26 ივნისი, 2017

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ პირველადი ჯანდაცვის განვითარების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გამართა

24 ივნისს, სასტუმრო ბილტმორში პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის ფარგლებში გრონინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა, ჰოლანდიელი ლიპიდოლოგმა პიტერ ლანსბერგმა ქართველ ექიმებს გააცნო სიახლეები ლიპიდური ცვლის დარღვევებსა და მათ მართვაზე.

ესტონეთიდან მოწვეულმა, ტარტუს უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის კათედრის პროფესორებმა რუთ კალდამ და ანელი რატსეფმა წაიკითხეს მოხსენება პირველადი ჯანდაცვის ესტონურ მოდელსა და მათი ხედვა ქრონიკული პოლიპროფილური პაციენტის მართვის პროცესში. კონფერენციაზე აგრეთვე გაშუქდა პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: კარდიოვასკულარული სისტემის პათოლოგიები, ანგიოლოგიური პრობლემები, ანტენატალური მეთვალყურეობის განახლებული რეკომენდაციები, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, ონკო-სქრინინგ პროგრამები, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის საკითხები პირველადი რგოლის ექიმებისთვის, აქტუალური პედიატრიული პათოლოგიები, რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სიახლეები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ახალი მიმართულებებიც. საერთაშორისო კონფერენცია აკრედიტებულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ და მონაწილეებს უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულები მიენიჭათ. „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მომავალშიც გეგმავს საგანმანათლებლო აქტივობებს სამედიცინო პერსონალისთვის.

მიმაგრებული დოკუმენტები

მოხსენებები.zip

ევექსის ქსელი

ექიმთან ვიზიტის დანიშვნა