„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ საქართველოში ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ასობით პაციენტს უწევს სამედიცინო დახმარებას.
უკანასკნელი კვლევების თანახმად, საქართველო ევროპაში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვით მეორე ადგილზეა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და კიბოს შემთხვევები.
კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერებისკენაა მიმართული, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემის მოგვარებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თამბაქოს მავნე ზეგავლენით გამოწვეული ავადობის მაჩვენებლებს.
მიმდინარე კვირიდან „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით ”ოფისი თამბაქოს გარეშე” .
ამ აქციის ფარგლებში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მეთოდისტებისა და კონსულტანტების დახმარებით შეიმუშავა სპეციალური სამკურნალო პროგრამა, რომელიც თამბაქოს მოწევის თავის დანებების მსურველ თანამშრომლებს ნიკოტინ-დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარება.
სამკურნალო პროგრამა მთლიანად „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ იქნება დაფინანსებული და პირველ ეტაპზე მასში ჩართვა ევექსის სათავო ოფისის თანამშრომლებს ნებაყოფლობით შეეძლებათ.