ონკოჰემატოლოგია
ევექსის ქსელში შესაძლებელია როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული ონკო-ჰემატოლოგიური სერვისის მიღება, რაც მოიცავს როგორც არაონკოლოგიური ჰემატოლოგიური პათოლოგიების, ასევე ონკო-ჰემატოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას 0-დან 20 წლამდე ასაკში. ეს დეპარტამენტი ერთადერთია საქართველოში, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობენ მწვავე ლეიკემიითა და ავთვისებიანი ლიმფომებით დაავადებული პაციენტები.
ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ტარდება მწავე ლეიკემიის დიაგნოსტიკის სრული პაკეტი, რაც მოიცავს შემდეგი სახის კვლევებს:
1. ძვლის ტვინის პუნქცია და ტრეპანობიოფსია
2. ბლასტური უჯრედების იმუნოფენოტიპირება, უახლესი თაობის გამდინარე ციტომეტრით
3. ციტომორფოლოგიური და ციტოქიმიური კვლევები
4. მოლეკულური - გენეტიკური კვლევა (PCR)-მეთოდით
5. მინიმალური რეზიდუალური დაავადების დეტექცია (MRD)
1995 წლიდან დღემდე, მკურნალობა ტარდება ევროპაში აღიარებული BFM პროტოკოლის სრული დაცვით, რამაც პაციენტთა 70%-ის სრული გაჯანსაღების შესაძლებლობა მოგვცა.
ლეიკემიით დაავადებული ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია 2 წლიანი უფასო დისპანსერული მკურნალობით (დაცვითი თერაპია). აგრეთვე, ვმკურნალობთ არაონკოლოგიურ ჰემატოლოგიურ ნოზოლოგიებს:
1. ყველა სახის შეძენილი ანემია
2. ყველა სახის თანდაყოლილი ანემია (თალასემია, მიკროსფეროციტოზი, G6PD, პირუვატ-კინაზის დეფიციტი და ა.შ)
3. თრომბოციტოპენიური პურპურების ყველა ქვეტიპი
4. თანდაყოლილი და შეძენილი აპლასტიური ანემიები
5. კოაგულოპათიები
6. მიელოდისპლაზიური სინდრომები
7. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული GVHD-ის მწვავე და ქრონიკული ფორმები
გარდა ამისა, 2017 წლის სექტემბრიდან დეპარტამენტს დაემატა ონკოლოგიური მიმართულება, სადაც მკურნალობენ 0-დან 20 წლამდე ასაკის სოლიდური სიმივნეებით დაავადებული პაციენტები. ისინი უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებისათვის აუცილებელი ყველა რესურსით.
დიაგნოსტიკის პროცესში ჩართულია გერმანიის ქ.კილის ლაბორატორია, რომელიც ყველა
რთულ შემთხვევას შეისწავლის დადებული მემორანდუმის საფუძველზე, პაციენტისთვის დამატებითი ხარჯების გარეშე.