20 სექტემბერი, 2019

რატომ აქტიურდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები შემოდგომასა და გაზაფხულზე?

რატომ აქტიურდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები შემოდგომასა და გაზაფხულზე და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას? ამ საკითხებს "ევექსი კლინიკების" გასტროენტეროლოგი ნანა გოგიჩაიშვილი განიხილავს.
რა პრობლემების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა გასტროენტეროლოგს?
ჩვენი პაციენტები ძირითადად უჩივიან გულისრევის, სიმძიმის-გადავსებულობის შეგრძნებას კუჭის არეში, ბოყინს, მეტეორიზმს (შებერილობა), შეკრულობას. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, საქართველო მეშვიდე ადგილას მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა დიეტებს ინტენსიურად იცავს. შესაბამისად, დიეტის შემდგომი პრობლემებიც საკმაოდ ხშირია და გამოიხატება კუჭის არეში წვით, ტკივილით და დისკომფორტის შეგრძნებით.
გვითხარით, რის კვლევას მოიცავს გასტროსკოპია?
გასტროსკოპია არის საყლაპავის, კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დათვალიერება და შეფასება. პროცედურის შედეგად შეიძლება დადგინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის ეროზიული და წყლულოვანი დაზიანება, სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმი( პოლიპი და ა.შ.). კვლევის შედეგად შესაძლოა ინახოს დივერტიკულიც - რაც არის კონკრეტული ორგანოს კედლის დეფექტი ე.წ. ჩაღრმავება. ზემოთ ჩამოთვლილმა პრობლემებმა შეიძლება ორგანიზმში მთელი რიგი დარღვევები გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომით, როგორებიც არის, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება, გულძმარვა, სიმძიმე და ტკივილი კუჭის არეში. ყველა ეს სიმპტომი საყურადღებოა, რადგან რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გართულებაც. 
ვისაუბროთ ჰელიკობაქტერია პილორზეც, რა დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ამ ბაქტერიამ?
ეს არის ის გრამ-უარყოფითი პათოგენური ბაქტერია, რომელიც იწვევს წყლულოვან დაავადებას. საყურადღებოა ისიც, რომ ეს ბაქტერია ძალიან ინვაზიურია და გადადის კონტაქტით, საყოფაცხოვრებო ნივთებზე შეხებით, კოცნით. ჩვენს რეგიონში საკმაოდ გავრცელებულია და სტატისტიკურად მოსახლეობის 80-85%-ს აღენიშნება. ბაქტერიის პროვოცირება ხდება კვებისა და ძილის რეჟიმის და იმუნური სისტემის დარღვევების გამო. ის იწვევს წყლულოვან დაავადებას.
კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, როდის და რა ინტენსივობით ჯობს გასტროენტეროლოგთან ვიზიტი?
კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები სეზონურობით ხასიათდება და აქტიურდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ამიტომ, ახლა კარგი პერიოდია მის საპრევენციოდ და სამკურნალოდ. ასევე, მინდა პაციენტებს ვუთხრა, რომ პროფილაქტიკისთვის გასტროენტეროლოგთან ვიზიტი და გასტროსკოპიის გაკეთება წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.