17 ნოემბერი, 2020

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები COVID-19 ვირუსის შესახებ

1) როდის უნდა ჩავიტარო COVID 19-ის დიაგნოსტიკური  ტესტი?

  • ტესტი ტარდება თუ თქვენ მიიჩნევით დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტად
  • აღგენიშნებათ 37 გრადუსი და მეტი ტემპერატურა
  • გაქვთ მწვავე რესპირატორული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ნიშნები : ხველა, ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი, დიარეა, ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება.
  • უფასო ტესტირებისათვის გამოყოფილი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/38OLo1v

2) როგორ ვიქცევით კოვიდ 19 ის დადასტურების შემთხვევაში?

  • გადადით თვითიზოლაციაში
  • დაუკავშირდით 112-ის ონლაინ კლინიკას ან თქვენს პირად ოჯახის ექიმს
  • მიჰყევით თქვენი პირადი ექიმის რეკომენდაციებს
  • ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ მედიკამენტები


3) 
გახსოვდეთ თუ კოვიდ 19 მიმდინარეობს მსუბუქად  ან უსიმპტომოდ, არ საჭიროებს განსაკუთრებული სპეციფიური მკურნალობის რეჟიმს.  ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია:

  • მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში (რეკომენდირებულია წყალი, ლიმნიანი და სხვადასხვა ხილის ჩაი)
  • იკვებეთ ჯანსაღი საკვებით, რომლის მოსანელებლადაც თქვენს ორგანიზმს არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, ასეთ შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ ენერგიას, რომელსაც ორგანიზმი მთლიანად მოახმარს ვირუსთან ბრძოლას
  • ხშირად გაანიავეთ ოთახი
  • სასურველია ფიზიკური აქტივობა დღეში 20-30 წუთის განმავლობაში


4) 
ბინაზე მეთვალყურეობის დროს, 
გახანგრძლივებული შემთხვევებისას შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს სხვადასხვა ტიპის კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, რის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ოჯახის ექიმი.

5) როგორ მივხვდე რომ დაავადება მიმდინარეობს რთული ფორმით?

თუ თქვენ გაქვთ შემდეგი სიმპტომები

  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • ცნობიერების დარღვევა
  • ხშირი პირღებინება
  • ძილიანობა
  • უჩვეულო სიფერმკრთალე

აუცილებლად დაუკავშირდით 112-ს ან პირად ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია

 

6) რა შემთხვევაში დგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება?

  • თუ თქვენი პირადი ექიმის შეფასებით დაავადება მიმდინარეობს რთული ფორმით
  • გაქვთ სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადება
  • თუ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

 

7) რა შემთხვევაში ხორციელდება ბინაზე/სასტუმროში/სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა?

  • ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად, აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში.
  •  თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID-სასტუმროში.

 

8) როგორ მოვიქცე, თუ ვარ COVID-ინფიცირებული, ვმკურნალობ ბინაზე და სხვა მიზეზით დამჭირდა გეგმიური, ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება?

  • თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე.
  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.

 

9) როდის ვითვლები გამოჯანმრთელებულად და შემიძლია დავასრულო თვითიზოლაცია. საჭიროა თუ არა თვითიზოლაციის დასრულებისას ტესტირება?

  • თუ თქვენ ხართ სიმპტომიანი პაციენტი სიმპტომების დაწყებიდან უნდა გავიდეს მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე
  • თუ ხართ უსიმპტომო და 10 დღე ხართ იზოლაციაში, მეთერთმეტე დღიდან იხსნება თვითიზოლაციის წესი
  • თუ თქვენ მკურნალობდით ჰოსპიტალში თვითიზოლაციის რეკომენდაციას მიიღებთ მკურნალი ექიმისგან
  • მკურნალის ექიმის დასტურის შემთხვევაში თქვენ აღარ საჭიროებთ დამატებით ტესტირებას

10) მეძლევა თუ არა და ვის მიერ გაიცემა ცნობა COVID-ინფიცირების შესახებ სამსახურში წარსადგენად?

  • თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
  • სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი ონლაინ-კლინიკა.

11) ვის მივამართო COVID-19-თან დაკავშირებული საჭიროებების შემთხვევაში?

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112
  • სამთავრობო ცხელი ხაზი-144
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505
  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001