილი“.
რა იწვევს ფარინგიტს?
ფარინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ვირუსი (40%) და ბაქტერია (30%).
ფარინგიტის გამომწვევი ძირითადი ვირუსებია ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი, ექოვირუსი, კოკსაკი, გრიპის და პარაგრიპის ვირუსი. შედარებით იშვიათია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი.
ფარინგიტის შემთხვევათა 10-15%-ს მოზრდილებში და 30%-ს ბავშვებში Α ჯგუფის β ჰემოლიზური სტრეპტოკოკი განაპირობებს. ფარინგიტის გამომწვევი სხვა ბაქტერიებია - სტაფილოკოკი, ქლამიდია, მიკოპლაზმა.
ყელის ტკივილის გამომწვევი შეიძლება იყოს აგრეთვე ქიმიური (თამბაქოს ბოლის ზემოქმედება), მექანიკური აგენტი (ნაკაწრი, ნაჩხაპნი ძვლის ფრაგმენტით), ალერგია ან პოსტნაზალური წვეთი.
რა ნიშნებით ვლინდება მწვავე ფარინგიტი?
მწვავე ფარინგიტისთვის დამახასიათებელია: ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება - დისფაგია, ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. ობიექტური გამოკვლევისას შეიძლება გამოვლინდეს ხახისა და ნუშურა ჯირკვლების ანთებითი ცვლილებები - ჰიპერემია, შესივება, ნადები ნუშურა ჯირკვლებზე, კისრის წინა ლიმფური ჯირკვლების შესივება. ეს ნიშნები არასპეციფიურია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციების დროს. სტრეპტოკოკული ფარინგიტის დროს დამახასიათებელია მუცლის ტკივილი.
თუ პაციენტის ასაკია 3-დან 15 წლამდე და ყელის ტკივილთან ერთად აღენიშნება მაღალი ცხელება >38, ნადები ნუშურა ჯირკვლებზე, კისრის წინა ლიმფური ჯირკვლების შესივება, ხველის არ არსებობის ფონზე სავარაუდოა ბაქტერიული ინფექციის არსებობა. თუ ყელის ტკივილთან ერთად პაციენტს აღენიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი და დიარეა საფიქრებელია დაავადების ვირუსული ეტიოლოგია. 3 წლამდე ბავშვებში ფარინგიტი ძირითადად ვირუსული წარმოშობისაა.
საჭიროა თუ არა კვლევის ჩატარება მწვავე ფარინგიტის დრის?
ვირუსული ფარინგიტის დროს კვლევის ჩატარება არ არის საჭირო. თუ საეჭვოა ბაქტერიული ეტიოლოგია შესაძლებელია ჩატარდეს სწრაფი სტრეპტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს არის, თუ არა სტრეპტოკოკი ფარინგიტის გამომწვევი. ტესტის ჩასატარებლად ხდება ნაცხის აღება ხახიდან, პასუხი მიიღება 15-20 წუთში. ასევე შესაძლებელია ჩატარდეს ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა, კვლევის შედეგი მიიღება 3 დღეში.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ მწვავე ფარინგიტს?
ვირუსული ფარინგიტის დროს მკურნალობა სიმპტომურია. მაღალი ცხელების (>38,5) და ყელის ტკივილის დროს გამოიყენება პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ბავშვის ასაკის შესაბამისი დოზით.
ყელის ტკივილის დროს შესაძლებელია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი სპრეის ან მოსაწუწნი ტაბლეტების გამოყენება.
რეკომენდებულია თბილი სითხეების მიღება.
სტრეპტოკოკული ინფექციის დროს აუცილებელია ანტიბიოტკიოთერაპია. არჩევის პრეპარატია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკი. კურსის ხანგრძლივობაა 10 დღე.
რა გართულებები შეიძლება განვითარდეს მწვავე ფარინგიტის დროს?
ვირუსული ფარინგიტის დროს შეიძლება განვითარდეს შუა ყურის ანთება.
სტრეპტოკოკული ფარინგიტის დროს შეიძლება განვითარდეს პარატონზილური ან რეტრო-ფარინგული აბსცესი. თუ სტრეპტოკოკული ინფექციის დროს არ ჩატარდა ანტიბიოტიკოთერაპიის სრული კურსი არსებობს მწვავე რევმატიული ცხელების, პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტის, პოსტსტრეპტოკოკული რეაქტიული ართრიტის განვითარების რისკი.