ევექსი კლინიკების იმუნოლოგი ლალი ფირცხალაიშვილის გვპასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით და გასცემს რეკომენდაციებს.
- რატომ არის გრიპის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?
გრიპი, ეს არის რესპირატორული ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხშირი გართულებები და მძიმე ინტოქსიკაციით მიმდინარეობები. ამიტომ, სასურველია, მისგან ვიყოთ დაცულები, მათ შორის, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფები.
გრიპის პროფილაქტიკა ეს არის დაცვა გრიპის ინფექციებისგან და მათი გართულებებისგან. წელს, რადგან გრიპის ეპიდემიას ემატება კოვიდ 19, სიტუაცია უფრო ყურადსაღებია.
- რატომ არის მნიშვნელოვანი პანდემიის ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაცია?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ამ ეტაპზე გრიპის აცრა, რადგან, ორივე ვირუსის ერთად ცირკულირების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება დაავადებების ერთდროულ მიმდინარეობას, ერთდროულად შეხვედრის შემთხვევაში დიდი რისკია, რომ უფრო მეტი გართულებები გამოიწვიოს ამ დაავადებებმა. ამის საპრევენციოდ კი იდეალური გამოსავალია გრიპის ვაქცინაციის ჩატარება.
გრიპიც და COVID 19-იც იძლევა გართულებებს ძირითადად სასუნთქი სისტემის მხრივ და რიგ შემთხვევებში ქრონიკული პათოლოგიების კიდევ უფრო დამძიმებას იწვევს. ამიტომ, სასურველია, რომ ვაქცინით დაიცვას თავი ადამიანმა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პოპულაციაში აიცრას მეტი ინდივიდი, რათა პოპულაცია თავად გახდეს იმუნური.
- რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვაქცინაციის ჩატარება მოხდეს კლინიკაში, მედპერსონალის მიერ?
ვაქცინას აქვს შენახვის და ტრანსპორტიების ტემპერატურული რეჟიმის მოთხოვნა. ტრანსპორტირების და შენახვისას შესაძლოა მოხდეს ამ პუნქტების დარღვევა, რაც იწვევს ვაქცინის კონტამინაციას, გაუვარგისებას.
ასევე, ვაქცინას აქვს ადმინისტრირების, გაკეთების თავისი წესი, დოზები, უნდა გაკეთდეს ის კუნთში თუ კანქვეშ და ა.შ. ამიტომ, უსაფრთხო ვაქცინაციის წესების დაცვა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმართოს მედპერსონალის მიერ.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ვაქცინაციის დროს, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რასაც მედპერსონალი წინასწარ არკვევს ანამნეზის სახით. ალერგიული რეაქციის სამართავად მნიშვნელოვანია პაციენტი იმყოფებოდეს კლინიკაში.
- თუ პაციენტს აქვს კოვიდ19 და არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, უსიმპტომოა და ამ დროს გაკეთდა გრიპის აცრა, რამდენად საშიშია ?
ვაქცინაციამდე ექიმი აუცილებლად სინჯავს პაციენტს, ადგენს მის ანამნეზს და ტემპერატურის ან სხვა ჩივილების შემთხვევაში ვაქცინაცია არ ხდება. თუმცა, თუ ჯერ-ჯერობით არ არის გამოვლენილი რომელიმე დაავადება და ამ პერიოდში მოხდება აცრა, ეს არ ქმნის პრობლემას. რადგან ვაქცინა დაიწყებს ანტისხეულების გამომუშავებას გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.
თუ ორგანიზმში იყო კორონავირუსი, ის ჩვეულებრივ, მომდევნო დღეებში გამოვლინდება. ასეთ შემთხვევაში ვაქცინა არ გაართულებს კორონავირუსს, რადგან სხვა ვირუსულ ინფექციებთან მიმართებით ასეთი შემთხვევები შესწავლილია და გართულების რისკი არ არსებობს.
- თუ პიროვნებას გადატანილი აქვს კოვიდ-19, რამდენად შეიძლება გრიპის ვაქცინის გაკეთება და როდის?
ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადებების დროს ვაქცინაცია ტარდება ავადობის დასრულებისთანავე. ექიმთან კონსულტაციის შედეგად, შესაძლებელია ვაქცინაცია COVID 19-ით გამოჯანმრთელების პირველივე დღიდან.
6. უკვე ზამთარია, ხომ არ არის დაგვიანებული ვაქცინის გაკეთება?
ვაქცინა სასურველია გაკეთდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე და მთელი სეზონის განმავლობაში. საქართველოში გრიპის სეზონი გრძლდება აპრილის ბოლომდე და ახასიათებს 2 ტალღა, შემოდგომის და გაზაფხულის. შესაბამისად, ახლა თუ აიცრება ადამიანი, ვაქცინა სწრაფად გამოიმუშავებს ანტისხეულებს და მთელს სეზონს დაფარავს.