17 იანვარსც საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ გაიხსნა. ბავშვთა ჰოსპისი ოჯახური ტიპის დაწესებულებაა, სადაც პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. მომსახურება უფასო იქნება.
ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, მუშაობას გააგრძელებს შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე ერთი წელია არსებობს და ამ ეტაპზე 26 ბავშვს ემსახურება.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პირველი ფინანსური შენატანით და პრეზიდენტის ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ, ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეების და ბიზნესკომპანიების სახით. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ბავშვთა ჰოსპისის პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტის და მოქალაქეების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიცია არის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი.
თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს საუკეთესო ჰოსპისების სტანდარტს შეესაბამება როგორც ფუნქციურად, ისე არქიტექტურულად. პროფესიონალი და მზრუნველი პერსონალის გარდა, დიდი დატვირთვა აქვს გარემოს -ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრებას ჰოსპისში.