
რა არის ჩიყვი და როგორ ამოვიცნოთ ის?
ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ეს საკმაოდ გავრცელებული ენდოკრინოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ჩიყვის დროს შეიძლება გადიდდეს მთელი ჯირკვალი ან მასში გაჩნდეს ერთი ან რამდენიმე კვანძი.
ყოველდღიურ მეტყველებაში „ჩიყვს“ ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერ პრობლემას უწოდებენ, მათ შორის ჰორმონების დარღვევას (ჰიპოთირეოზს ან ჰიპერთირეოზს), ჰაშიმოტოს დაავადებას ან კვანძებს. სამედიცინო თვალსაზრისით კი ჩიყვი მხოლოდ ჯირკვლის გადიდებას ნიშნავს და ის შეიძლება ჰორმონების ნორმალური, მომატებული ან დაქვეითებული დონის ფონზე განვითარდეს. ამ სტატიაში განვიხილავთ როგორც ჩიყვს, ისე ფარისებრი ჯირკვლის იმ დაავადებებს, რომლებსაც ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ.
ჩიყვს, როგორც წესი, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დამრღვევი დაავადებები ან ფაქტორები, რომლებიც ჯირკვლის ზრდაზე მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა კვლევებია საჭირო, რათა ჩიყვი დროულად გამოვლინდეს და სწორად ვმართოთ.
როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი და რატომ დიდდება ის?
ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა, რომელიც კისრის წინა ნაწილში მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას, სხეულის ტემპერატურასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებს არეგულირებს. ჯირკვლის მუშაობას თავის ტვინში მდებარე ჰიპოფიზი აკონტროლებს თირეოტროპული ჰორმონის (TSH) მეშვეობით. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ნაკლებ ჰორმონს გამოიმუშავებს, TSH-ის დონე იზრდება, რათა ჯირკვალმა უფრო აქტიურად იმუშაოს. ხანგრძლივი სტიმულაციის შედეგად ჯირკვალი შეიძლება გადიდდეს და განვითარდეს ჩიყვი. ჩიყვი სხვა მექანიზმითაც ვითარდება: მაგალითად, გრეივსის დაავადებისას ჯირკვალს ანტისხეულები ასტიმულირებს, კვანძოვანი ჩიყვის დროს კი ჯირკვლის ცალკეული უბნები იზრდება.
რატომ შეიძლება ჩიყვი შეუმჩნეველი დარჩეს?

გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და აჩქარებული ცხოვრების ტემპის გამო ექიმთან ვიზიტს ხშირად ვდებთ. სწორედ ასეთ დროს შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები.
ჩიყვი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯირკვალი მცირედ არის გადიდებული და მისი ფუნქცია დარღვეული არ არის. ასეთ შემთხვევაში ის ხშირად რუტინული შემოწმებისას ან სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევის დროს შემთხვევით ვლინდება (მაგალითად, ულტრაბგერითი კვლევით, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით).
ჩიყვის სახეები
ჩიყვი კლასიფიცირდება როგორც ჯირკვლის გადიდების ხასიათის, ისე მისი ჰორმონული ფუნქციის მიხედვით. გადიდების ხასიათის მიხედვით ჩიყვი შეიძლება იყოს:
- დიფუზიური – ჯირკვალი მთლიანად და თანაბრად არის გადიდებული, კვანძების გარეშე. ჰორმონების ნორმალური დონისას მას მარტივ ჩიყვსაც უწოდებენ.
- კვანძოვანი – ფარისებრ ჯირკვალში ჩნდება კვანძი, ანუ ცალკეული წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება იყოს მყარი ან სითხით სავსე (კისტა). ამის გამო ჯირკვალი არათანაბრად დიდდება.
- მრავალკვანძოვანი – ფარისებრ ჯირკვალში რამდენიმე კვანძი აღინიშნება.
ჰორმონული ფუნქციის მიხედვით ჩიყვი შეიძლება იყოს:
- ტოქსიკური – ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია და ჰორმონებს ჭარბად გამოიმუშავებს (ჰიპერთირეოზი). მისი ყველაზე ხშირი მიზეზებია გრეივსის დაავადება (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი) და ტოქსიკური კვანძები.
- არატოქსიკური – ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მაგრამ ჰორმონების დონე ნორმის ფარგლებშია (ეუთირეოიდული მდგომარეობა), ანუ არც ჰიპერთირეოზი აღინიშნება და არც ჰიპოთირეოზი.
- ჩიყვი ჰიპოთირეოზის ფონზე – ჯირკვალი გადიდებულია, ჰორმონების დონე კი დაქვეითებულია. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ჰაშიმოტოს დაავადების ან იოდის მკვეთრი დეფიციტის დროს.
- ცალკე გამოიყოფა ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი, რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე კვანძი ჰორმონებს ჭარბად გამოიმუშავებს. ის უფრო ხშირია ხანდაზმულ ასაკში.
- ენდემური ჩიყვი იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვია, რომელიც იმ რეგიონებში გვხვდება, სადაც საკვები და წყალი იოდით ღარიბია.
ჩიყვის სიმპტომები და ნიშნები: როგორ ამოვიცნოთ

ჩიყვის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის გადიდებული ჯირკვალი და დარღვეულია თუ არა მისი ფუნქცია. ამიტომ ისინი შეიძლება საკმაოდ მრავალფეროვანი იყოს. თუ მსგავს სიმპტომებს შენიშნავთ, თავდაპირველად, უმჯობესია, ოჯახის ექიმთან ვიზიტი.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზის) სიმპტომებია:
- დაღლილობა
- სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- მომატებული ძილიანობა
- კანის სიმშრალე
- თმის ცვენა
- წონის მატება
- ყაბზობა
- გულისცემის შენელება
- კუნთების სისუსტე
- მეხსიერების ან კონცენტრაციის პრობლემები
ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ფუნქციის (ჰიპერთირეოზის) სიმპტომები, მაგალითად, ტოქსიკური ჩიყვის ან გრეივსის დაავადების დროს:
- წონის კლება მომატებული მადის მიუხედავად
- გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია) ან გულის რიტმის დარღვევა
- სიცხის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ჭარბი ოფლიანობა
- ხელების კანკალი (ტრემორი)
- გაღიზიანებადობა და ნერვიულობა
- კუნთების სისუსტე
- ხშირი დეფეკაცია
- მენსტრუალური ციკლის ცვლილებები
- ძილის გაძნელება (უძილობა)
- მაღალი არტერიული წნევა
- თვალების გამოზნექა, სიმშრალე ან გაღიზიანება (გრეივსის დაავადებისას)
ჩიყვის ან დიდი კვანძის ადგილობრივი ნიშნები შეიძლება იყოს:
- კისრის წინა ნაწილის შესამჩნევი გადიდება ან შესიება
- კისერში „ბურთის“ ან ზეწოლის შეგრძნება
- ყლაპვის გაძნელება ან დისკომფორტი ყლაპვისას
- ყელში უცხო სხეულის შეგრძნება
- ხმის ჩახლეჩა (თუ ჯირკვალი ან კვანძი ზეწოლას ახდენს ხორხის ნერვზე)
- სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით დიდი ჩიყვის დროს
- კისრის დისკომფორტი ან, იშვიათად, ტკივილი
ჩიყვის სხვა ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, შეიცვალა თუ არა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, რამდენად სწრაფად იზრდება ჩიყვი და ახდენს თუ არა ის ზეწოლას სასუნთქ გზებზე, საყლაპავზე ან სხვა მიმდებარე სტრუქტურებზე. მცირე კვანძები უმეტესად არანაირ სიმპტომს არ იწვევს. თუ ფარისებრი ჯირკვალი იმდენად გადიდდა, რომ სუნთქვას ან ყლაპვას აძნელებს, ექიმმა შესაძლოა ქირურგიული მკურნალობა გირჩიოთ. კისერზე სწრაფად მზარდი წარმონაქმნი, ხმის ხანგრძლივი ჩახლეჩა ან სუნთქვის გაძნელება ექიმთან დაუყოვნებლივი ვიზიტის მიზეზია.
დაჯავშნე ექიმთან ვიზიტი ონლაინ→
ჩიყვის მკურნალობა და დაავადების მართვა

ჩიყვის უმეტესობა კარგად იმართება, ზოგ შემთხვევაში კი ის თავისითაც შეიძლება შემცირდეს.
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ჯირკვლის ზომაზე, სიმპტომებზე, ჰორმონების დონეზე, კვანძების თავისებურებებსა და ჩიყვის გამომწვევ მიზეზზე.
ჩიყვის მართვის ძირითადი მეთოდებია:
დაკვირვება: თუ ჩიყვი მცირე ზომისაა, ჰორმონები ნორმაშია და კვანძები საეჭვო არ არის, მკურნალობა შესაძლოა საჭირო არ გახდეს. ასეთ შემთხვევაში ექიმი მდგომარეობას პერიოდული ულტრაბგერითი კვლევითა და ანალიზებით აკონტროლებს.
მედიკამენტური მკურნალობა: ინიშნება ჰორმონული დარღვევის დროს. ჰიპოთირეოზისას ექიმი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით ჩანაცვლებით თერაპიას ნიშნავს, ჰიპერთირეოზისას კი მედიკამენტებს, რომლებიც ჰორმონების ჭარბ გამომუშავებას ამცირებს. მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა მდგომარეობის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული და რეგულარული ანალიზებით კონტროლდება.
რადიოაქტიური იოდით მკურნალობა: გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ფუნქციის დროს, ზოგჯერ კი დიდი ზომის ჩიყვის შესამცირებლადაც. პაციენტი იღებს რადიოაქტიურ იოდს, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში გროვდება და აქტიური ქსოვილის ნაწილს ანადგურებს, რის შედეგადაც ჯირკვალი ზომაში მცირდება. ეს მეთოდი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება. მკურნალობის შემდეგ ხშირად ვითარდება ჰიპოთირეოზი, რომელიც ჰორმონის მიღებით კომპენსირდება.
ქირურგიული მკურნალობა: ოპერაციას მიმართავენ, როდესაც ჩიყვი დიდი ზომისაა და სუნთქვას ან ყლაპვას აძნელებს, ასევე საეჭვო ან ავთვისებიანი კვანძის, ზოგჯერ კი ტოქსიკური ჩიყვის დროს. ოპერაციის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ხანგრძლივი მიღება.
ზოგიერთი ჩიყვი, მაგალითად, არატოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ დონეს არ ცვლის. ასეთ შემთხვევებში, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, სპეციფიკური მკურნალობა ხშირად საჭირო არ არის. თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მომავალში შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი.
ჩიყვის მიზეზის მიუხედავად, დიაგნოზის დასმის შემდეგ მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგთან რეგულარული, როგორც წესი, ყოველწლიური მონიტორინგი. ვიზიტების სიხშირეს ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
იკურნება თუ არა ჩიყვი?
იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვი იოდის საკმარისი მიღების შემდეგ შეიძლება შემცირდეს, განსაკუთრებით ბავშვებში და დაავადების ადრეულ ეტაპზე. თირეოიდიტით გამოწვეული ჩიყვი ხშირად დროებითია. ხანგრძლივად არსებული კვანძოვანი ან მრავალკვანძოვანი ჩიყვი თავისით იშვიათად ქრება, თუმცა ის, როგორც წესი, კარგად იმართება დაკვირვებით, მედიკამენტებით, რადიოაქტიური იოდით ან ოპერაციით. თუ ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.
ჩიყვის ნორმა: ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ზომა და TSH
„ჩიყვის ნორმა“ პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით ფასდება ფარისებრი ჯირკვლის ზომა, სტრუქტურა და ჰორმონების დონე. ულტრაბგერითი კვლევით ზრდასრულებში ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მოცულობა ქალებში დაახლოებით 18 მლ-მდეა, მამაკაცებში კი 25 მლ-მდე. ამაზე დიდი მოცულობა ჩიყვად ფასდება. ჰორმონებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია TSH, რომლის ნორმა ზრდასრულებში, როგორც წესი, დაახლოებით 0.4–4.0 mIU/L-ის ფარგლებშია. ნორმის ზუსტი ზღვრები ლაბორატორიის მიხედვით განსხვავდება, ორსულობისას კი სხვა ნორმები გამოიყენება, ამიტომ შედეგი ექიმმა უნდა შეაფასოს. ჩიყვი ქალებში რამდენჯერმე უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
ლაბორატორიული მომსახურების მიღება “ევექსის” კლინიკებში შეგიძლიათ.
თუ ანალიზის ან ულტრაბგერითი კვლევის შედეგი ნორმიდან გადახრილია, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
შესაძლებელია თუ არა ჩიყვის პრევენცია და რა როლი აქვს კვებას?

როგორც აღვნიშნეთ, ჩიყვის რამდენიმე ტიპი არსებობს. მათგან პრევენცია ყველაზე მეტად შესაძლებელია იოდის დეფიციტით გამოწვეული (ენდემური) ჩიყვის შემთხვევაში.
ამ დროს კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს. იოდით მდიდარი საკვების მიღება, მათ შორის ზღვის თევზისა და ზღვის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, ასევე იოდიზებული სუფრის მარილის ზომიერი რაოდენობით გამოყენება, ხელს უწყობს იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის პრევენციას. იოდის დანამატები ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ, რადგან იოდის სიჭარბემაც შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. იოდზე მოთხოვნილება იზრდება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
იოდის გარდა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზსა და რეგულაციაზე გავლენას ახდენს სხვა მიკროელემენტებიც, მაგალითად, სელენი, რკინა და თუთია. მათმა დეფიციტმა ან ჭარბმა მიღებამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე იმოქმედოს. კვების როლი ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებებისა და კიბოს განვითარებაში ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველდღიური კვება იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი. ეს ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ჩიყვის გამომწვევი მიზეზები
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ან ფუნქციის დარღვევა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მსოფლიოში ჩიყვის ყველაზე ხშირი მიზეზი იოდის დეფიციტია. თუ ადამიანი საკვებიდან საკმარის იოდს ვერ იღებს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავება მცირდება. ამის საპასუხოდ ჰიპოფიზი TSH-ის გამოყოფას ზრდის და ფარისებრ ჯირკვალს უფრო აქტიური მუშაობისკენ უბიძგებს, რაც მის გადიდებას იწვევს.
ჩიყვის კიდევ ერთი ხშირი მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის კვანძებია. კვანძის დროს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები ჭარბად მრავლდება და წარმოიქმნება ცალკეული წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება იყოს მყარი ან სითხით სავსე. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე კვანძი (მრავალკვანძოვანი ჩიყვი). მათი წარმოქმნის ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გენეტიკას, იოდის ნაკლებობას, ასაკსა და გარემო ფაქტორებს.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დიდი უმეტესობა (დაახლოებით 90–95%) კეთილთვისებიანია. ჩიყვი შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებებმაც, მაგალითად, ჰაშიმოტოს დაავადებამ (აუტოიმუნური თირეოიდიტი), გრეივსის დაავადებამ, ქვემწვავე ან მშობიარობის შემდგომმა თირეოიდიტმა. იშვიათად ჩიყვის მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის კიბოა.
ვის შეიძლება განუვითარდეს ჩიყვი: რისკის ფაქტორები
ჩიყვი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ჩიყვის რისკს ზრდის როგორც იოდის დეფიციტი, რომელიც საკვებიდან იოდის არასაკმარისი მიღებით ვითარდება, ისე იოდის ჭარბი მიღება.
ჩიყვი გაცილებით ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. რისკი განსაკუთრებით იზრდება ორსულობისას და მენოპაუზის შემდეგ.
გარდა ამისა, ჩიყვის რისკი ასაკთან ერთად იზრდება და უფრო ხშირია 40 წლის შემდეგ. დიდ როლს თამაშობს ოჯახური ანამნეზიც: თუ ოჯახის წევრებს ჰქონდათ ჩიყვი ან ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებები, ჩიყვის განვითარების რისკიც იზრდება. რისკს ზრდის კისრის მიდამოს სხივური თერაპია და მოწევაც.
ჩიყვი და ორსულობა: როგორ მოქმედებს ორსულობა ფარისებრ ჯირკვალზე?

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ორსულობისას საკმაოდ ხშირია. ორსულობის დროს ჰორმონული ცვლილებების გამო ფარისებრი ჯირკვალი უფრო აქტიურად მუშაობს, იოდზე მოთხოვნილება კი იზრდება, რადგან იოდი ნაყოფის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვისაც აუცილებელია. ამის გამო ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება ოდნავ გადიდდეს ან დაირღვეს მისი ფუნქცია. ორსულობისას ჰორმონების ნორმები განსხვავდება, ამიტომ ანალიზების შედეგები ექიმმა უნდა შეაფასოს. თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ და ორსულობას გეგმავთ, წინასწარ მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
შეუძლია თუ არა სტრესს ჩიყვის გამოწვევა?
სტრესი თავისთავად ჩიყვს, როგორც წესი, არ იწვევს. თუმცა მან შეიძლება ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების, მაგალითად, გრეივსის დაავადების გამოვლენას ან გამწვავებას, ეს დაავადებები კი შეიძლება ჩიყვის მიზეზი გახდეს.
ჩიყვის შესაძლო გართულებები
მცირე ზომის ჩიყვი ხშირად გართულებებს არ იწვევს და შეიძლება მხოლოდ ესთეტიკური ან ფსიქოლოგიური დისკომფორტი შექმნას. თუ ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვნად არის გადიდებული, მან შეიძლება ზეწოლა მოახდინოს სასულესა და საყლაპავზე და გააძნელოს სუნთქვა ან ყლაპვა. გართულებები შეიძლება ჰორმონულმა დარღვევამაც გამოიწვიოს: მაგალითად, ჰიპერთირეოზი ზრდის გულის რიტმის დარღვევისა და ოსტეოპოროზის რისკს, ხოლო უმკურნალებელი ჰიპოთირეოზი ქოლესტერინის მომატებასა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩიყვის მიზეზის დადგენა და რეგულარული მონიტორინგი.
როგორ დავადგინოთ, გვაქვს თუ არა ჩიყვი: ანალიზები და კვლევები

ჩიყვი ხშირად ექიმთან რუტინული ვიზიტისას ვლინდება. ზოგჯერ გადიდებული ჯირკვალი თვალითაც შესამჩნევია ან ექიმი მას კისრის პალპაციით (ხელით გასინჯვით) აღმოაჩენს. დიაგნოზის დასადასტურებლად და მიზეზის დასადგენად ენდოკრინოლოგი სისხლის ანალიზებსა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევას ნიშნავს.
ულტრაბგერითი კვლევით ფასდება ფარისებრი ჯირკვლის ფორმა, ზომა და სტრუქტურა, ასევე კვანძების რაოდენობა, ზომა და თავისებურებები.
ულტრაბგერით კვლევას ატარებს რადიოლოგი (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმი), რომელიც აღწერს ჯირკვლის ზომასა და კვანძების მახასიათებლებს. კვანძის რისკის შესაფასებლად ხშირად გამოიყენება TI-RADS სისტემა. კვლევის შედეგს და შემდგომ ტაქტიკას ენდოკრინოლოგი აფასებს.
ე.წ. „ჩიყვის ანალიზი“ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრას გულისხმობს: უპირველესად TSH-ის (თირეოტროპული ჰორმონი), ასევე თავისუფალი თიროქსინის (T4) და, საჭიროების შემთხვევაში, ტრიიოდთირონინის (T3). აუტოიმუნური დაავადების ეჭვისას ენდოკრინოლოგმა შეიძლება ანტისხეულების ანალიზიც დანიშნოს: ჰაშიმოტოს დაავადების დროს, როგორც წესი, ანტი-TPO და ანტი-TG ანტისხეულების, ხოლო გრეივსის დაავადების დროს TSH-ის რეცეპტორის ანტისხეულების (TRAb).
საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბიოფსია, რომლითაც მოწმდება, შეიცავს თუ არა კვანძი ავთვისებიან უჯრედებს. წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის დროს ულტრაბგერითი კონტროლით ძალიან თხელი ნემსით კვანძიდან უჯრედების ან სითხის მცირე ნიმუშს იღებენ. პროცედურა ხანმოკლეა და, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ჰიპერთირეოზის დროს შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიაც დაინიშნოს.
ჩიყვის ანალიზების ფასი კვლევის სახეზეა დამოკიდებული. „ევექსის“ კლინიკები სხვადასხვა ასაკის პაციენტებს მრავალფეროვან შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. „ევექსში“ მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, კერძო დაზღვევები, პერიოდული აქციები და ფასდაკლებები აუცილებელ გამოკვლევებზე. თუ კერძო დაზღვევა არ გაქვთ, საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში ლაბორატორიულ ანალიზებს აფინანსებს, პროგრამის პირობების შესაბამისად.
ჩიყვისა და მასთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგთან დროული ვიზიტი. თუ დიაგნოზი უკვე დასმულია, ექიმთან რეგულარული ვიზიტი, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ მაინც, რეკომენდებულია, რათა ექიმმა მდგომარეობა აკონტროლოს. ახალი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში კი ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ. ენდოკრინოლოგის მომსახურება „ევექსის“ კლინიკებში ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
თუ კისრის წინა ნაწილში კვანძს ან შესამჩნევ ბურთისებრ წარმონაქმნს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სპეციალისტი დაადგენს, ჩიყვია თუ არა ეს და რა იწვევს მას, ასევე დაგეხმარებათ საჭირო კვლევების ჩატარებასა და მკურნალობის დაგეგმვაში.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაქვთ, კვლევების ჩატარებამდე შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც „ევექსის“ ნებისმიერ კლინიკაში ხელმისაწვდომია. ოჯახის ექიმი დაგეხმარებათ, ჩაიტაროთ ზუსტად ის კვლევები, რომლებიც გჭირდებათ. ამასთანავე, „ევექსის“ კლინიკებში შეგიძლიათ მიიღოთ ლაბორატორიული მომსახურება, ხოლო სისხლის აღება ბინაზე გამოძახებითაც არის შესაძლებელი.
პერიოდული შემოწმება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ადრეული გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. „ევექსის“ კლინიკათა ქსელში დაგხვდებათ გამოცდილი ენდოკრინოლოგები, რომლებიც სწორი და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში დაგეხმარებიან. ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა „ევექსის“ სასურველ კლინიკაში ონლაინ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს შეგიძლიათ.

