ძირითადი ორთოპედიული პრობლემები ბავშვებში

Tips

რა ძირითადი ოთოპედიული პრობლემები ვლინდება ბავშვთა ასაკში? 

ამ თემაზე ევექსი კლინიკების ექიმი-ორთოპედი გელა ბაჯელიძე საუბრობს. მას 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, მათ შორის 2 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დუპონისა და ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალში მუშაობდა. ორთოპედიულ განყოფილებაში მუშაობდა ჰონგ კონგშიც, დედოფალ მერის ჰოსპიტალში, ასევე ნამუშევარი აქვს შვეიცარიისა და თურქეთის წამყვანი კლინიკების ორთოპედიულ განყოფილებებში. 

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია 
მენჯ-ბარძაყის დისპლაზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული პრობლემაა. ის საკმაოდ ხშირია ქართულ პოპულაციაშიც. სამწუხაროდ ბოლო წლებში საქართველოში მაშტაბური სკრინიგი არ ჩატარებულა და სავარადოდ 100-დან 3-4 ბავშვი თანდაყოლილი დისპლაზიით იბადება. 
მენჯ-ბარძყის დისპლაზია არის მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარების შეფერხება, რომელიც იწყება მუცლად ყოფნის პერიოდადან. მას მულტიფაქტორული მიზეზები აქვს. დისპლაზიის რისკი მაღალია პირველშობილ ბავშვებში, იმ ახალშობილებში, რომლებიც მუცლად ჯდომითი პოზიციით იყვნენ. ასევე, რისკ-ფაქტორია სანაყოფე წყლების ნაკლებობა (ე.წ. ოლიგოჰიდრამნიონი), რადგან ასეთ შემთხვევაში, ნაყოფს არ აქვს საკმარისი სამოძრაო სივრცე და ხდება სახსრის განვითარების შეფერხება. 
მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დასადგენად 3 თვემდე ასაკის ჩვილებში სახსრის ექოსკოპიის გაკეთებაა რეკომენდებული, 4 თვიდან კი რენტგენოლოგიური დიაგნოსტირება ხდება საჭირო. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დიაგნოსტირება გვიანი არასდროს არ არის, თუმცა რაც უფრო ადრეულ პერიოდში მოხდება კვლევა, მკურნალობა იქნება უფრო მარტივი და ხანმოკლე. 

მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება შემდეგ ნიშნებს: 

  •  სახსარში განზიდვის შეზღდვა.
  •  კიდურის სიმოკლე.
  •  ნაოჭების ასიმეტრია.


მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის მკურნალობა 6 თვემდე ბავშვებში განმბჯენითა და თასმებით ხდება, 6 თვის შემდეგ კი თაბაშირით ხდება ქვედა კიდურების სპეციალურ პოზიციაში დაფიქსირება. 
მენჯ-ბარძაყის დროული სკრინინგი მნიშვნელოვანია, რადგან მაშინ, როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, ამ პრობლემის მკურნალობა აღარ არის მარტივი და ძირითადა საჭირო ხდება ხოლმე ოპერაციული ჩარევა. 

რაც შეეხება ტერფმრუდობას, როგორ ხდება მისი დადგენა? 

ტერფმურუდობაც ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი დადგენა ბავშვის დაბადებისთანავე ხდება, რადგან ვიზუალურად საკმაოდ თვალსაჩინოდაა გამოხატული. ტერფმრუდობის მკურნალობა დაბადების პირველივე კვირიდან არის სასურველი. არსებობს თანამედროვე „ფონსეტის მეთოდი“ რომელიც ტერფზე ეტაპობრივად თაბაშირის ნახვევების დადებას და მის ნელ-ნელა კორექციას გულისხმობს. რაც უფრო ადრეულ პერიოდში მოხდება “ფონსეტის მეთოდის” გამოყენება, ტერფები კორექცია ხორცილედება უფრო მარტივად და სწრაფად. 

აქვე ვისაუბროთ ბრტყელტერფიანობაზეც - ორთოპედთან ვიზიტით რა დარღვევა შეიძლება დადგინდეს ასეთ შემთხვევაში?

ბრტყელტერფიანობა არსებობს 2 სახის : ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ორთოპედთან ვიზიტის დროს ხდება მისი განსაზღვრა. ხშირია ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობა, რომელიც ძირითადად მკურნალობას არ საჭიროებს. პათოლოგიური ბრტყელტერფიანობა იშვიათია და მას ძირითადად ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება. 
აღსანიშნავია ისიც, რომ ფიზიოლოგიური ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში მასაჟები, სუპინატორიანი ფეხსაცმელები და სხვა დამატებითი ჩარევა საჭირო არ არის და ორთოპედთან კვალიფიციური კონსულტაციის გავლით თავიდან შეიძლება აცილებული იქნეს სრულიად ზედმეტი, არამოზნობრივი ფინანსური დანახარჯები. 
ტერფის და ფეხის თითების რენტგენოლოგიური გამოკვლევაც მნიშვნელოვანია ბავშვებში, რადგან მისი საშუალებით დგინდება ტერფის ძვლების განვითარების სხვადასხვა ანომალიები და პათოლოგიური ბრტყელტერფიანობები. 

რა ასაკშია აუცილებელი სქოლიოზის სკრინინგი? 

სქოლიოზიც ფართოდ გავრცელებულია და მისი სკრინინგი ინტენსიური ზრდის პერიოდში 10-11 წლის ასაკიდან აუცილებელია, რადგან დეფორმაციების 80%-ზე მეტი სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. 
მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოზარდის ზურგს და თუკი შენიშნავს ასიმეტრიებს ბეჭის და მხრების არეში, კუნთების არათანაბარ განვითარებას, აუცილებლად უნდა მიმართოს ორთოპედს. 

სიმძიმის მიხედვით სქოლიოზები იყოფა 3 ჯგუფად: 

  • მსუბუქი ხარისხის (10 - 25 გრადუსი) - რომლის დროსაც მიზანშეწონილია ზურგის კუნთების გამაგრება, ვარჯიში, ცურვა, მასაჟი. 
  • საშუალო ხარისხის (25-45 გრადუსი) - როდესაც დგება ე.წ. „კორსეტის“ ტარების მიზენშეწონილობა. 
  • მაღალი ხარისხი ს (45 გრადუსზე მეტი)- როდესაც საჭიროა ოპერაციული ჩარევა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ორთოპედიული პრობლემები, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ცურვა და რეგულარული ვარჯიში.  ხოლო, იმისათვის, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან საჭიროა ორთოპედთან ვიზიტი 3 თვემდე, ასევე, 1 წლის ასაკში, როდესაც სიარულს იწყებს ბავშვი და ინტენსიური ზრდის პერიოდში - 10 წლის ასაკიდან.
Similar tips